Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ადამიანის უფლებათა სფეროში არსებულ ვითარებაზე ანგარიშს აქვეყნებს


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა საანგარიშო მოხსენებები, რომლებიც ასახავს ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში შექმნილ ვითარებას

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. შეერთებული შტატების საგარეო უწყებას კანონი ავალებს, ყოველ წელს წარუდგინოს ასეთი ანგარიშები კონგრესს. თითოეულ ანგარიშს საფუძვლად უდევს კვლევა იმისა, თუ რამდენად იცავენ გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში შესულ, და მაშასადამე საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ ნორმებს - იქნება ეს ინდივიდუალური, სამოქალაქო, პოლიტიკური თუ შრომის უფლებები - ცალკეულ ქვეყნებში. ჩვენი ყურადღება, ბუნებრივია მიიპყრო ანგარიშმა საქართველოს შესახებ - ვრცელმა ანგარიშმა, რომელსაც 50 გვერდზე მეტი ეთმობა. მასზე დავით კაკაბაძე მოგითხრობთ - მოკლე ზოგადი მიმოხილვის შემდეგ.

ვაშინგტონში დღეს გაიმართა პრესკონფერენცია, რომელზეც შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, კონდოლიზა რაისმა და მისი მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ჯონათან ფარარმა ზემოხსენებული ანგარიშები წარმოადგინეს. კრიტიკას, შეიძლება ითქვას, ვერც ერთი ქვეყანა ვერ გადაურჩა - თვით შეერთებული შტატების ჩათვლით, მაგრამ არის მთელი რიგი ქვეყნებისა, რომლებმაც განსაკუთრებით მკაცრი კრიტიკა დაიმსახურეს:

[ჯონათან ფარარის ხმა] "ის ქვეყნები, სადაც ძალაუფლება უკონტროლო მმართველთა ხელშია კონცენტრირებული, ადამიანის უფლებათა ყველაზე სისტემატურ დამრღვევებად რჩებიან. აქ უნდა ვახსენოთ ჩრდილოეთი კორეა, ბირმა, ირანი, ზიმბაბვე, კუბა, ბელორუსია, უზბეკეთი, ერითრეა და სუდანი."

ეს ჩამონათვალი სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ჯონათან ფარარისგან მოისმინეთ. აი, მისი კიდევ ერთი შეფასება:

[ჯონათან ფარარის ხმა] "უხეში დარღვევების კიდევ ერთი მკაფიო მაგალითია რუსეთი, სადაც აღმასრულებელ ხელისუფლებაში ძალაუფლების ცენტრალიზაცია, მორჩილი სახელმწიფო სათათბირო, კორუფცია და კანონის განხორციელების შერჩევითობა, გართულებული წესები არასამთავრობო ორგანიზაციების რეგისტრაციისთვის, მედიისთვის დაწესებული შეზღუდვები კვლავინდებურად ხელს უწყობდა საკუთარი მოქალაქეების წინაშე მთავრობის ანგარიშვალდებულების შესუსტებას."

რაც შეეხება სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს საქართველოს შესახებ, მოკლე ინფორმაციას კონსტიტუციური წყობის შესახებ მოჰყვება ინფორმაცია მოსახლეობაზე, და ბოლო წლების ისტორიის მოკლე მიმოხილვა - გასული წლის ნოემბრის საპროტესტო მოვლენებისა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩათვლით.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ზოგადი შეფასება ასეთია: თუ 2007 წლის მანძილზე ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ ზოგ სფეროში გაუმჯობესება შეინიშნება, არის სფეროები, სადაც მდგომარეობა გაუარესდა - განსაკუთრებით შემოდგომაზე, და რჩება სერიოზული პრობლემები.

ახლა უფრო კონკრეტულად: სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში თავდაპირველად ჩამოთვლილია პრობლემები: სამართალდამცველების მიერ ძალის გადაჭარბებულ გამოყენებას, სულ ცოტა, ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, აღირიცხა დაკავებულთა წამების, მათთან სასტიკი მოპყრობის შემთხვევები. აღინიშნა დამონსტრაციის დასაშლელად ძალის გადაჭარბებული გამოყენება. ანგარიშში გაკრიტიკებულია, ასევე, ციხეებში და წინასწარი დაკავების საკნებში არსებული პირობები, პრობლემებად არის დასახელებული ხელისუფლების ზეწოლა სასამართლოებზე და მასმედიაზე, კორუფცია მაღალი რანგის ოფიციალურ პირთა შორის.

მეორე მხრივ, როგორც ზემოთ ვთქვით, ანგარიშის შემდგენლები მიუთითებენ დადებით დინამიკაზეც: იმაზე, რომ შემოდგომის პოლიტიკურ კრიზისამდე მთავრობამ რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ შექმნილ ვითარების გასაუმჯობესებლად. მაგალითად მოჰყავთ ახალი კანონი, რომელიც კრძალავს მოსამართლეებისა და დაინტერესებული მხარეებს კონტაქტს სასამართლო დარბაზის მიღმა, ქებით იხსენიებენ მოსამართლეების ეთიკის კოდექსის მიღებას, აქებენ, აგრეთვე, მოსამართლეების მომზადების გაუმჯობესებას და ახალ მექანიზმს, რომელიც ითვალისწინებს საზოგადოებაში ტრეფიკინგის მსხვერპლთა რეინტეგრაციას.

საგულისხმოა, რომ საქართველოსადმი მიძღვნილ ამ ანგარიშში სახელმწიფო დეპარტამენტი მკაცრ კრიტიკას გამოთქვამს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებათა მიმართ. კერძოდ იმის გამო, რომ ორივე რეგიონში თვითნებურად აპატიმრებენ და აკავებენ ადამიანებს, აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერები კვლავაც უარს ეუბნებიან მოქალაქეებს არჩევნებსა და პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის უფლებაზე კანონით, რომელიც პირდაპირ აიძულებს ეთნიკურ ქართველებს, უარი თქვან საქართველოს მოქალაქეობაზე, თუ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა სურთ. ანგარიშის შემდგენელთა ინფორმაციით, 2007 წლის მანძილზე ხშირი იყო სეპარატისტულ რეგიონებში ადამიანის უგზო-უკვლოდ დაკარგვისა და გატაცების შემთხვევები.

თითოეული ეს პრობლემა, გაუარესება ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში, აგრეთვე, მიღწეული პროგრესი - კონკრეტული მაგალითებით არის ასახული შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველოზე, რომელსაც მომდევნო დღეებში უთუოდ არაერთხელ დავუბრუნდებით. ბოლოს კი მოვუსმინოთ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის - ხელმძღვანელს, კონდოლიზა რაისს:

[კონდოლიზა რაისის ხმა] "საუკეთესო შემთხვევაშიც კი არ არის იოლი, დემოკრატიული იდეალები ეფექტიან დემოკრატიულ ინსტიტუტებად გარდაქმნა. და მაინც, ათასგვარი სირთულეების მიუხედავად, ადამიანის უფლებათა გაბედული დამცველები ან ნებდებიან. ისინი ძალას მატებენ თავიანთ თანამემამულეებს და ყოველ ჩვენგანს. მაღალი იდეალები, მათ რომ დაუსახავთ, იმედის საფუძველია ყველასთვის, ვინც მშვიდობიანად იღვწის თავისუფლებისთვის, ღირსებისთვის, საკუთარი უფლებებისთვის."
XS
SM
MD
LG