Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენად შედეგიანი აღმოჩნდა სოციალური დახმარების სისტემის რეფორმა?


დაახლოებით ორი წელია საქართველოში სოციალური დახმარების ახალი სისტემა მუშაობს. ”სიღატაკის დაძლევის პროგრამამ” სოციალურად დაუცველი ფენების დახმარების ძველი სისტემა შეცვალა.

რეფორმის შედეგად, 110 ათასამდე ოჯახი მინიმუმ 30 ლარიან ფულად დახმარებას იღებს. მიუხედავად სისტემური ცვლილებისა, სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის თითქმის 22 პროცენტი სოციალური დახმარების პროგრამის გარეთ დარჩა.

საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, დაახლოებით 20 პროცენტი, სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს. მათ შორის ყველაზე გაჭირვებულთა, სიღატაკეში მყოფ მოქალაქეთა ფულადი დახმარების გასაწევად დაახლოებით ორი წლის წინ სოციალური დახმარების ძველი სისტემის რეფორმა განხორციელდა. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური რეფორმის შედეგად, ძალიან ბევრი ოჯახის მდგომარეობა გაუმჯობესდა:

[ანდრია ურუშაძის ხმა] ”ის ოჯახები, ვინც მოხვდა ამ პროგრამაში, მათი კვების რაციონი გაუმჯობესდა და მათი უმრავლესობა აღარ არის შიმშილის ზღვრის პირას. პროგრამაში მოხვედრილი ოჯახების რაოდენობა არის მთელი საქართველოს მოსახლეობის 20 პროცენტი, ანუ საკმაოდ დიდ რაოდენობას შეეხო არსებული პროგრამა თავისი მოქმედებით.” (სტილი დაცულია)

იმას, რომ ”სიღატაკის დაძლევის პროგრამამ” მასში რეგისტრირებული მოქალაქეების საკვები რაციონი გააუმჯობესა, ”ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის” ხელმძღვანელი ანი ქათამიძეც ადასტურებს. მისმა ორგანიზაციამ სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარების პროგრამის მონიტორინგი განახორციელა.

[ანი ქათამიძის ხმა] ”ჩვენი კვლევის შედეგად, ბენეფიციარებს, რომლებიც იღებენ ფულად შემწეობას, საკვები რაციონი მნიშვნელოვნად გაუუმჯობესდათ. მათ შეუძლიათ ისეთი პროდუქტების მოხმარება, რომელიც არ შეეძლოთ. ეს შეიძლება ყოფილიყო კვერცხი, რძის პროდუქტები... ცოტა შეიძლება უცნაურია ამ თემაზე საუბარი, მაგრამ ასეთი ოჯახები ცილოვანი შიმშილის წინაშე იდგნენ.” (სტილი დაცულია)

სოციალური დახმარების ძველი სისტემის შესაბამისად, მაგალითად, არაფრისმქონე ორი პენსიონერის ოჯახი სოციალურ დახმარებას ვერ მიიღებდა და თავი მხოლოდ 14 ლარიანი პენსიით უნდა ერჩინა. სამაგიეროდ, ფულად დახმარებას იღებდნენ, მაგალითად, მრავალშვილიანი ოჯახები, იმისდა მიუხედავად, 10 თუ 1000 ლარი იყო მათი ყოველთვიური შემოსავალი.

რეფორმირებული სისტემის წყალობით, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახის მდგომარეობას სოციალური აგენტი აღრიცხავს და სპეციალური ფორმულით მომუშავე კომპიუტერული პროგრამა განსაზღვრავს მოქალაქის სოციალურ მდგომარეობას.

სწორედ ამ გამოთვლით დაგროვილი ქულების შესაბამისად ხდება მოქალაქე პროგრამის მონაწილე ან მის გარეთ რჩება. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ნაწილი ირწმუნება, რომ შეფასების სისტემა არაობიექტურად მუშაობს. აი, რას ამბობს ფულადი დახმარების გარეშე დარჩენილი ქუთაისელი ქალბატონი:

[ქალის ხმა] ”63 ათასი მქონდა ქულა. ეს ქულა რომ არ მაკმაყოფილებდა, საკვებისთვის ფული რომ არ მრჩებოდა, განცხადება დავწერე, რომ გადაემოწმებინათ. მოვიდნენ და ქულა 85 ათასამდე გამიზარდეს. რა კრიტერიუმით შეაფასეს ახლა, როდესაც 2005 წლის შემდეგ აბსოლუტურად არაფერი არ მომატებია და იმის შემდეგ ცხოვრება გაძვირდა - რამდენად, ყველამ იცით.” (სტილი დაცულია)

”ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის” მიერ ჩატარებულმა კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ, ამ ქალბატონების მსგავსად, ”სიღატაკის დაძლევის პროგრამის” გარეთ სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ბევრი მოქლაქე დარჩა. ამის მიზეზებს ”ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის” ხელმძღვანელი ანი ქათამიძე განმარტავს:

[ანი ქათამიძის ხმა] ”დაახლოებით 20-22 პროცენტი გამოკვლეული ერთობლიობისა დარჩა პროგრამის მიღმა. ამის მიზეზი სხვადასხვა იყო. ზოგი იყო არაობიექტური შეფასება, ან რაღაც ფორმულარმა არ იმუშავა, ან იყო ისეთი ტექნიკური მიზეზი, როგორიცაა შესაბამისი დოკუმენტაციისა და საბუთების არქონა.”

”საბუთების არქონაში” ანი ქათამიძე გულისხმობს პირადობის დამადასტურებელი მოწმობის უქონლობას, რის გამოც უამრავი გაჭირვებული საკვებისთვის ან თუნდაც პირადობის მოწმობის დასამზადებლად საჭირო ფულადი დახმარების გარეშე დარჩა.

საქმე ისაა, რომ ის, ვინც ამ პროგრამაში ვერ მოხვდა, ვერც მუნიციპალურ დახმარებას მიიღებს - სწორედ სიღატაკის დაძლევის პროგრამის მონაცემთა ბაზის მიხედვით გაიცემა სხვადასხვა სახის მუნიციპალური დახმარება.

სწორედ ამ მიზეზით თბილისისი მერიის დახმარების გარეშე დარჩა ოთხი შვილის დედა და ხუთი შვილიშვილის ბებია, რომელიც თბილისის ქუჩებში მოწყალებას ითხოვს.

[ქალბატონის ხმა] „მეხმარებოდნენ, განა არ მეხმარებოდნენ, მაგრამ მივედი მერიაში და მითხრეს, აღარ გეკუთვნისო. არანაირ დახმარებას არ მაძლევენ, გეფიცები ადამიანობას.“

ეს ქალბატონი ამბობს, რომ, მოწყალების თხოვნის გარდა, თავის რჩენის სხვა სახსარი არ გააჩნია.

სახელმწიფო მოხელეები ირწმუნებიან, რომ სისტემის დახვეწა რეგულარულად მიმდინარეობს და ყოველდღიურად მონაცემთა ერთიან ბაზაში მოხვედრის მსურველთა ათასობით განცხადებას განიხილავენ. ”ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის” ინფორმაციით, სოციალურად დაუცველი მოქალაქეების გამოვლენის წესები, პირვანდელთან შედარებით, საგრძნობლად დაიხვეწა, თუმცა პრობლემები კვლავაც არის. სიაში ბევრი ისეთი ოჯახი მოხვდა, რომლებიც დახმარებას არ საჭიროებენ. ამას სოციალური სუბსიდიების სააგენტოს ხელმძღვანელი ანდრია ურუშაძეც აღიარებს:

[ანდრია ურუშაძის ხმა] ”ოჯახებს, რომლებსაც ეკუთვნოდათ, მაგრამ ვერ მოხვდნენ სიაში, ამას თავისი მიზეზები აქვს და მეორეა ოჯახები, რომლებსაც ნამდვილად არ ეკუთვნოდათ და მოხვდნენ. ვცდილობთ, რომ ამ შეცდომების რაოდენობა მინიმუმამდე შემცირდეს.” (სტილი დაცულია)

მიუხედავად ამისა, ჯერაც რჩებიან მოქალაქენი, რომლებიც შიმშილის ზღვარზე ცხოვრობენ, სახელმწიფო დახმარების გარეშე. ასევე,მიუხედავად სოციალური დახმარების სისტემის რეფორმირებისა, რომლის განხორციელებისთვისაც გადასახადის გადამხდელთა ათობით მილიონი ლარი დაიხარჯა, თითქმის უცვლელი რჩება სიღატაკის ზღვარს მიღმა მცხოვრებ მოქალაქეთა რიცხვი.
XS
SM
MD
LG