Accessibility links

logo-print

როგორ შეაფასეს საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ საანგარიშო მოხსენებაში მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში - მათ შორის, საქართველოში - ადამიანის უფლებათა დაცვის

სფეროში არსებული მდგომარეობაა აღწერილი. სახელმწიფო დეპარტამენტი ყურადღებას ამახვილებს საქართველოში როგორც ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე, ასევე დადებით ტენდენციებზე. საქართველოში ადამიანის უფლებათა დამცველები სხვადასხვაგვარად გამოეხმაურნენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებას.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვასთან დაკავშირებული პრობლემებია ჩამოთვლილი. ესენია: სამართალდამცველების მიერ ძალის გადაჭარბებული გამოყენება, რასაც, სულ ცოტა, ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა; დაკავებულთა წამების, მათთან სასტიკი მოპყრობის შემთხვევები. ცალკე არის აღნიშნული დემონსტრაციის დასაშლელად ძალის გადაჭარბებული გამოყენების ფაქტი. ანგარიშში გაკრიტიკებულია ასევე ციხეებსა და წინასწარი დაკავების საკნებში არსებული პირობები; პრობლემებად არის დასახელებული ხელისუფლების ზეწოლა სასამართლოებზე, მასმედიაზე და კორუფცია მაღალი რანგის ოფიციალურ პირთა შორის.

ეს უკანასკნელი პრობლემა მხედველობიდან არ გამორჩენია ადამიანის უფლებადამცველ ნანა კაკაბაძეს:

[ნანა კაკაბაძის ხმა] ”ამ მოხსენებაში ერთი თვალსაჩინო რაც არის, ლაპარაკია კორუფციაზე. ეს არის პირველი სიახლე, რომელიც მათ თქვეს და აღიარეს. წინა მოხსენებაში ეს არ ჩანდა და არ იყო. თუმცა არ არის შეფასება, რომ ეს შემაშფოთებელია ამერიკის მთავრობისთვის.”(სტილი დაცულია)

სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებაში ასახულ კრიტიკულ ფაქტებს ეჭვქვეშ არ აყენებს ადამიანის უფლებათა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი უჩა ნანუაშვილი. თუმცა, ნანუაშვილის აზრით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარი ქვეყნის ინტერესებით ხელმძღვანელობს და ანგარიშს უწევს საქართველოს ხელისუფლებას:

[უჩა ნანუაშვილის ხმა] ”ამ შემთხვევაში სახელმწიფო დეპარტამენტი ცდილობს ქვეყანაში განვითარებული მოვლენები ისე ასახოს, რომ მსოფლიოს დაანახვოს, რომ ქვეყანაში არც ისე ცუდად არის საქმე, როგორც წარმოუდგენია ბევრ ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციას. ანუ მას სურს, რომ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებში პოზიტიური ნიშნები დაინახოს. ასეთი ნიშნები, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ არა იმ ფორმით, როგორც აქ არის ასახული.”(სტილი დაცულია)

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის შემდგენლები მიუთითებენ იმ დადებით ცვლილებებზე, რომელიც საქართველოს მთავრობამ შემოდგომის პოლიტიკურ კრიზისამდე განახორციელა ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ შექმნილი ვითარების გასაუმჯობესებლად. მაგალითად მოჰყავთ ახალი კანონი, რომელიც კრძალავს მოსამართლეებისა და დაინტერესებული მხარეების კონტაქტს სასამართლო დარბაზის მიღმა, ქებით იხსენიებენ მოსამართლეების ეთიკის კოდექსის მიღებას, აქებენ, აგრეთვე, მოსამართლეების მომზადების გაუმჯობესებას.

საქართველოს სახალხო დამცველის სოზარ სუბარის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებები ფორმალობად რჩება, რადგან სასამართლოს დამოუკიდებლობის ხარისხი კვლავ დაბალია:

[სოზარ სუბარის ხმა] ”შარშან 2006 წლის მოხსენებაში საუბარი იყო იმაზე, რომ ჯერ კიდევ არსებობს საბჭოთა სტილის სატელეფონო მარლთმსაჯულება. და ამის საპირისპიროდ, რომ, ვთქვათ, ეს კრიტიკა გაგვექარწყლებინა, პარლამენტმა სასწრაფოდ მიიღო კანონი, სადაც წერია, რომ მოსამართლეს ეკრძალება მხარეებთან სატელეფონო საუბარი. ეს არასერიოზული მიდგომაა საქმისადმი. რეალურად ძალიან კარგად ვიცით, რომ არანაირი ტელეფონი არ სჭირდება პროკურორს. წარბით მიანიშნებს მოსამართლეს, რა უნდა გააკეთოს და მოსამართლეც უსიტყვოდ ემორჩილება. ”(სტილი დაცულია)

სოზარ სუბარის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება, ზოგადად, ანგარიშსს უწევს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებებს და 2006 წლის მოხსენების შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში:

[სოზარ სუბარის ხმა] ”კოსმეტიკა არ არის საკმარისი. ის, რომ აშენდა ახალი ციხე, კვება რომ გაუმჯობესდა, ეს ყველაფერი არის კარგი და მისასალმებელი. მაგრამ იმისთვის, რომ ადამიანის უფლებები იყოს დაცული, მთავარია ამ უფლებების დაცვის გარანტი, სასამართლო, იყოს დამოუკიდებელი და ძლიერი.”

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენების თაობაზე მმართველი პოლიტიკური ძალის მოსაზრებების გარკვევა ვერ მოხერხდა, რადგან მისი წარმომადგენლები ამ მოხსსენებას ჯერჯერობით არ გასცნობიან.
XS
SM
MD
LG