Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა


დღევანდელი ქართული გაზეთები ბევრ საინტერესო

ინტერვიუს აქვეყნებენ. ”მთელი კვირა” კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის კვლევითი განყოფილების ხელმძღვანელს, ფსიქოლოგ გაგა ნიჟარაძეს გაესაუბრა. საუბარი, ძირითადად, კვლევითი ცენტრის მიერ თბილისის მოსახლეობის ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებულ სოციოლოგიურ გამოკითხვას შეეხო. ამ კვლევამ აჩვენა, რომ, თბილისელთა აზრით, ნოემბრის საპროტესტო აქციებზე ხალხი, ძირითადად, ეკონომიკურმა გაჭირვებამ მიიყვანა - ასე ფიქრობს გამოკითხულთა 68 პროცენტი. 46 პროცენტის აზრით კი, პროტესტის მთავარი მიზეზი ქვეყანაში გაბატონებული უსამართლობაა. ამავე გამოკითხვის მიხედვით, თბილისში ყველაზე ავტორიტეტული ფიგურა კათალიკოს-პატრიარქია, მეორე ადგილზე კი, რეიტინგული მაჩვენებლით, გიორგი თარგამაძე გავიდა. კვლევის მიხედვით, სახელისუფლებო გუნდიდან გარკვეულ ნდობას ლადო გურგენიძე და ნინო ბურჯანაძე იმსახურებენ. ”არ ვიცი, იმიჯი აქვს ასეთი, დიალოგისკენ მიდრეკილი ადამიანია თუ რაიმე სხვა მიზეზის გამო... ის, თანაგუნდელებისგან განსხვავებით, ძალიან მკვეთრ შეფასებებს არ აკეთებს”, - ასე ხსნის ნინო ბურჯანაძის შედარებით მაღალ რეიტინგს გაგა ნიჟარაძე და ამატებს: ”ის ასეთად აღიქმება, ხოლო, მე რომ მკითხოთ, მას ნინო მასწავლებლის იმიჯი აქვს.” - სრულად ამ ინტერვიუს დღევანდელ ”მთელ კვირაში” წაიკითხავთ.

”ასავალ-დასავალი” კი აქვეყნებს ინტერვიუს ბიზნესმენ ბორის ბერეზოვსკისთან, რომელიც, ძირითადად, ბადრი პატარკაციშვილს ეხება. ინტერვიუში ბიზნესმენი ამბობს: ”რაც შეეხება საქართველოში ჩემი ჩამოსვლის აკრძალვას, მე უკვე აღარ ვლაპარაკობ, რომ ეს იყო ავკაცობა და მკრეხელობა, ეს გახლდათ, უპირველესად, ქართველი ერის საუკუნოვანი ტრადიციების ხელყოფა საქართველოს მთავრობის და პირადად სააკაშვილის მიერ. მტკიცედ მჯერა, რომ მალე ჩამოვალ საქართველოში, ქედს მოვიხრი ბადრის საფლავთან და რომ ამ ხელისუფლებას არსებობის არანაირი საფუძველი აღარ გააჩნია.”

”სკანდალური ინტერვიუ დევნილ ვალერი გელბახიანთან” - ეს დღევანდელი ”კვირის ქრონიკის” მოწინავე სტატიის სათაურია. ”ბატონო ვალერი, მაინც რა გზამ მიგიყვანათ კოდუამდე?” - კითხულობს ჟურნალისტი. ”თვითონაც მითხრა ბატონმა ბადრიმ და მისმა დაცვამაც დამიდასტურა, რომ შენახული აქვს კადრები ხელისუფლების ყველა პირისა, რომლებიც არაერთხელ ეახლნენ მას სასახლეში. საუბრებიც ჩაწერილია და თანხაც ჩანს, თუ როგორ გადასცემს საჩუქრად” - პასუხობს ვალერი გელბახიანი. ინტერვიუს სრულად დღევანდელ ”კვირის ქრონიკაში” წაიკითხავთ.

”კვირის პალიტრა” კი თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის, განცხადებების შესაფასებლად ექსპერტ რამაზ საყვარელიძეს გაესაუბრა. კითხვას, რაში დასჭირდა ირაკლი ოქრუაშვილს ბიძინა ივანიშვილის ხსენება, რამაზ საყვარელიძე უპასუხებს: ”დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მან ივანიშვილის სახელი, პატარკაციშვილისა არ იყოს, განსაზღვრული პოლიტიკური ფორმულის ასამოქმედებლად ჩართო თავის საუბარში”. ექსპერტი განაგრძობს: ”სკანდალური განცხადება ივანიშვილს უქმნის რთულ მდგომარეობას რუსეთის ხელისუფლებასთან, რომლის დამოკიდებულ;ება ნარინჯისფერ რევოლუციასთან საქვეყნოდ ცნობილია.”
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG