Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ, კოსოვოს პირველად ეწვია ნატოს გენერალური მდივანი


ნატოს გენერალური მდივანი იაპ დე ჰოოპ სხეფერი კოსოვოში ჩავიდა. ეს არის ალიანსის ხელმძღვანელის პირველი ვიზიტი სერბიის ყოფილ პროვინციაში

მას შემდეგ, რაც 17 თებერვალს კოსოვომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. იაპ დე ჰოოპ სხეფერი კოსოვოს მზარდი დაძაბულობის ფონზე სტუმრობს.

ვიდრე იაპ დე ჰოოპ სხეფერი კოსოვოში ჩავიდოდა, რამდენიმე საათით ადრე, დაახლოებით 200 ეთნიკური სერბი გაეროს სასამართლოს შენობის ტერიტორიაზე შეიჭრა. ინციდენტი ჩრდილოეთ კოსოვოში მოხდა, ქალაქ მიტროვიცაში, რომელიც ორად არის გაყოფილი და სადაც სერბებთან ერთად ალბანელებიც ცხოვრობენ.

ხალხმა შეტეხა გარეთა ჭიშკარი და შენობაში შეიჭრა. მოძალადე სერბებმა თავი წარმოადგინეს სასამართლოს ყოფილ თანამშრომლებად, რომლებიც უმუშევრად დარჩნენ 1999 წლიდან, იმ დროიდან, რაც ნატომ სერბები განდევნა და ახლა მოვიდნენ, რათა დაიბრუნონ საკუთრება.

კოსოვოს პოლიციის პრეს-მდივნის ბეზიმ ჰოტის თქმით, ხალხის შეჩერება საკმაოდ ძნელი იყო:

(ჰოტის ხმა) "საპროტესტო აქციის მონაწილეებს საავადმყოფოს თანამშრომლები უჭერდნენ მხარს. მათ გამოიყენეს სასწრაფო დახმარების, სულ ცოტა, 6 მანქანა, რათა შეეღწიათ ჭიშკარში. პოლიციის საგანგებო შენაერთებმა სცადეს შეეჩერებინათ ხალხის მასა, რომლის წინა ფლანგზე ქალები და გოგონები იყვნენ, უკანა რიგებიდან კი აქციის მონაწილეები პოლიციას ბასრ საგნებს ესროდნენ."'

საპროტესტო აქციის მონაწილის, მიოდრაგ რალიჩის, თქმით, ხალხი არ დატოვებს სასამართლოს შენობას მანამდე, ვიდრე სამართალს არ აღადგენს:

(რალიჩის ხმა) "ჩვენ აქ დავრჩებით და დავუცდით, ვიდრე ამ სასამართლოს არქივს არ გაიტანენ და არ გადაიტანენ ქალაქის სამხრეთ ნაწილში და ვიდრე სერბეთის სასამართლოს მუშაობის საშუალება არ მიეცემა."

14 მარტის ინციდენტი კიდევ ერთი გამოვლინებაა 17 თებერვლის შემდეგ აგორებული მღელვარების ტალღისა, რომელიც სულ უფრო იზრდება. სერბები ვერ ეგუებიან კოსოვოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებას. კოსოვოში მცხოვრები სერბების საკითხი და მღელვარებასთან დაკავშირებული შეშფოთება მიიჩნევა მთავარ თემებად, რომლებზეც ნატოს გენერალური მდივანი იაპ დე ჰოოპ სხეფერი კოსოვოს დედაქალაქში, პრიშტინაში, დაგეგმილ მოლაპარაკებებზე განიხილავს. პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის გარდა, იაპ დე ჰოოპ სხეფერი შეხვდება კოსოვოს ჯარების სარდალს და მოინახულებს სამხედრო კონტინგენტს. შეხვედრა იგეგმება ასევე გაეროს მისიისა და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ პირებთან.

ნატოს ეგიდით, გაეროს რეზოლუციის საფუძველზე, ამჟამად კოსოვოში 16000 ჯარისკაცი იმყოფება. მათ შორის არის საქართველოს მიერ წარგზავნილი ასეული, რომელსაც უფროსი ლეიტენანტი ვახტანგ დიასამიძე მეთაურობს. საქართველოს სამხედრო კონტინგენტი მისიას ასრულებს სამხრეთ კოსოვოში, ალბანეთის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ პრიზრენში. ქართული ასეული გერმანიის ბატალიონის შემადგენლობაშია.

გენერალური მდივნის განცხადებით, ნატოს სამშვიდობო კონტინგენტი კოსოვოში დარჩება.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG