Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოველკვირეული რადიოჟურნალი


წამყვანი: მარიამ ჭიაურელი, პრაღა 738-ე გამოშვება

წამყვანი:
დღეს შევეცდებით გავარკვიოთ, რა საჭიროა რეფორმები, როცა მოსახლეობის დიდი ნაწილი ირწმუნება, რომ ცხოვრება არ გაუმჯობესებულა... წარმოგიდგენთ ერთ ჟურნალს - ის ახალი არ არის, მაგრამ განახლებული ფორმატით გამოვიდა; ვისაუბრებთ იმაზეც, რა ცუდ მაგალითს შეიძლება აძლევდეს ახალგაზრდებს ზოგი ვარსკვლავი, დაბოლოს, სპორტზეც ვილაპარაკებთ - გარემოს დაბინძურება, სერიოზულ პრობლმებს უქმნის პეკინის მოახლოებული ოლიმპიადის მონაწილეებს.
[მუსიკა]

რა საჭიროა რეფორმები საქართველოში?

წამყვანი:
საქართველოს ხელისუფლება ხშირად თავს იწონებს იმით, რომ 2006 წელს მსოფლიო ბანკის საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ საქართველო ნომერ პირველ რეფორმატორ ქვეყნად გამოაცხადა. მას შემდეგ განხორციელებული რეფორმების შედეგად, საქართველომ კიდევ უფრო წინ წაიწია სხვადასხვა სახის საერთაშორისო რეიტინგში. საქართველოს მოსახლეობის არცთუ უმნიშვნელო ნაწილი კი ირწმუნება, რომ ამით მათი ცხოვრება უკეთესობისკენ არ შეცვლილა და ეჭვქვეშ აყენებს რეფორმების აუცილებლობას. რა რეფორმები განხორციელდა საქართველოში და არის თუ არა ისინი საჭირო? ამის გარკვევა კახა მჭედლიძემ სცადა.

კახა მჭედლიძე:
რეფორმების აუცილებლობა ყველა დროსა და ყველა საზოგადოებაში სხვადასხვა მიზეზების გამო დგება. საქართველოში რეფორმების გატარების საჭიროება ქვეყნის უახლოეს ისტორიაში მომხდარმა პოლიტიკურმა ცვლილებებმა, კერძოდ კი, საბჭოთა სისტემის რღვევამ განაპირობა - ასე ფიქრობს საერთაშორისო სავაჭრო პალატის დირექტორთა საბჭოს წევრი, ბიზნესმენი გიორგი ისაკაძე:

[გიორგი ისაკაძის ხმა] ”რეფორმების საჭიროება ნებისმიერ ქვეყანაში და ფორმაციაში დგება მაშინ, როცა ხელის გულზეა მანკიერება ან არაეფექტურობა სისტემისა, იქნება ეს პოლიტიკური თუ ეკონომიკური. შესაბამისად, ეს რეალობა იწვევს გარკვეული გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობას.”

ასეთი აუცილებლობით ნაკარნახევი არაერთი გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს მთავრობამ. საბაჟო და საგადასახადო სისტემის რეფორმა, გადასახადების შემცირება, ბიზნესის რეგისტრაციისა და ლიცენზირების გამარტივება, ფართომასშტაბიანი პრივატიზაცია და ბიუროკრატიის შემცირება იმ რეფორმების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც ბოლო ხუთი წლის მანძილზე განხორციელდა. თითოეული რეფორმის როგორც საწყის სტადიაზე, ასევე მიმდინარეობისას ბევრი მოქალაქე კითხვის ქვეშ აყენებდა მათი განხორციელების მართლზომიერებას.

[მოქალაქის ხმა] ”გაიყიდა ყველაფერი, გაყიდეს ყველაფერი. გარდაბანი იყო ყველაზე სტრატეგიული რაიონი მთელ საქართველოში. ყველაფერი გაიყიდა გარდაბანში. კარგია ეს, რომ გაიყიდა და დაუსაქმებელი დარჩა ხალხი?..”

ამბობს გარდაბნიდან თბილისში ოპოზიციის საპროტესტო აქციაზე ჩამოსული ქალბატონი ელზა. ეკონომიკური რეფორმების შედეგების აღქმა უჭირს თბილისის ქუჩაში სხვადასხვა ხელნაკეთი ნივთებით მოვაჭრე ქალბატონსაც:

[მოქალაქის ხმა] ”ჩვენ არაფერი არ გვეხება. აი, ქუჩაშიც აღარ გაგვაჩერებენ, ისეთი დრო მოვა. აღარაფერი არ იყიდება. ადრე უფრო იყიდებოდა.”

რეფორმების შედეგებზე განსხვავებული აზრი აქვს იმ მოქალაქეთა დიდ ნაწილს, ვისაც საკუთარი ბიზნესი აქვს ან კერძო საწარმოს მენეჯერად მუშაობს. მათ შორისაა ”საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” აღმასრულებელი დირექტორი ნათია თურნავა:

[ნათია თურნავას ხმა] ”რეფორმის სიკეთესთან დაკავშირებით უშუალო პრაქტიკული შეხება გვქონდა, კონკრეტულად კი, დელიცენზირების შედეგებთან, იმიტომ რომ ჩვენ ვსაქმიანობთ სხვადასხვა ბუნებრივი რესურსების მოპოვების და გამოყენების სფეროში. ახლა ყველაფერი უფრო მარტივია და ნაკლებად ბიუროკრატიული. გვიხარია, რომ გამარტივდა და კიდევ უფრო მარტივდება სამშენებლო ნორმები.”

ნათია თურნავა სხვა ცვლილებების დადებით შედეგებზეც საუბრობს. მათ შორის უმთავრესია მისი კომპანიის გაზრდილი შემოსავლები და ახალი სამუშაო ადგილები. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში გატარებული რეფორმების შედეგად, 2007 წელს ეკონომიკა 12 პროცენტით გაიზარდა. საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, 12 პროცენტი საკმაოდ კარგი მაჩვენებელია, მაგრამ საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი მაინც უკმაყოფილოა:

[მოქალაქის ხმა] ”მე არაფერი უკეთესობა არ მიგრძვნია, პირიქით, გაძვირდა ცხოვრება.”
[მოქალაქის ხმა] ”მე პირადად ვერ ვგრძნობ, ჩემს ოჯახზე არ აისახება, მე უმუშევარი ვარ ჯერჯერობით.”
[მოქალაქის ხმა] ”მსგავსი არაფერი არ იგრძნობა. მე მგონი, უარესობისკენ მივდივართ კიდევ.”

მოსახლეობის ნაწილის ასეთი განწყობის მიუხედავად, საქართველოში გატარებული რეფორმების ეფექტურობას ეჭვქვეშ არ აყენებს მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი სიმეონ დიანკოვი. იგი ფიქრობს, რომ საქართველოში მომხდარი ცვლილებების შედეგები უკვე თვალსაჩინოა:

[სიმეონ დიანკოვის ხმა] ”მთელ მსოფლიოში ასეთი რეფორმების გატარება ასოცირდება უფრო მეტი სამუშაო ადგილების შექმნასთან. კონკრეტულად, საქართველომ გასულ წელს 85 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი შექმნა კერძო სექტორში და ეს არის განხორციელებული რეფორმების შედეგი. რა თქმა უნდა, არის ძალიან მაღალი მოლოდინი საზოგადოების მხრიდან. საქართველოს ამ მთავრობამ ძალიან ბევრი გააკეთა, მაგრამ საზოგადოება კიდევ უფრო მეტს მოითხოვს.”

საზოგადოების უფრო მეტი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად საქართველოს მთავრობა რეფორმების გაგრძელებისა და ეკონომიკის ზრდის ტემპის შენარჩუნებას ცდილობს. როგორც ცნობილია, მთავრობამ სპეციალური პროგრამაც კი შეიმუშავა ქვეყანაში სიღარიბის დასამარცხებლად. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ლადო გურგენიძის აზრით, პროგრამის განხორციელების შემთხვევაში, რეფორმების შედეგებს მოსახლეობის ფართო ფენა უახლოეს ხუთ წელიწადში მოიმკის:

[ლადო გურგენიძის ხმა] ”ჩვენი გამოთვლებით, 1 სამუშაო ადგილის შექმნა ჯდება 25 ათასიდან 50 ათას დოლარამდე. ჩვენ გვაქვს შესაქმნელი, სულ მცირე, 200 ათასი სამუშაო ადგილი იმისათვის, რომ ქვეყანაში დასაქმების პრობლემა გადავწყვიტოთ, შედეგად ამისა, სიღარიბის დაძლევა მოხდეს, ანუ საუბარია 10-დან 20 მილიარდ ინვესტიციაზე. აი, ეს ძალიან დიდი მოცულობა ინვესტიციების უნდა იქნეს მოზიდული შემდეგი რამდენიმე წლის მანძილზე.”

თუმცა მთავრობის ამ გეგმას საფრთხეს უქმნის საქართველოში არსებული რთული პოლიტიკური ვითარება.

[ისმის მიტინგის ხმა] ”...ეს პარლამენტი უნდა წავიდეს... წადი! წადი! წადი!...”

რეფორმების მომხრე მოქალაქეები, წვრილი ინდმეწარმეები თუ მსხვილი ბიზნესმენები - მათ შორის, ”საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” აღმასრულებელი დირექტორი ნათია თურნავაც - იმედოვნებენ, რომ, რთული პოლიტიკური ვითარების მიუხედავად, რეფორმების და, შესაბამისად, ეკონომიკური ზრდის ტემპი არ შეჩერდება:

[ნათია თურნავას ხმა] ”თუ ეს ასე არ მოხდა, რა თქმა უნდა, იქნება ძალიან სერიოზული უკან გადადგმული ნაბიჯი, რისი უფლებაც დღესდღეობით საქართველოს არ აქვს, იმიტომ რომ, ფაქტიურად, ჩვენ ვართ ძალიან რთულ კონკურენტულ გარემოში. თუნდაც საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით, უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველო არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელშიც შეიძლება ვინმემ სერიოზული ინვესტიციების დაბანდება იფიქროს. არსებობს სხვა ქვეყნები ამ რეგიონში, რეგიონის გარეთაც და ჩვენ უნდა ვიყოთ ყველაზე წინ ერთი ნაბიჯით, რომ ჩვენკენ მოვმართოთ ეს ნაკადები. ხოლო სერიოზული ინვესტიციების გარეშე ჩვენი განვითარება შეფერხდება და ვერც სიღარიბის დაძლევა იქნება შესაძლებელი.”(სტილი დაცულია)
[მუსიკა]

პროტესტი უნდა გვქონდეს ყველაფერზე რაც კი არასწორი ხდება

წამყვანი:
საქართველოს სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა, პარლამენტის თავმჯდომარეს 13 მარტს მიმართვა გაუგზავნა: `არაორდინალური შემთხვევაა, როდესაც პარლამენტარები შიმშილობენ და მიაჩნიათ, რომ მხოლოდ პროტესტის უკიდურესი ფორმაღა დარჩათ მიზნის მისაღწევად. განურჩევლად იმისა, ვინ როგორ პოლიტიკურ შეფასებას აძლევს ამ ფაქტს, ჰუმანისტური პრინციპებიდან გამომდინარე, ვალდებულნი ვართ, მათ მიმართ გამოვიჩინოთ გულისხმიერება” - აღნიშნულია მიმართვაში. მოგვიანებით სახალხო დამცველი პირადად შეხვდა ნინო ბურჯანაძეს ამ საკითხთან დაკავშირებით. იმავე დღეს, სოზარ სუბარი და სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები სტუდენტებსაც შეხვდნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში. საუბარი ადამიანის უფლებების დაცვას ეხებოდა, საუბრის საბაბი კი სახალხო დამცველის ჟურნალის განახლებული ფორმატით გამოსვლა იყო. მარინა ვაშაყმაძე დეტალებით.

[იხ. აუდივერსია]

წამყვანი:
”შემწყნარებლური დამოკიდებულება ნარკოტიკების მომხმარებელი სახელგანთქმული ადამიანებისადმი ახალგაზრდებს ნარკომანიისკენ უბიძგებს”, - განაცხადეს გასულ კვირას გაეროს ნარკომანიის კონტროლის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებმა. აქამდე ეს ორგანიზაცია არასდროს ყოფილა ასეთი მკაცრი მუსიკის, კინოს, შოუ-ბიზნესის იმ ვარსკვლავების მიმართ, რომლებიც ნარკოტიკების მოხმარებაში არიან შემჩნეულნი. გიორგი გვახარია გვიამბობს.

[მუსიკა: მღერის თემურ თათარაშვილი]

გიორგი გვახარია:
ამნისტიით განთავისუფლებულმა თემურ თათარაშვილმა საპყრობილიდან გამოსვლის შემდეგ აღნიშნა, რომ გულწრფელად ნანობს თავის საქციელს და რომ სწორედ ციხემ მისცა საშუალება თავი დაენებებინა ნარკოტიკების მოხმარებისთვის. თემურ თათარაშვილი დღეს ყველა ნარკომანს მოუწოდებს, როგორმე დასძლიონ ეს სენი და დახმარებასაც ჰპირდება მათ.

საქართველოსთვის, უფრო სწორად, ქართული შოუ-ბიზნესისთვის ეს სიახლეა, თუმცა მსოფლიოში არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როცა ცნობილმა ნარკომანმა თავი დაანება ნარკოტიკების მოხმარებას და თავად დაიწყო ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლა... მაგრამ მსოფლიოში უფრო ხშირია, როცა ცნობილ ნარკომანებს - ძირითადად, სწორედ შოუ-ბიზნესის ვარსკვლავებს - ახალგაზრდები ბაძავენ. მედია კი, როგორც წესი, უნებურად მათი ცხოვრების წესის პროპაგანდას ეწევა. გასულ კვირას გაეროს ნარკომანიის კონტროლის საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელმა ფილიპ ემაფომ მკაცრად გააკრიტიკა ნარკოტიკების მომხმარებელი პოპულარული ადამიანებისთვის დასჯის შემსუბუქების ტენდენცია. კანონი ყველას ერთნაირად ეხებაო, - აღნიშნა ემაფომ, თუმცა კონკრეტული ადამიანების დასახელებისგან თავი შეიკავა.

[ემი უაინჰაუსის ხმა]

სოულის მომღერალი ემი უაინჰაუსი ერთ-ერთია, ვინც ბოლო დროს არაერთხელ გაეხვია სკანდალში ნარკოტიკების მოხმარების გამო. ემაფოს განცხადებასთან დაკავშირებით დასავლური მედია სწორედ ამ მუსიკოსს, ასევე სუპერმოდელ კეტ მოსს, მომღერალ ჯორჯ მაიკლს იხსენებს. გაეროს მოხსენებაში ხაზგასმულია, რომ შოუ-ბიზნესის ”ნარკომანი ვარსკვლავების” ცხოვრება ხშირად ყოველგვარი კრიტიკის გარეშეა წარმოდგენილი მედიაში...ეს კი სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ მათ ახალგაზრდებმა მიბაძონ.

[დალი უშარიძის ხმა] ”ერთმა მოზარდმა მითხრა, რომ ამ დროს მეხსიერება უძლიერდება, სინამდვილეში ყველაფერი პირიქითაა.”

ეს ერთი მითია, რომელსაც ფსიქოლოგი დალი უშარიძე იხსენებს. მისი კოლეგა, ხათუნა ხაზარაძე, შეგვახსენებს სხვა მითებსაც, რომელთა დამკვიდრებაში ჩვენმა მედიამ მართლაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა:

[ხათუნა ხაზარაძის ხმა] ”აქ არ უნდა ვთქვა, რომ იგივე მარიხუანის გამოყენება ეხმარება შემოქმედებაში... ეს გავრცელებული სტერეოტიპი და მითია.”(სტილი დაცულია)

ამ მოსაზრების ავტორები ამტკიცებენ, რომ მსუბუქი ნარკოტიკიადამიანს ყოფაზე მიჯაჭვულობისგან ათავისუფლებს და ფანტაზიას უხსნის. ამ შემთხვევაში ხელოვნება, შემოქმედება ლამის ნარკომანიის სინონიმად წარმოგვიდგინონ...არადა, ფსიქოლოგ დალი უშარიძის აზრით, ყველაფერი პირიქითაა - ძალიან ხშირად ნარკომანიის მთავარი მიზეზი არარეალიზებულობა და შემოქმედებითი ცხოვრების უუნარობაა:

[დალი უშარიძის ხმა] ”ყოფილა შემთხვევები, რომ ადამიანმა შემოქმედებაში მოახდინა თვითრეალიზება და შეწყვიტა ნარკოტიკების მიღება.”(სტილი დაცულია)

ასეა თუ ისე, გასულ კვირას გამოქვეყნებულ მოხსენებაში გაერო შემაშფოთებელ ციფრებს გვაცნობს: დღეს მსოფლიოში ნარკოტიკების მომხმარებელი 200 მილიონი ადამიანია აღრიცხული. ქართული საზოგადოება გაგებით შეხვდა ცნობილი ადამიანების დასჯას ნარკოტიკების რეალიზაციის გამო. თუმცა ზოგიერთი სპეციალისტი იმასაც აღნიშნავს, რომ კანონის გამკაცრება ვერ გახდება ნარკომანიის დაძლევის გზა, სანამ საზოგადოება ნარკომანიის მიზეზებს არ გააცნობიერებს და სანამ მედია არ შეწყვეტს ”ნარკომანი ვარსკვლავების” ცხოვრების პროპაგანდას.
[მუსიკა]

როგორ ებრძვის პეკინში ეკოლოგია სპორტს

წამყვანი:
ჩვენ ნამდვილად არ ვაპირებთ ნარკომანი ვარსკვლავების ცხოვრების პროპაგანდას, ის კი არა ახლა ცხოვრების ჯანსაღ წესზე ვილაპარაკებთ - სპორტზე, თან უდიდეს სპორტულ ზეიმზე, რომლის დაწყებამდეც სულ რამდენიმე თვეღა რჩება. საუბარი შეეხება ზაფხულის ოლიმპიადას პეკინში. მეორე მხრივ, საკითხავია, რამდენად გამოგვადგება ის ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდისთვის. საქმე ის არის, რომ ეკოლოგიური პრობლემა ჩინეთშ იმდენად მწვავედ დგას, რომ რეალური რისკის წინაშე აყენებს სპორსტმენების ჯანმრთელობას. ლელა კუნჭულიას მოუსმინეთ.

ლელა კუნჭულია:
ჩინეთში ჰაერის დაბინძურების პრობლემის სიმწვავე ყველაზე უკეთ ცნობილი ეთიოპიელი სპორტსმენის მაგალითზე გამოაშკარავდა. მსოფლიო რეკორდსმენმა მარათონულ რბენაში ჰაილე გებრსელასიე ახლახან განაცხადა, რომ ის ოლიმპიადაზე ვერ შეძლებს მარათონში ჩაბმას. განცხადება მან ადის აბებაში გააკეთა:

[გებრესელასიეს ხმა] "მე მონაწილეობას არ მივიღებ მარათონულ რბენაში იმიტომ რომ პეკინი ცოტა სირთულეებს მიქმნის. როგორც იცით, პეკინის ჰავა ცხელია და ნესტიანი, ჰაერი დაბინძურებულია. ამიტომ მე არ ვირბენ მარათონულ დისტანციაზე."

მიზეზად სახელდება ასთმა, რომელიც სპორტსმენს ისედაც ძლიერ აწუხებს, ხოლო, 42 კილომეტრზე სირბილის დროს, პეკინის დახუთული და დაბინძურებული ჰაერი სუნთქვის პრობლემის გაუარესების რეალური საფრთხეა. ჰაილე გებრსელასიე ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დუბაიდან მოუწოდებდა ჩინეთის მთავრობას სერიოზულად მოკიდებოდა ეკოლოგიურ პრობლემებს, რომლებიც ზღუდავენ სპორტულ შესაძლებლობებს. თუმცა, იმის გამო რომ პრობლემა კვლავაც პრობლემად რჩება, მსოფლიო რეკორდსმენმა, რომლის სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები ჩვეულებრივ საუბარშიც კი შეიმჩნევა ხოლმე, მარათონში ჩართვისგან თავის შეკავება არჩია. თუმცა გებრესელაიე არ გამორიცხავს, რომ ოლიმპიადაში მონაწილეობას მაინც მიიღებს და შეჯიბრებაში ჩაერთვება შეჯიბრში, რომელიც შედარებით მოკლე დისტანციის დაძლევას გულისხმობს:

[გებრესელასიეს ხმა] "ვეცდები ვირბინო 10 000-მეტრიან დისტანციაზე, მაგრამ ჯერ მე უნდა ქუალიფყ ფორ ტჰატ ევენტ".

აქვე ვთქვათ, რომ ეთიოპიელ სპორტსმენს ჰაილე გებრსელასიეს მოპოვებული აქვს 2 ოლიმპიური ოქროს მედალი სწორედ 10 ოოო-მეტრიან დისტანციაზე.

გებრესელასიე ერთადერთი სპორტსმენი არ არის, ვისაც პეკინის დაბინძურებული ჰაერის ასე ვთქვათ შიში აქვს. და ეს გასაკვირი არ არის, თუკი გავითვალისწინებთ, რომ, ზოგიერთი ცნობის თანახმად, პეკინის ჰაერი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაშვებულზე 12-ჯერ მეტად არის დაბინძურებული.

ქვეყნებმა სპორტსმენების დასაცავად სხვადასხვაგვარი ტაქტიკა შეიმუშავეს. მაგალითად სულ ცოტა 20-ი ქვეყანა აპირებს, რომ თავიანთი გუნდები ჩინეთის საზღვრებს გარეთ, მაგალითად სამხრეთ კორეასა და იაპონიაში დააბინავოს და მხოლოდ კონკრეტული შეჯიბრის დროს ჩაიყვანოს პეკინში. ამერიკის შეერთებული შტატების სპორტული გუნდები ჩინეთში ჩასვლას საკვებისა და წყლის საკუთარი მარაგით აპირებენ. ისინი ითვალისწინებენ დაბინძურებული საკვები პროდუქტების თემაზე ატეხილ სკანდალს, რომელშიც ბოლო წლებში ჩინეთის არაერთი კომპანია აღმოჩნდა.

ვაშინგტონ პოსტის საინფორმაციო სამსახური ავრცელებს ინფორმაციას, რომ გასული წლის ნოემბერში პეკინში, ასე ვთქვათ, ძალების მოსასინჯად ჩავიდა შეერთებული შტატების მოკრივეთა ნაკრები, რომელსაც თან ექიმი – ფრანკ ფილიბერტო ახლდა. სწორედ მან შენიშნა, რომ პირველსავე დღეს, როდესაც სპორტსმენები გეგმური ვარჯიშიდან დაბრუნდნენ, აღენიშნებოდათ თვალების წვა, ხველა, სუნთქვასთან და სისხლძარღვებთან დაკავშირებული პრობლემები. შედეგად, სპორცმენთა მხოლოდ ნახევარმა შეძლო რინგზე გასვლა.

ოლიმპიური თამაშების მასპინძელი პეკინი შეშფოთებულია ყველაფერ იმით, რაზეც ჩვენ დღეს ვისაუბრეთ. ჩინეთის ხელისუფლება ცდილობს დაამტკიცოს, რომ უკვე გარემოს დასუფთავების მიზნით მან უკვე დახარჯა 16 მილიარდი დოლარი. მიღწევებს შორის პეკინი იმ საწარმოების დახურვასაც კი ასახელებს, რომლებიც ჰაერის დაბინძურების წყაროდ მიიჩნეოდნენ. ასეა თუ ისე პრობლემა ჯერ ისევ არსებობს და გაკეთებულზე გაცილებით დიდი მასშტაბი აქვს გასაკეთებელს.

ერთადერთი დადებითი ამ ყველაფერში არის ის, რომ გარემოსადმი გულგრილი ჩინეთის ხელისუფლება როგორც იქნა ამოქმედდა და ეფექტიანი გზების ძებნა-ძიებას შეუდგა. მენტალურმა ცვლილებამ და პეკინში მიღებულმა გამოცდილებამ, შესაძლოა ჩინეთის სხვა ქალაქებსაც უშველოს. ქალაქებს, სადაც ასევე მწვავედ დგას ჰაერის დაბინძურების პრობლემა.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG