Accessibility links

logo-print

რუსეთის ფედერაციაში საქართველოს ელჩი ეროსი კიწმარიშვილი მოსკოვში ახალი ამოცანებით მიდის


რუსეთის ფედერაციაში საქართველოს ახლად დანიშნული ელჩი ეროსი კიწმარიშვილი მოსკოვში რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების დავალებით

და ახალი ამოცანებით მიდის... რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობაში გამოკვეთილი მორიგი გართულებების მიუხედავად, ის ოპტიმისტურადაა განწყობილი და ფიქრობს, რომ არსებობს გზები და საშუალებები 2 ქვეყანას შორის ურთიერთობის სუფთა ფურცლიდან დასაწყებად...ახალი ელჩი აპირებს იმუშაოს იმ მიმართულებით, რომ რუსებს საქართველოს ახალი და რეალური სახე დაანახვოს, ხოლო თუ როგორ, ამაზე მან 12 მარტს თბილისში, საერთაშორისო სააგენტოში ”ახალი ამბები- საქართველო” გამართულ პრესკონფერენციაზე, ისაუბრა .. მინდა რუსეთში საქართველოს ახლად დანიშნული ელჩის გეგმები გაგაცნოთ.

ეროსი კიწმარიშვილის გეგმები რუსეთში მრავალფეროვანია. ბიზნესიდან დიპლომატიურ სამსახურში ის ისეთი დავალებით მიდის, რომლის შესრულებაც აქამდე არავის გამოუვიდა - ვგულისხმობ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის მოგვარებას. დავალება კიწმარიშვილს პრეზიდენტმა მისცა და როცა ეკითხებით, რას ფიქრობს საკუთარ კარიერაში დამდგარ ახალ და რთულ ეტაპზე, განმარტავს, რომ რუსეთში საქართველოს ელჩობა არ იყო მისი არჩევანი:

[ ეროსი კიწმარიშვილის ხმა] ”ეს იყო პრეზიდენტ სააკაშვილის შემოთავაზება და დავთანხმდი იმიტომ, რომ ეს პრეზიდენტმა სააკაშვილმა მთხოვა. ამავდროულად, დავთანხმდი არა იმიტომ, რომ მე დიდი პროფესიონალი ვარ დიპლომატიაში, არამედ იმიტომ, რომ მე ძალიან მიყვარს რუსეთი.... ”

რუსეთი ძალიან უყვარს და ფიქრობს, რომ რუსებში, განსაკუთრებით უფროს თაობაში, არ დაკარგულა სანაცვლო დადებითი მუხტი ზოგადად ქართველის მიმართ... ეროსი კიწმარიშვილი ამბობს, რომ, როგორც საქართველოს წარმომადგენელი რუსეთში, იმუშავებს საურთიერთო გზების აღდგენასა და, რაც მთავარია, იმაზე, რომ იქ საქართველოს შესახებ სინამდვილის შესაბამისი წარმოდგენა შეიქმნას და ევროპაზე ორიენტირებული, დემოკრატიული და წარმატებული საქართველოს იმიჯი დამკვიდრდეს:

[ეროსი კიწმარიშვილის ხმა] ”რა გზებით? ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი, პირველ რიგში, მედიასთან მიმართებაში. ვფიქრობ, სასურველია ამ თემებთან დაკავშირებით ჩვენი რიტორიკა იყოს აწონილი. ასევე შევეცდები რუსეთის მედიასთანაც მქონდეს მჭიდრო ურთიერთობა. მაქვს იდეა, რუსეთის მედია-ინსტიტუტები რეალურად დავაახლოო ამ პრობლემატიკასთან... ”

პრობლემატიკაში იგულისხმება ყველაფერი, დაწყებული რუსული ემბარგოთი, დამთავრებული კონფლიქტების თემით, რასთან დაკავშირებითაც ვერა და ვერ ხერხდება საერთო ხედვისა და ენის გამონახვა... იგულისხმება რუსეთში იმის გაგების მიღწევაც, რომ საქართველო სუვერენული სახელმწიფოა, რომლის მოსახლეობის უმრავლესობის ნებაა საქართველოს ნატოში ინტეგრაცია, რომ ეს მიზანი არ გულისხმობს რუსეთთან კონფრონტაციას და რომ საქართველოს მოსახლეობის სურვილია ასევე კეთილმეზობლური ურთიერთობა რუსეთთან:

[ ეროსი კიწმარიშვილის ხმა] ” ნებისმიერი ქვეყნის პოზიცია ნატოსკენ საქართველოს სწრაფვის წინააღმდეგ იქნება განწირული საიმისოდ, რომ ის არ იყოს მიღებული და გაზიარებული ჩვენის მხრიდან. ”

ასე ფიქრობს რუსეთში საქართველოს ახლად დანიშნული ელჩი. ნატოში რუსეთის წარმომადგენელი დმიტრი როგოზინი კი აღნიშნავს, რომ ნატოში საქართველოს გაწევრიანება იქნება საქართველოს უკანასკნელი ნაბიჯი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საბოლოოდ დასაკარგავად. ” საქართველოს ეს ორი პროვინცია ნატოში არ შევა”, - განაცხადა როგოზინმა, ხუთშაბათს კი რუსეთის სახელმწიფო სათათბირო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკელების ცნობა-არცნობის საკითხს განიხილავს... საქართველოს ხელისუფლებაში რუსეთის ბოლოდროინდელ ქმედებებზე საპასუხო ნაბიჯებს ამუშავებენ, რუსეთში საქართველოს ახლად დანიშნული ელჩი კი აცხადებს, რომ რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს წრეებში რეალურად არსებობს საქართველოსთან ურთიერთობის მოწესრიგების სურვილი.. მაშინ რას ნიშნავს ამხელა განსხვავება საჯარო განცხადებებსა და ქმედებებს შორის?

[ეროსი კიწმარიშვილის ხმა] ” მე მინდა ჩავთვალო, რომ ეს არის ბოლო რეციდივები დაძაბულობისა და რაღაცა წერტილიდან ჩვენ უკვე შეგვიძლია აქტიურად ვიმუშაოთ მათთან ამ პრობლემების გადაწყვეტაზე.”

”სასურველია რუსეთმა არ გადადგას დესტრუქციული ნაბიჯები, სასურველია რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ არ გადადგას საქართველოს მიმართ აგრესიული ნაბიჯები”, - ამბობს ეროსი კიწმარიშვილი და, თუ ასე მოხდა, თუ რუსეთი არ წავა ურთიერთობის რადიკალიზაციაზე, მისი აზრით, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის მოწესრიგებაში თავის სიტყვას ახალი თაობის რუსული ბიზნესწრეები იტყვიან...
XS
SM
MD
LG