Accessibility links

logo-print

ირანში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა


დღეს ირანში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. მოელიან, რომ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში, მეჯლისში, უმრავლესობას კვლავ კონსერვატორები შეინარჩუნებენ,

მაშინ როცა ასობით რეფორმატორს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება არ მიეცა.

ირანელი ლიდერები ამომრჩევლებს აქტიურობისა და ეროვნული ერთობის დემონსტრირებისკენ მოუწოდებდნენ, თეირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული საერთაშორისო დაძაბულობის ფონზე. თუმცა იმავე ლიდერებმა ირანელ ხალხს, როგორც აღმოჩნდა, თავისუფალი არჩევანის საშუალება არ დაუტოვეს.

თუკი გავითვალისწინებთ, რომ ირანის პარლამენტში 290 დეპუტატის ადგილია, კანდიდატთა რიცხვი კი, ქვეყნის მასშტაბით, 4500-ს შეადგენს, ერთი შეხედვით, ბრძოლა საკმაოდ დაძაბულია. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ დეპუტატობის კანდიდატთა უმრავლესობას ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი კონსერვატორები წარმოადგენენ. კურატორთა საბჭომ, სასულიერო პირებითა და იურისტებით დაკომპლექტებულმა გავლენიანმა უწყებამ, არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცა დაახლოებით 1700 რეფორმატორ კანდიდატს, რადგანაც ისინი არასაკმარისად ლოიალურად მიიჩნია ისლამისა და 1979 წლის რევოლუციის მიმართ.

ის რეფორმისტი კანდიდატები, რომლებიც მაინც ჩაებნენ საარჩევნო მარათონში, ნაკლებად ცნობილნი არიან. საბჭო უარყოფს, რომ შერჩევის პროცესი მიკერძოებული იყო, მაგრამ ფაქტია, რომ, სწორედ ამ შერჩევის პროცესის შედეგად, ზომიერი კურსის მომხრე პოლიტიკოსებს მცირედი შანსიც აღარ დარჩათ, უმრავლესობით მოვიდნენ მეჯლისში. მათ ისღა დარჩენიათ, იმ ორმოციოდე ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოლონ, რასაც წინა მოწვევის პარლამენტში ფლობდნენ.

თეირანში ხმის მიცემის შემდეგ, რელიგიურმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ ხალხს აქტიურობისკენ მოუწოდა:

(ხამენეის ხმა) "ვურჩევ ჩვენს ძვირფას ერს, გააცნობიეროს მიზანი და ხმის მიცემით, მისწრაფებითა და მონდომებით გადაწყვიტოს ირანის მომავალი მომდევნო 4 წლის მანძილზე."

ხამენეი, რომელიც კონსერვატორებს უჭერს მხარს, ხმამაღლა აცხადებს, რომ ირანელებმა პარლამენტში ის ძალა უნდა აირჩიონ, რომელიც ამერიკის ინტერესებს ეწინააღმდეგება - ძალა, რომლის პრიორიტეტებს "ისლამი და სამართალი" წარმოადგენს.

ირანის ყოფილი პრეზიდენტი ალი აკბარ ჰაშემი რაფსანჯანი, რომელიც "პრაგმატიკოს" კონსერვატორად და ქვეყნის ამჟამინდელი პრეზიდენტის, აჰმადინეჟადის, მოწინააღმდეგედ მიიჩნევა, როგორც ჩანს, ხელისუფლების მსგავსი პოზიცია აქვს გარემტრის ფაქტორთან მიმართებით. ხმის მიცემის შემდეგ რაფსანჯანიმ თეირანში ხამანეის მსგავსი აზრი გამოთქვა:

(რაფსანჯანი) "ჩვენს მტრებს საზღვარგარეთ ძალიან უნდათ, რომ სუსტი პარლამენტი გვქონდეს... მათ ძალიან უნდათ, რომ რაც შეიძლება ნაკლებმა ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, რაც მაჩვენებელი იქნება დისტანციისა ირანელ ხალხსა და სისტემას შორის."

ზომიერი კურსის მიმდევრები ირანში ორი კოალიციის სახით არიან წარმოდგენილნი. ესენია: რეფორმატორული კოალიცია, რომელიც ქვეყნის ყოფილი რეფორმატორი პრეზიდენტის მუჰამედ ხათამის მიერ არის დაფუძნებული, და ეროვნული რწმენის პარტია, რომელსაც პარლამენტის ყოფილი სპიკერი მეჰდი კარუბი უდგას სათავეში.

კონსერვატორები კი - მმართველი ძალა, როგორც მათ უწოდებენ ირანში - ორ ნაწილად არიან გაყოფილი. მათ შორის მთავარია გაერთიანებული მმართველი ფრონტი, რომელიც პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჟადს უჭერს მხარს.

დაბოლოს, გეტყვით, რომ ირანში ხმის მიცემის უფლების მქონე მოქალაქეების რიცხვი დაახლოებით 44 მილიონს შეადგენს და მათი აქტიურობა გადამწყვეტ როლს ასრულებს არჩევნების ჩატარების პროცესში. 2004 წელს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე, რომელიც ასევე შეზღუდული არჩევანით გამოირჩეოდა, ამომრჩეველთა მხოლოდ 51 პროცენტი მივიდა.
XS
SM
MD
LG