Accessibility links

logo-print

განსხვავებული დამოკიდებულება მიხეილ სააკაშვილის ამერიკული ვიზიტის მიმართ


საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოფიციალურ ვიზიტს იწყებს ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც, წინასწარი ინფორმაციით,

იგეგმება შეხვედრა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშთან. ანალიტიკოსები და პოლიტოლოგები ვარაუდობენ, რომ ნატოს ბუქარესტის სამიტამდე ორი კვირით ადრე საქართველოს ლიდერი ჯორჯ ბუშისაგან ნატოში გაწევრიანების საკითხში მყარი მხარდაჭერის მოპოვებას შეეცდება. თუმცა ამ ვიზიტის მიმართ განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ საქართველოს ხელისუფლების ოპონენტებს, რომლებიც ვაშინგტონს ბოლო ხანს სულ უფრო ხშირად აკრიტიკებენ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისადმი ლოიალური დამოკიდებულების გამო.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯორჯ ბუში თეთრ სახლში უკანასკნელად უმასპინძლებს საქართველოს ლიდერს, რომელიც ოკეანის გაღმა 16 მარტს ბათუმიდან გაემგზავრა. თვითმფრინავის ტრაპთან ჟურნალისტებისათვის მიცემულ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილს დეტალურად არაფერი უთქვამს მოსალოდნელი ვიზიტის მიზნებზე, თუმცა საქართველოს პრეზიდენტმა ერთი სრულიად ერთმნიშვნელოვანი მინიშნება გააკეთა: ნატოში საქართველოს გაწევრიანების გარშემო უპრეცედენტო პოლიტიკური ბრძოლა მიმდინარეობს და ეს საკითხი სწორედ ახლა წყდებაო, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა შეერთებულ შტატებში გამგზავრების წინ. შესაბამისად, პოლიტიკის ექსპერტთა უმრავლესობა საქართველოში ვარაუდობს, რომ ”ამ უპრეცედენტო პოლიტიკურ ბრძოლაში” მიხეილ სააკაშვილს თავის ძლიერ მოკავშირედ ეგულება პრეზიდენტი ჯორჯ ბუში. საქართველოს პარლამენტის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ კოტე გაბაშვილმა რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, რომ ბუქარესტის ნატოს სამიტზე მხოლოდ ჯორჯ ბუშს შეუძლია დაარწმუნოს ყველა წამყვანი ქვეყნის ლიდერი იმაში, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს გაწევრიანების სამოქმედო გეგმაზე (MAP-ზე) გადასვლას:

[კოტე გაბაშვილი] ”პასუხის დიდი ნაწილი სწორედ ეს არის - ბუქარესტის ნატოს სამიტზე შესაძლო მხარდაჭერა, უფრო სწორად, ეს მხარდაჭერა არის, მაგრამ ისეთი მხარდაჭერა, რომელიც შეუძლია მხოლოდ ამერიკამ გასწიოს იმისათვის, რომ ჩვენ მაპ-ზე გადავიდეთ. ლაპარაკია, ამერიკის დახმარებაზე სხვა ქვეყნებთან, სკეპტიკოსებთან, სალაპარაკოდ, რასაკვირველია.” (სტილი დაცულია)

ნატოს წევრ იმ ”სკეპტიკოს ქვეყნებს” შორის, რომლებიც ნაადრევად მიიჩნევენ საქართველოსათვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმაში მონაწილეობას, პირველ რიგში, გერმანიასა და საფრანგეთს ასახელებენ. ამ ქვეყნების ასეთი თავშეკავების უმთავრესი მიზეზი კი არის რუსეთი, რომლისთვისაც საქართველოსა და უკრაინის ინტეგრაცია ნატოში ძლიერი გამაღიზიანებელი ფაქტორიაო, - ამბობს თბილისში არსებული დიპლომატიური აკადემიის რექტორი, პროფესორი სოსო ცინცაძე. ბუქარესტის ნატოს სამიტზე კი, სკეპტიკოსი ევროპელი ლიდერების გარდა, წინასწარი ინფორმაციით, რუსეთის ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინიც ჩადის, რაც საქართველოსთვის ერთობ ამცირებს გაწევრიანების გეგმის მიღების შანსებს. სწორედ ამან უკარნახა მიხეილ სააკაშვილს, რომ ვაშინგტონში ვიზიტი და პრეზიდენტ ჯორჯ ბუშთან შეხვედრა სწორედ ბუქარესტის სამიტამდე დაეგეგმაო, - უთხრა სოსო ცინცაძემ რადიო ”თავისუფლებას”:

[სოსო ცინცაძე] ”ახლა პუტინი არასოდეს არ ჩადიოდა. პუტინს ყოველთვის პატიჟებდნენ ამ სამიტებზე. წესია ასეთი.

[კობა ლიკლიკაძე] ”და რას ელის? ამ შეხვედრის წინ რა სურს სააკაშვილს ბუშისაგან?

[სოსო ცინცაძე] ”სააკაშვილი ელის ბუშისაგან, რომ პუტინი დააჯეროს, ანუ ეს მერკელი და საფრანგეთი დაარწმუნოს, რომ 2 აპრილს მაპი მოგვცენ. იმიტომ, რომ ახლა ეს მიშასთვის პრინციპული მნიშვნელობის საკითხია. დღეს, საქართველოს შიდაპოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით, ხელისუფლებისთვის ეს იქნებოდა ბროლის ოცნების განხორციელება.” (სტილი დაცულია)

ამ ”ბროლის ოცნების” განხორციელებამდე კი ჯერ წინ არის პრეზიდენტების ჯორჯ ბუშისა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა, რომლის მიმართაც კრიტიკული დამოკიდებულება აქვს ქართულ ოპოზიციას - როგორც მის დემოკრატიულ და ლიბერალურ, ისე კონსერვატიულ ნაწილს. რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბერძენიშვილმა, განაცხადა, რომ თეთრ სახლში მიღებით ჯორჯ ბუში ახდენს მიხეილ სააკაშვილის ლეგიტიმაციას, რომელსაც ქართული პოლიტიკური სპექტრი არ ცნობს:

[ლევან ბერძენიშვილი] ”ჩემი აზრით, ეს არ არის ყველაზე გონივრული იმათგან, რაც გაუკეთებია შეერთებულ შტატებს. მიხეილ სააკაშვილს ახლა ვიზიტი არ ეკუთვნოდა, ნამდვილად ვიცი, იმ არჩევნების შემდეგ, რანაირი არჩევნებიც ჩაატარა. მაგრამ ვინაიდან წინ გვაქვს საპარლამენტო არჩევნები, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი გამოყენებული იქნება შეერთებული შტატების მიერ - და ამას სხვებიც გაიგებენ - როგორც ჭკუისმასწავლებელი და მიმანიშნებელი, რომ შემდგომში ასეთი რამ არ უნდა მოხდეს.” (სტილი დაცულია)

აი, მოკლედ, ასეთ, ერთობ განსხვავებულ, მოლოდინს უკავშირებენ ხელისუფლებისა და ოპოზიციის მომხრეები მიხეილ სააკაშვილისა და ჯორჯ ბუშის მომავალ შეხვედრას ვაშინგტონში. თუმცა, რით დასრულდება ეს შეხვედრა, მხოლოდ 20 მარტს გაირკვევა.
XS
SM
MD
LG