Accessibility links

logo-print

კოსოვოში მომხდარ შეტაკებებში საერთაშორისო ძალების 30-მდე მოსამსახურე დაშავდა


დღეს, გამთენიისას, შეტაკებები მოხდა კოსოვოს ქალაქ მიტროვიცაში, სადაც გაეროს პოლიციამ იერიშით აიღო ადგილობრივი სასამართლოს შენობა.

ეს შენობა 14 მარტს დაიკავეს სერბებმა, რომლებიც კოსოვოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ყოველდღე მართავდნენ საპროტესტო მიტინგებს მიტროვიცის ჩრდილოეთ ნაწილში.

კოსოვსკა-მიტროვიცის სერბ მოსახლეებთან შეტაკებებში დაშავდა გაეროს პოლიციის 20-ზე მეტი თანამშრომელი და ნატოს სამშვიდობო ძალების რვა მოსამსახურე.

ეს ძალადობის ყველაზე მძიმე გამოვლინება იყო მას შემდეგ, რაც კოსოვომ სერბიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა (დღეს ამ დღიდან ზუსტად ერთი თვე შესრულდა). შეტაკებების გამწვავებას მოჰყვა ადგილობრივი ხელმძღვანელების გადაწყვეტილება, მიტროვიცის სერბული ნაწილიდან გაეყვანათ კოსოვოს პოლიცია და ქალაქის ჩრდილოეთი უბნების კონტროლი საერთაშორისო ძალებისთვის გადაებარებინათ.

[ვეტონ ელშანის ხმა] "მას შემდეგ, რაც საქმეში ცეცხლსასროლი იარაღი და ასაფეთქებელი ნივთიერებები ჩაერია, კოსოვოს პოლიციას მიეცა ბრძანება, დაეტოვებინა მიტროვიცის ჩრდილოეთი რაიონები, რათა ქალაქის ეს ნაწილი ნატოს სამშვიდობო ძალების კონტროლქვეშ გადასულიყო. პოლიციის გაყვანა საჭირო გახდა, როგორც უსაფრთხოების ზომა."

ეს გახლდათ კოსოვოს პოლიციის პრესმდივანი ვეტონ ელშანი, რომელსაც ინტერვიუ ჩამოართვა რადიო "თავისუფლების" სამხრეთ სლავური და ალბანური ენების სამსახურმა. მანვე კომენტარი სთხოვა მაკედონიის პრეზიდენტს ბრანკო ცრვენკოვსკის, რომლის თქმით, კოსოვოში დაწყებული ძალადობა - თუ დროულად არ აილაგმა - მთელს რეგიონს შეიძლება მოედოს.

[ბრანკო ცრვენკოვსკის ხმა] "შესაძლო სცენარებიდან ერთ-ერთი ყველაზე უარესია კოსოვოს გაყოფა ეთნიკური ნიშნით. ეს გამამხნევებელი ნიშანი იქნებოდა რეგიონში მოქმედი სეპარატისტული რადიკალური ძალებისთვის. ასეთი ძალები მთელს რეგიონში გვხვდება, მაგრამ ისინი გადამწყვეტ როლს არ ასრულებენ. მათ მაკედონიაშიც შეხვდებით."

მიტროვიცაში მომხდარ შეტაკებებს გამოეხმაურნენ უცხოეთის ლიდერები და საერთაშორისო ორგანიზიციები. აი, რა თქვა, მაგალითად, ევროპის კომისიის პრესმდივანმა ამადეუ ალტაფაი ტარდიომ:

[ამადეუ ალტაფაი ტარდიოს ხმა] "ძალადობა მიუღებელია. ეს არ არის საკითხის მოგვარების საშუალება. ყველა მხარემ უნდა ითანამშრომლოს, რათა ავაშენოთ მრავალეთნიკური კოსოვოს, რომელიც დამყარებული იქნება კანონის უზენაესობასა და დემოკრატიის პატივისცემაზე."

ბოლოს გეტყვით, რომ მიტროვიცის სასამართლოს შენობაზე დღეს დილით მიტანილ იერიშში მონაწილეობდა გაეროს პოლიციის 500-ზე მეტი მოსამსახურე (ძირითადად უკრაინელები), რომლებსაც ზურგს უმაგრებდა ნატოს ეგიდით მოქმედი რამდენიმე ასეული ფრანგი სამხედრო მოსამსახურე.
XS
SM
MD
LG