Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციის წინააღმდეგობის მიუხედავად, ყველა რაიონს თითო მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლება


საქართველოს პარლამენტმა, ოპოზიციის პროტესტისა და შიმშილობის აქციის მიუხედავად, 11 მარტს მეორე მოსმენით მაინც განიხილა და მიიღო კონსტიტუციური კანონპროექტი,

რომლის თანახმადაც, ქვეყნის უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში 150 მანდატი თანაბრად განაწილდება პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით არჩეულ დეპუტატებს შორის. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ხელისუფლება მაჟორიტარი დეპუტატების წილის გაზრდით მიღწეულ შეთანხმებას არღვევს და მომავალი მოწვევის პარლამენტში მორჩილი უმრავლესობის შექმნას ცდილობს, თუმცა პასუხად საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერები აცხადებენ, რომ თვისებრივად ახალი არაფერი ხდება, რადგანაც, მათი მტკიცებით, უახლოესი ისტორიის მანძილზე ყველა საპარლამენტო არჩევნები მსგავსი სისტემით ჩატარდა.

კონსტიტუციური კანონპრექტი დეპუტატებს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ნიკა გვარამიამ წარუდგინა. მისი თქმით, ცვლილებების მიხედვით, საქართველოს პარლამენტი ოთხი წლითა და შემდეგი კომპოზიციით უნდა აირჩეს:

[ნიკა გვარამიას ხმა] „75 პროპორციული და 75 მაჟორიტარი წევრი. რაც შეეხება ამ ცვლილებების მეორე ნაწილს, შედის ცვლილება 50-ე მუხლის პირველ და მეორე პუნქტებში, ყალიბდება 5 პროცენტიანი ბარიერი, ნაცვლად შვიდპროცენტიანისა, და მეორე ადგილზე გასული პარტია აღარ ფიგურირებს.“

იუსტიციის მინისტრის მიერ წარმოდგენილი კონსტიტუციური ცვლილების მისაღებად, კანონის თანახმად, 157 დეპუტატის ხმა იყოს საჭირო. იმის გათვალისწინებით, რომ ცვლილებას მხარს, საპარლამენტო უმრავლესობის გარდა, მაჟორიტარი დეპუტატების აბსოლუტური უმრავლესობაც უჭერდა, პარლამენტს გადაწყვეტილების მიღება არ გასჭირვებია.

[ნინო ბურჯანაძის ხმა] „კენჭი ეყრება საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებსა და დამატებებს მეორე მოსმენით. გმადლობთ. 159 ხმით გადაწყვეტილება ერთხმად მიღებულია...“

თუმცა, ვიდრე დეპუტატები გადაწყვეტილებას მიიღებდნენ, სხდომათა დარბაზში ცხარე დებატები გაიმართა. ფრაქცია ”ახალი მემარჯვენეების” წევრმა მანანა ნაჭყებიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტსა და მის თავმჯდომარეს კანონით გათვალისწინებული პროცედურების დარღვევის გამო უსაყვედურა:

[მანანა ნაჭყებიას ხმა] „თქვენ ფიქრობთ, რომ პარლამენტის არქიტექტონიკის შეცვლა, როცა კონსტიტუციაში წერია, რომ საქართველოს პარლამენტი შედგება პროპორციული წესით არჩეული 100 და მაჟორიტარული წესით არჩეული 50 წევრისაგან, ეს შენიშვნაა და მეტი არაფერი? ეს არაფერს ცვლის? ამას არ სჭირდებოდა ხელახალი ინიცირება? აწერთ ხელს ამგვარ დასკვნას და, ამავდროულად, ხართ იურისტი?“

თუმცა ოპოზიცია ხელისუფლებას მხოლოდ პროცედურული დარღვევების გამო როდი საყვედურობდა. ფრაქცია „დემოკრატიული ფრონტის“ წევრმა გიგა ბუკიამ ხელისუფლებას ის საფრთხე შეახსენა, რომელიც, მისი თქმით, მმართველი პარტიის ლიდერებს ოპოზიციისა და, შესაბამისად, საზოგადოების ნაწილის ინტერესების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში ემუქრება:

[გიგა ბუკიას ხმა] „თქვენ გვაიძულებთ, უფრო სწორად, აიძულებთ ხალხს, რომ წავიდეს რევოლუციის გზით. ეს იქნება ვარდების თუ ყვავების რევოლუცია, ამას მომავალი გვიჩვენებს. ნუ იზამთ ამას, იმიტომ რომ პასუხისმგებლობა თითოეულ თქვენგანს დაეკისრება.“

ოპოზიციამ ასევე მწვავედ გააკრიტიკა საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი მაჟორიტარი დეპუტატები, თუმცა ამის გამო უმრავლესობის წევრებს საკითხთან დაკავშირებით აზრი არ შეუცვლიათ. განათლებისა და რეგიონალური მართვის კომიტეტების თავმჯდომარეების, ნოდარ გრიგალაშვილისა და პავლე კუბლაშვილის, კომენტარები:

[ნოდარ გრიგალაშვილის ხმა] „ჩვენ ვმსჯელობდით არჩევის წესზე. წესზე გვითხრან, რას ერჩიან ამ წესს? მღვდელი თუ არ ვარგა, ამის გამო ეკლესიას არავინ ანგრევს.“

[პავლე კუბლაშვილის ხმა] „ორჯერ იყო მცდელობა განხილულიყო ეს საკითხი და კენჭი ეყარათ იმ გადაწყვეტილებისთვის, სადაც ცალსახად ეწერა: 100 პროპორციული, 50 მაჟორიტარი. მაგრამ თქვენ არ ინებეთ მაშინ განხილვაში მონაწილეობის მიღება. ამიტომ გადაწყვეტილებას ჩვენ მივიღებთ და ისიც კარგად ვიცით, თუ რა დამოკიდებულებაა ამ საკითხისადმი საზოგადოებაში.“

ხელისუფლებამ ასევე არ გაიზიარა ოპოზიციის განგაში იმის თაობაზე, რომ ცვლილებების მიღებით საფრთხე შეექმნება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

[ნიკა გვარამიას ხმა] „აბსოლუტურად გასაგებად არის ჩამოყალიბებული 49-ე მუხლში, რომ აღნიშნული კომპოზიცია მუშაობს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის მეოთხე მუხლით გათვალისწინებული პირობების შექმნამდე, კერძოდ, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქციის სრულად აღდგენამდე.“

იუსტიციის მინისტრის ამ განმარტებამ ვერ დააკმაყოფილა ვერც პარლამენტის შენობაში მყოფი და ვერც პარლამენტის გარეთ შიმშილობის აქციაში მონაწილე ოპოზიცონერი დეპუტატები, რომლებმაც მხარდამჭერებთან ერთად პარლამენტის შენობას ცოცხალი ჯაჭვი შემოავლეს და ასე გამოხატეს კონსტიტუციური კანონპროექტის მიღებით გამოწვეული რისხვა.

[ზვიად ძიძიგურის და მომიტინგეების ხმები] „ეს პარლამენტი უნდა წავიდეს! ეს მაჟორიტარებიც, რომლებიც მუდმივად მათხოვრულ მდგომარეობაში არიან, უნდა წავიდნენ. წადით! წადით! წადით!“’
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG