Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპროტესტო გამოსვლები და მსხვერპლი ტიბეტში


დემონსტრაციები 10 მარტს დაიწყო ტიბეტში ჩინელთა მმართველობის 49-ე წლისთავთან დაკავშირებით - ამ მმართველობის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად.

საპროტესტო აქციები არეულობაში გადაიზარდა და ტიბეტის დედაქალ ლჰასიდან მეზობელ პროვინციებზე გავრცელდა - ჩინეთის იმ რეგიონებზე, სადაც ბუდისტური მონასტრები და ეთნიკური ტიბეტელების მრავალრიცხოვანი სათვისტომოებია.

ჩინეთის ოფიციალური საინფორმაციო საშუალებები აჩვენებდნენ კადრებს, როგორ აყირავებდნენ ტიბეტელი დემონსტრანტები პოლიციის მანქანებს, არბევდნენ მაღაზიებს, შეურაცხყოფდნენ ჩინელ მოქალაქეებს.
ტიბეტელთა ამ საპროტესტო აქციებმა (უნდა ითქვას ყველაზე უფრო მწვავე და მასშტაბურმა აქციებმა ბოლო თითქმის 20 წლის მანძილზე) საჩოთირო მდგომარეობაში ჩააგდო ჩინეთის მმართველი კომუნისტური რეჟიმი, რომელიც ძალისხემვას არ იშურებს, პეკინის მოახლოებულ ოლიმპიადასთან დაკავშირებით, ჰარმონიული გარემოს წარმოსაჩენად.

არადა, ტიბეტელი ოპოზიციონერები ირწმუნებიან, რომ ბოლო დღეების საპროტესტო აქციების დროს, სულ ცოტა, 80 ტიბეტელი გამოასალმეს სიცოცხლეს მარტო ერთ ქალაქში - ლჰასაში. შეგვიძლია, მოვისმინოთ ტიბეტელების დევნილობაში, ინდოეთში მოქმედი მთავრობის პრეს-მდივან ტუმბტენ სამფელის განცხადება, რომელიც მან გუშინ გააკეთა:
[სამფელის ხმა] “დღევანდელი, 16 მარტის ინფორმაციით, არის დადასტურებული მონაცემები ლჰასაში 80 დაღუპულის შესახებ. მათი ვინაობა დაუდგენელია. ვრცელდება ასევე ინფორმაცია 72 ტიბეტელის დაჭრის შესახებ. ასე რომ, 80 დაღუპულსა და 72 დაჭრილზე იუწყებიან მარტო ქალაქ ლჰასიდან. არ გაგვაჩნია ინფორმაცია მსხვერპლის რაოდენობაზე ტიბეტის სხვა ადგილებიდან”.

ცნობას 80 დაღუპულის შესახებ უარყოფს ტიბეტის გუბერნატორი ჩანგბა პინკუო. მისი თქმით, დაღუპული სამოქალაქო პირების რიცხვი 16-ს არ აღემატება. დღეს პეკინში გამართულ პრეს-კონფერენციაზე ტიბეტის გუბერნატორმა უარყო ინფორმაცია, თითქოს ჩინეთის უშიშროების ძალებმა მომაკვდინებელი იარაღი გამოიყენეს დემონსტრანტების წინააღმდეგ: [ჩანგბა პინკუოს ხმა] “შემიძლია ოფიციალურად გითხრათ, რომ არ გამოგვიყენებია მომაკვდინებელი იარაღი ამ ინციდენტის მოსაგვარებლად. ვიცი, რომ ვრცელდება ბევრი ჭორი, ზოგი საინფორმაციო საშუალება იუწყება 30, 50, ის კი არა, 80 მოკლულის შესახებ. მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის უსაფუძვლო ინფორმაცია”.

იქვე გუბრენტორმა ტიბეტელი ბუდისტების ლიდერის, დალაი ლამას მიმდევრებს წაუყენა ბრალდება, რომ ისინი ცდილობენ პროტესტის აგორებას ჩინეთში დესტაბილიზაციის მისაღწევად პეკინის ოლიმპიადის მოახლოებასთან დაკავშირებით.

დალაი ლამასა და მისი მიმდევრებისადმი მწვავე კრიტიკა იბეჭდება პრესაშიც. ჩინეთის კომუნისტურმა რეჟიმმა, როგორც კომპარტიის გაზეთ “ტიბეტ დეილიში” ვკითხულობთ, “სახალხო ომი” გამოუცხადა დალაი ლამასადმი მხარდაჭერას ტიბეტში.

თვით დალაი ლამამ კი, როგორც ცნობილია, ნობელის სამშვიდობო პრემიის ლაურეატმა, რომელიც თითქმის ნახევარი საუკუნეა ემიგრაციაში ცხოვრობს, საპასუხო კრიტიკა გამოთქვა - პეკინი ტიბეტის კულტურულ გენოციდში დაადანაშაულა.

[დალაი ლამას ხმა] “ჩინეთის მთავრობა აღიარებს, თუ არა - პრობლემა არსებობს. პრობლემა არის ის, რომ ძველი კულტურის ერი სერიოზული საფრთხის წინაშე დგას”. იქვე დალაი ლამამ გაიმეორა, რომ კვლავაც არაძალადობრივი გზის ერთგული რჩება და კვლავაც მხარს უჭერს აგვისტოში პეკინში ზაფხულის ოლიმპიადის ჩატარებას, მაგრამ მოითხოვს ტიბეტელთა დემონსტრაციების დარბევის საერთაშორისო გამოძიებას.

პაკინი კი პირიქით, ჯერ-ჯერობით ზღუდავს უცხოელებისთვის ტიბეტში შექმნილ ვითარებაში გარკვევას. დღეს მან ათზე მეტი ჰონკონგელი ჟურნალისტი გააბრუნა ტიბეტიდან, დაბლოკილია რამდენიმე სატელიტური ტელეარხი და ინტერნეტგვერდი.
XS
SM
MD
LG