Accessibility links

logo-print

პაკისტანში ხიფათით აღსავსე რეგიონს ახალი ხელმძღვანელი ეყოლება


პაკისტანისა და ავღანეთის საზღვრისპირა რეგიონები თალიბანისა და ალ-ყაიდის აქტიურ სამოქმედო არეალად მიიჩნევა.

ამდენად, ამ რეგიონების მმართველთა ვინაობა და გეგმები ძალიან დიდ მნიშვნელობას იძენს არა მხოლოდ ამ ორი ქვეყნისთვის, არამედ – მთელი მსოფლიოსთვის, რომელიც შეძრულია ექსტრემიზმისა და ტერორიზმის საფრთხით. 37 წლის ამირ ჰაიდერ ხან ჰოტი სულ მალე პაკისტანის ჩრდილო დასავლეთის საზღვრისპირა რეგიონს ჩაუდგება სათავეში. რა გეგმები აქვს მას ამ მეტად მნიშვნელოვან პოსტზე და რა გზებით აპირებს ის ექსტრემისტთა საფრთხის გაუვნებელყოფას?

ხიფათით სავსე პროვინციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ამირ ჰაიდერ ხან ჰოტი პუშტუნი ნაციონალისტების სეკულარულმა "ავამის ეროვნულმა პარტიამ" დაასახელა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ხსენებულმა პარტიამ პაკისტანში 18 თებერვალს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში თავი მეტად დადებითი კუთხით, შედეგიანად წარმოაჩინა. რადიო “თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში ხან ჰოტიმ თქვა, რომ კარგად აცნობიერებს, თუ რა მნიშვნელოვან საქმესთან მოუწევს შერკინება:

(ჰოტის ხმა) "ჩვენ ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, თუმცა ყველაზე დიდი გამოწვევა უსაფრთხოების საკითხს უკავშირდება. სიტუაცია ამ მხრივ ჩვენს პროვინციაში ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე გაუარესდა. ეს პუშტუნებმაც იწვნიეს. ასე რომ, ჩვენი უპირველესი პრიორიტეტი იქნება გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ აღვადგინოთ მშვიდობა და უსაფრთხოება ჩვენს სამშობლოში."

აქვე ვთქვათ, რომ პუშტუნებად მოიხსენიებიან ავღანელები, რომლებიც ავღანეთის ფარგლებს გარეთ - მაგალითად, პაკისტანში - ცხოვრობენ. მათ დღეს მსოფლიოში არცთუ სახარბიელო სახელი აქვთ. ამირ ჰაიდერ ხან ჰოტი პუშტუნთა, როგორც მოძალადეთა და ომის-მოყვარულთა, იმიჯის ნგრევას შეეცდება:

( ჰოტის ხმა) "პუშტუნები მშვიდობიანი ხალხია, მაგრამ, სამწუხაროდ, ისინი ჩათრეული აღმოჩნდნენ უცხოელთა ომში, რომელიც მათ ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ამჟამად ნებისმიერ პუშტუნს თავის სამშობლოში მხოლოდ მშვიდობა და უსაფრთხოება სწყურია."

და კვლავ სამომავლო გეგმებს დავუბრუნდეთ. როგორ აპირებს ახალგაზრდა პუშტუნი პოლიტიკოსი დაამყაროს მშვიდობა რეგიონში, სადაც ხალხი ჯერჯერობით მხოლოდ მოთარეშე ექსტრემიზმისა და ძალადობის შიშით ცხოვრობს? ძალადობასთან დაპირისპირების უპირველეს გზად ხან ჰოტი მშვიდობიან მოლაპარაკებებს მიიჩნევს, დიალოგის გამართვას უხუცესთა ადგილობრივ საბჭოებთან ერთად. ახალგაზრდა პოლიტიკოსი მაინც აპირებს სცადოს მოლაპარაკება თალიბანის დაჯგუფებასთან, მიუხედავად იმისა, რომ პაკისტანის ხელისუფლებას ეს ადრეც არაერთხელ უცდია, თუმცა – უშედეგოდ. შეიარაღებული დაჯგუფებების პრობლემას ვერც 2004-2006 წლებში ხელმოწერილმა სამმა სამშვიდობო ხელშეკრულებამ მოუარა:

(ჰოტის ხმა) "იმ მოლაპარაკებათა წარმართვის პროცესში დაშვებული იყო შეცდომები უხუცესთა საბჭოების მხრიდანაც. ღვთის ნებით, ჩვენ ამ შეცდომებზე ვისწავლით და შევეცდებით აღარ გავიმეოროთ მსგავსი რამ. შევეცდებით ნდობა მოვიპოვოთ ხალხის, უხუცესებისა და სულიერი ლიდერების მხრიდან. და მათთან ერთად შევეცდებით მშვიდობისკენ მოლაპარაკებათა გზით მივიდეთ."

მშვიდობის დამყარება რეგიონში საკმაოდ ძნელი იქნება. თუმცა პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთი საზღვრისპირა რეგიონის მომავალი ლიდერი ხან ჰოტი უკვე ეკონომიკურ და პოლიტიკურ რეფორმებზეც საუბრობს.
XS
SM
MD
LG