Accessibility links

დღეს გამოსული ქართული გაზეთების მთავარი თემა საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე


დღეს გამოსული ქართული გაზეთების მთავარი თემა საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე შიმშილობის აქცია და მისი მიზნებია.

თუმცა, ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების მრავალპლანიანობის გათვალისწინებით, გაზეთი „24 საათი“ პუბლიკაციაში „ პოლიტიკური არითმია“ შენიშნავს, რომ ხელისუფლებას ერთდროულად ორ ფონტზე უწევს ბრძოლა. გაზეთის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლებას რთულ მდგომარეობაში აყენებს ის გარემოება, რომ ოპოზიციის პროტესტი რუსეთთან ურთიერთობის დაძაბვის ფონზე მიმდინარეობს. გაზეთი „რეზონანსი“ კი იტყობინება, რომ აქციებს, პიკეტირებებსა და შიმშილობას ლეიბორისტები ცალკე განახორციელებენ. „კონკრეტულ სიტუაციაში ვიმოქმედებთ ისე, როგორც საჭირო იქნება და ამას განვაცხადებთ კიდეც. სააკაშვილისთვის მთელი გეგმების გადმოშლას არ ვაპირებთ“, - უთხრა „რეზონანსს“ ლეიბორისტული პარტიის ერთ–ერთმა ლიდერმა, გიორგი გუგავამ.

„რა სკანდალურ განცხადებას გააკეთებს პატარკაციშვილის ქვრივი“, - ამ საკითხით დღეს გაზეთი „ალია“ დაინტერესდა. „ალიას“ წყაროს ცნობით, ხელისუფლებამ პატარკაციშვილის ოჯახი აიძულა, რომ „იმედი“ მას გადასცეს მმართველობაში ხუთი წლით. „პატარკაციშვილის ”სტანდარტ ბანკის” გაყიდვის შემდეგ მისი ბიზნესობიექტების გაყიდვის თემა აქტუალური გახდა, მით უფრო, ტელევიზიის, რომელსაც ხელისუფლება, როგორც ბაღდადიდან მოფრენილი ბუზი თაფლს, ისე დასტრიალებს.” „ალიამ“ არსებული ინფორმაცია ბადრი პატარკაციშვილის დასთან, ნანა პატარკაციშვილთან, გადაამოწმა. ნანა პატარკაციშვილი იტყობინება, რომ ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის, თუ რა ფორმით და კონკრეტულად ვის მმართველობაში გადავა „იმედი.“ მისი აზრით, ბადრი პატარკაციშვილის ქვრივი ხელისუფლებას ტელევიზიას არ გადასცემს.

გაზეთ „ალიას“ ფურცლებზე დღესვე გამოქვეყნდა ვრცელი პუბლიკაცია თემაზე - ”რომელ მინისტრებზე დადებენ კომპრომატებს.“ პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ, ორგანული კანონის თანახმად, მაისში კონტროლის პალატას საპარლამენტო ანგარიშგება უწევს. „ალიას“ კულუარული ინფორმაციით, ეგრეთ წოდებული ზემოდან დაკვეთით, ხელახლა გადაიხედება ზოგიერთი ყოფილი მინისტრის უწყების თემატური და კომპლექსური შემოწმების მასალები. გაზეთი ვარაუდობს, რომ ძირითადი დარტყმები რამდენიმე მინისტრყოფილზე განხორციელდება, კერძოდ, ჯანდაცვის ყოფილ მინისტრ ლადო ჭიპაშვილზე, განათლების ყოფილ მინისტრ კახა ლომაიაზე, ლტოლვილთა და განსახლების ყოფილ მინისტრ გია ხევიაშვილზე, სოფლის მეურნეობის ყოფილ მინისტრ მიხეილ სვიმონიშვილზე, ფინანსთა ყოფილ მინისტრ ლექსო ალექსიშვილზე და კულტურის ყოფილ მინისტრ გოკა გაბაშვილზე.

„ხელისუფლებას აფხაზეთზე ჭკვიანური და მოფიქრებული განცხადება ვერ გაუკეთებია“, უთხრა გაზეთ „ახალ თაობას“ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა ადა მარშანიამ. „ ჩვენი ხელისუფლება „სასწაულ“ განცხადებებს აკეთებს. რა ომი, რის ომი. ძალიან უსუსურად და უბადრუკად გამოვიყურებით. პუტინი კი გაბრაზებული გველაპარაკება. ჩვენ უნდა ვიყოთ გაბრაზებული თუ პუტინი, სამშობლო რომ წაგვართვა? აფხაზეთი რომ წაგვართვა, იქით უნდა ვუტევდეთ ძალიან სერიოზულად, გააზრებულად და ჭკვიანურად და არა ისე, სახელმწიფოებრიობანას რომ თამაშობს ზოგიერთი.”

დღესვე გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ აქვეყნებს საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ მიერ ჩაწერილ ინტერვიუს რუსეთის ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ კვლევათა ინსტიტუტის დირექტორ ვიაჩესლავ იგრუნოვთან. „ მას შემდეგ, რაც საქართველო სამშვიდობოებს კანონგარეშე გამოაცხადებს, რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების ალბათობა გაცილებით გაიზრდება“,– აღნიშნავს იგრუნოვი და აფხაზეთის საკითხის უმტკივნეულოდ გადასაჭრელად ქართულ მხარეს სამ პირობას უყენებს: ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმა, ქვეყნის ფედერალიზაციისათვის ნაბიჯების გადადგმა და მოსკოვთან მოლაპარაკებების დაწყება.
XS
SM
MD
LG