Accessibility links

რუსეთის მხრიდან აფხაზეთისთვის სანქციების გაუქმების გამო საქართველოს პარლამენტმა მიმართვა მოამზადა


საქართველოს პარლამენტის ბიურომ გადაწყვიტა პარლამენტის ხვალინდელ (11 მარტის) სხდომაზე რუსეთის მხრიდან აფხაზეთისთვის სანქციების გაუქმებასთან დაკავშირებით



სპეციალური განცხადება მიიღოს. მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ ოპოზიციას საგარეო პოლიტიკურ საკითხებში ერთიანობისა და განცხადების მომზადებაში მონაწილეობისკენ მოუწოდა. ოპოზიცია კრიტიკულად აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის ამ შეთავაზებას და გამოსავალს მხოლოდ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან გამოსვლაში ხედავს.

რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილებას გააუქმოს აფხაზეთისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციები საქართველოს პარლამენტი სპეციალური განცხადებით გამოეხმაურება. განცხადების პროექტის შესახებ საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე იმსჯელეს. პარლამენტში მიაჩნიათ, რომ რუსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის შეთანხმებებსა და საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევს. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარის შოთა მალაშხიას კომენტარი:

[შოთა მალაშხიას ხმა] ”საერთაშორისო სამართლის ნორმებია დარღვეული და, აქედან გამომდინარე, ირღვევა გაეროს რეზოლუციები. ანუ სამართლებრივი კონსტრუქცია რუსეთის ამ ქმედების შემდეგ ამ კონფლიქტურ ზონასთან დაკავშირებით აბსოლუტურად მოიშალა.”

შოთა მალაშხიას მიერ ნახსენები სამართლებრივი კონსტრუქცია ეყრდნობა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მეთაურთა 1996 წლის 19 იანვრის გადაწყვეტილებას. ამ შეთანხმების სახელწოდებაა: "აფხაზეთში (საქართველო) კონფლიქტის მოწესრიგების ღონისძიებათა შესახებ". მის საფუძველზე აფხაზეთის მიმართ სხვადასხვა სახის შეზღუდვები და სანქციები დაწესდა. ხელშეკრულების კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაწილზე გაამახვილა ყურადღება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გამოსვლისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] ”ეს არის ხელშეკრულება, სადაც არ არის საუბარი მხოლოდ ეკონომიკურ სავაჭრო ურთიერთობებზე. ეს არის ხელშეკრულება, სადაც ლაპარაკია, რომ რუსეთი და სხვა სახელმწიფოები ცნობენ აფხაზეთს, როგორც საქართველოს განუყოფელ ნაწილს.”(სტილი დაცულია)

ამასთან ერთად, დსთ-ს 1996 წლის შეთანხმება მის მონაწილე მხარეებს ვალდებულებას აკისრებს არ დაუშვან აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების სამხედრო დახმარება. რუსეთის მიერ ამ შეთანხმებიდან გამოსვლას ”მცოცავ ანექსიას” უწოდებს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე კოტე გაბაშვილი:

[კოტე გაბაშვილის ხმა] ”სანქციების მოხსნა აფხაზეთისთვის და ამ დღეებში დუმაში დაგეგმილი განხილვა არის ერთი ჯაჭვის ნაწილები, რომელიც, ბუნებრივია, ნიშნავს საქართველოს ტერიტორიის დარღვევას, მცოცავ ანექსიას, მე ვიტყოდი.”(სტილი დაცულია)

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ პარლამენტის მიერ სპეციალური განცხადების მიღებას შედეგი არ მოჰყვება, ამიტომ მის განხილვაში მონაწილეობას არ აპირებენ. ოპოზიციური ფრაქცია ”დემოკრატიული ფრონტის” წევრის დავით ზურაბიშვილის კომენტარი:

[დავით ზურაბიშვილის ხმა] ”არც ერთ ამ დადგენილებას შედეგი არ მოჰყვება და მე ვურჩევდი უმრავლესობის წევრებს დაუბრუნდნენ იმ საკითხს, რომელიც ჩვენმა ფრაქციამ თავის დროზე დააყენა - ეს არის დსთ-დან გამოსვლა.”

”დემოკრატიული ფრონტისგან” განსხვავებით, ახლად შექმნილი ქრისტიან-დემოკრატიული პარტია რუსეთის გადაწყვეტილებას რუსეთის საელჩოსთან მოწყობილი საპროტესტო აქციით გამოეხმაურა. მოგვიანებით ამ აქციის მონაწილეებმაც პარლამენტის წინ მიმდინარე ოპოზიციის ეროვნული საბჭოს საპროტესტო აქციაზე გადაინაცვლეს.
XS
SM
MD
LG