Accessibility links

logo-print

შიმშილობის აქციაში მონაწილე პოლიტიკური ლიდერები პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომას მოითხოვენ


შიმშილობის აქციაში მონაწილე პოლიტიკური ლიდერები პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვენ.

ამ მოთხოვნით გამოდიან ”ახალი მემარჯვენეები” და ოპოზიციის ერთიანი ეროვნული საბჭოს წევრები... ”მოთხოვნა არის უპირობო და შიმშილობის აქციას მხოლოდ მისი დაკმაყოფილების შემთხვევაში შევწყვეტთ”, - ასეთი განცხადება გააკეთა 17 მარტს ”ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა დავით გამყრელიძემ. თავად პარლამენტის თავმჯდომარემ მისი გადადგომის შესახებ ოპოზიციის მოთხოვნას ხალხის მოტყუების მცდელობა უწოდა..

საერთო მოთხოვნით, როგორც უკვე ვთქვით, ოპოზიციის ერთიანი ეროვნული საბჭოს წევრები და ”ახალი მემარჯვენეები” გამოდიან. პარლამენტის შენობის წინ და პარლამენტს გარეთ მოშიმშილე პოლიტიკური ლიდერები პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს მატყუარას უწოდებენ და თანამდებობიდან მის გადადგომას მოითხოვენ... დაიწყო მოსახლეობაში ხელმოწერების შეგროვება ბურჯანაძის გადადგომის მოთხოვნით... პარლამენტის თავმჯდომარის საცხოვრებელ სახლთან ოპოზიციის ერთიანი ეროვნული საბჭოს ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა გამართეს საპროტესტო აქცია ”გულქვა ბურჯანაძე, წადი” - ასეთი ტრანსპარანტი მიიტანეს პარლამენტის თავმჯდომარის სახლთან ეროვნული საბჭოს ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა ...

პირდაპირი შეტევა პარლამენტის თავმჯდომარეზე მაჟორიტარული არჩევნების წესთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილების მიღების შემდეგ დაიწყო.. ოპოზიციაში მიიჩნიეს, რომ საკონსტიტუციო ცვლილების მიღება იყო პირდაპირი გამოხატულება იმის, რომ კონსულტაციები ოპოზიციასა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის დროის გასაყვანად მიმდინარეობდა, რომ ხელისუფლებაში მის მიერ დადებული პირობის შესრულების ნება არ არსებობს... ნინო ბურჯანაძის გადადგომის თაობაზე მოწოდებები 16 მარტს პარლამენტის შენობის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე გაისმა, უკვე 17 მარტს კი პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნა შიმშილობის აქციაში მონაწილეთა უპირობო მოთხოვნად დასახელდა:

[დავით გამყრელიძის ხმა] ”ეს არის პოლიტიკური და მკაფიო მოთხოვნა ჩვენი. გადადგეს ბურჯანაძე და ჩვენც შევწყვეტთ აქციებს; ვინც იქნება მისი შემცვლელი, მასთან გავაგრძელებთ დანარჩენ საკითხებზე კონსულტაციებს. ნუ ებღაუჭება ამ სკამს.”

ეს განცხადება ”ახალი მემარჯვენეების” ლიდერმა, შიმშილობის აქციაში მონაწილე დავით გამყრელიძემ გააკეთა ზუსტად მაშინ, როცა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე ბიუროს წევრებს საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებზე ესაუბრებოდა:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] ”მნიშვნელოვანია ის, რომ სიებთან დაკავშირებული ყველა შეკითხვა მოიხსნას - ამ მხრივ, მუშაობა მიდის.სამწუხაროა,რომ არც ამ თემებზე და არც სხვა თემებზე ჩვენი ოპონენტები არ აგრძელებენ მუშაობას.”

ნინო ბურჯანაძემ გამოთქვა წუხილი, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები არ მონაწილეობენ მნიშვნელოვანი საკითხების განხილვაში. ოპოზიციის ერთიანი ეროვნული საბჭოს წევრმა, კონსერვატორმა ზვიად ძიძიგურმაც დაადასტურა, რომ სურვილიც არა აქვს საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებულ საკითხებზე ლაპარაკის:

[ზვიად ძიძიგურის ხმა] ”სურვილიც არ მაქვს ამაზე ვილაპარაკო. ბურჯანაძე არის დამნაშავე სიტუაციის გამწვავებაში და უნდა გადადგეს. მის მოწოდებებს აზრი არა აქვს, ეგ არის გაფარჩაკებული. ” (სტილი დაცულია)

პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომის შესახებ ოპოზიციის ლიდერების მოთხოვნას თავად ნინო ბურჯანაძემ ხალხის მოტყუების მცდელობა უწოდა. ”საპარლამენტო არჩევნებამდე ორიოდ თვე რომ არ იყოს დარჩენილი, შეიძლება ამ მოთხოვნაში რაიმე ლოგიკა მეპოვა”, - თქვა მან. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის კოტე გაბაშვილის კომენტარი:

[კოტე გაბაშვილის ხმა] ”მთავრდება პარლამენტის დრო. რა აუცილებლობაა, რატომ უნდა გადადგეს? გაუგებარია, ან რა მიზეზია..” (სტილი დაცულია)

კოტე გაბაშვილიც და საპარლამენტო უმრავლესობის სხვა წევრებიც მოთხოვნას არასერიოზულს უწოდებენ, მოშიმშილეები კი, ბურჯანაძის თანამდებობაზე დარჩენის შემთხვევაში, პოლიტიკური ვითარების კიდევ უფრო გამწვავებას ვარაუდობენ.. ”ახალი მემარჯვენეებისა” და ოპოზიციის ერთიანი ეროვნული საბჭოს მოთხოვნას, გადადგეს პარლამენტის თავმჯდომარე, არ უერთდება რესპუბლიკური პარტია... აქვე შევნიშნავ, რომ ოპოზიციის ერთი ნაწილი 19 მარტს თბილისში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წინ, საპროტესტო აქციის ჩატარებას გეგმავს. ეს აქცია უნდა დაემთხვას ჯორჯ ბუშთან მიხეილ სააკაშვილის შეხვედრას... სხვა მიმართულებით აქტიურობს ოპოზიციის კიდევ ერთი წარმომადგენელი, გია მაისაშვილი. ის მოუწოდებს სააკაშვილის ოპონენტებს შეიმუშაონ ერთობლივი მიმართვა ნატოს ბუქარესტის სამიტისადმი, საქართველოსთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭების მოთხოვნით.
XS
SM
MD
LG