Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია შიმშილობის შეწყვეტას, ხელისუფლება კი დათმობას არ პირებს


გრძელდება 9 მარტს პარლამენტის წინ დაწყებული შიმშილობის აქცია. რუსთაველის გამზირზე გაშლილ 39 კარავში მეშვიდე დღეა შიმშილობენ გაერთიანებული

ოპოზიციის ლიდერები და მათი მხარდამჭერები. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მოშიმშილე შეუძლოდ გახდა, ოპოზიცია არ აპირებს უკან დახევას. საქმე ის არის, რომ, გაერთიანებული ოპოზიციის სახელით, კონსერვატიულმა და ხალხის პარტიებმა თბილისის მერიას კანონით გათვალისწინებული ხუთი დღით ადრე აცნობეს, რომ აპირებენ საპროტესტო აქციის 19-დან 30 მარტამდე გაგრძელებას. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის გარდა, ოპოზიციონერი დეპუტატები პარლამენტის თავმჯდომარის მისაღებშიც შიმშილობენ. რას ითხოვენ და რა პირობებში შიმშილობენ ოპოზიციონერი დეპუტატები?

მარტისთვის დამახასიათებელი ჭირვეული ამინდისა და შიმშილობის აქციაში მონაწილე ადამიანების მოთხოვნის მიუხედავად, პარლამენტის შადრევანი დღე-ღამის განმავლობაში უწყვეტად მუშაობს. შედეგად, ძლიერი ქარის დროს პარლამენტის წინ ხელოვნური წვიმა მოდის და ისედაც შეცივნულ ადამიანებს, კიდევ უფრო მეტი დისკომფორტი ექმნებათ. ასეთ დროს მოშიმშილეები, როგორც წესი, თავს კარავს აფარებენ. სწორედ კარავში გამოელაპარაკა რადიო ”თავისუფლება“ ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, ირაკლი მელაშვილს, რომლის თქმითაც, მოშიმშილეთა მოთხოვნები კვლავაც უცვლელია:

[ირაკლი მელაშვილის ხმა] „პიველი - ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნები, მეორე - თავისუფალი არჩევნები ზოგადად, ანუ ნორმალური საარჩევნო კანონმდებლობა, და მესამე - პოლიტპატიმრების გათავისუფლება - ეს არის სამი ძირითადი მოთხოვნა.“

თუმცა ამ მოთხოვნებს პარლამენტის თავმჯდომარის მისაღებში მოშიმშილე ახალმა მემარჯვენეებმა კიდევ ერთი დაუმატეს - დავით გამყრელიძე ნინო ბურჯანაძის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს:

[დავით გამყრელიძის ხმა] „ჩვენი მთავარი მოთხოვნაა. ეს იქნება საზოგადოების ძალიან სერიოზული გამარჯვება, რომ ასეთი უპრინციპო, მატყუარა პოლიტიკოსი, პარლამენტის თავმჯდომარე, რომელმაც კონსტიტუცია ფეხქვეშ გათელა და ეჭვქვეშ დააყენა ქვეყნის სტაბილურობა და გატეხა სიტყვა, ის აუცილებლად უნდა გადადგეს.“(სტილი დაცულია)

ხელისუფლება კი ოპოზიციის მიერ დაწყებულ საპროტესტო აქციებს წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად მიიჩნევს და ოპონენტებს, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, დიალოგის დაწყებისკენ მოუწოდებს, თუმცა ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებასთან დიალოგი დროის ფუჭი კარგვაა. „სახალხო ფორუმის“ ერთ-ერთი ლიდერი, კახა შარტავა, საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ამბობს:

[კახა შარტავას ხმა] „ესენი არიან მატყუარები, ცრუპენტელები და ამათთან ლაპარაკს საერთოდ აზრი არა აქვს. ეგ არის და ეგ. აწი გინდა ლანძღე და გინდ მოეფერე.“

ხელისუფლებისადმი ოპოზიციის ამგვარი დამოკიდებულების მიუხედავად, საქართველოში მოღვაწე სასულიერო პირები ოპტიმისტურად არიან განწყობილი. ყოველ შემთხვევაში, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი მეუფე დანიელი, რომელიც ჯერ მოშიმშილეებს, შემდეგ კი პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა, იმედს არ კარგავს:

[მეუფე დანიელის ხმა] „ ჩვენი მთავარი მოწოდება როგორც ხელისუფლებისადმი, ასევე ოპოზიციისადმი არის მცდელობა იმისა, რომ მოინახოს საერთო ენა და მოინახოს გამოსავალი.“

თუმცა გამოსავალი ჯერჯერობით არ ჩანს, მოშიმშილეები კი უკან დახევას არ აპირებენ.

[მოშიმშილის ხმა] „მეექვსე დღეა შიმშილობისა. ვარ კლდესავით მაგრად და შემართებით. ბოლომდე ვიბრძოლებთ.“

ასე ფიქრობს შიმშილობის აქციაში მონაწილე თითქმის ყველა ადამიანი, თუმცა, როგორც ენდოკრინოლოგები განმარტავენ, ხანგრძლივი შიმშილობა სერიოზულ საფრთხეს უქნის ადამიანის სიცოცხლეს. პროფესორ ქეთევან ასათიანის თქმით, გამოფიტვა და განლევა 30 დღის შემდეგ იწყება, მანამდე კი მოშიმშილე ორგანიზმი სამ პირობით სტადიას გაივლის:

[ქეთევან ასათიანის ხმა] „ვითარდება ტკივილი კუჭის არეში; დიდი ოდენობით ნერწყვის გამოყოფას აქვს ადგილი; სპაზმი აქვთ ხოლმე ყელში, რაც მთავრდება ფსიქოლოგიური შიშით, რომლის დაძლევა ძალიან რთულია. შემდეგ დგება მეორე ფაზა - ეიფორიის ფაზა. მესამე ფაზაა ყველაზე მძიმე, როცა ექიმის ჩარევის გარეშე აღარაფერი გამოვა. მესამე ფაზაში ორგანიზმში ირღვევა მჟავატუტოვანი წონასწორობა, კერძოდ, ვითარდება აციდოზი. პირიდან ამოსდით აცეტონის სუნი და ეს უკვე ისეთი მდგომარეობაა, როცა საჭიროა აუცილებლად ექიმის ჩართვა.“

რუსთაველის გამზირზე გაშლილ კარვების ქალაქში აცხადებენ, რომ არ აშინებთ საფრთხე, რომელიც მათ ემუქრებათ. ოპოზიციის ლიდერების მტკიცებით, გაცილებით სერიოზულია ის საფრთხე, რომელიც მათი ოპონენტების მხრიდან მომდინარეობს.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG