Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტი სახალხო დამცველის ანგარიშის მოსმენას არ აპირებს


„სახალხო დამცველის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის თანახმად, სახალხო დამცველი ვალდებულია წელიწადში ორჯერ მოამზადოს ანგარიში,

რომელშიც ასახული იქნება ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით საქართველოში შექმნილი მდგომარეობა, და ამ ანგარიშით ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წინაშე წარდგეს. 2007 წლის ანგარიში სოზარ სუბარმა დათქმულ ვადაში მოამზადა, მაგრამ დეპუტატებმა თითქმის 1500-გვერდიანი ნაშრომის მოსასმენად დღემდე ვერ მოიცალეს. მეტიც, ირკვევა, რომ პარლამენტი სახალხო დამცველის მიწვევას და მისი ანგარიშის მოსმენას საერთოდ არ აპირებს. რა წერია ომბუდსმენის ანგარიშში და რატომ აარიდა თავი პარლამენტმა სოზარ სუბარის მოსმენას?

საქართველოს პარლამენტს, ცალკეული დეპუტატების წინააღმდეგობის მიუხედავად, სახალხო დამცველის ანგარიშის მოსმენაზე უარი პირველად არ უთქვამს. უმრავლესობის წევრები, როგორც წესი, მოსმენისთვის ვერ იცლიდნენ, ოპოზიცია კი მწვავე, კრიტიკულ განცხადებებს სჯერდებოდა.

[გია ცაგარეიშვილის ხმა] „იმ ქვეყანაში, სადაც მუდმივად ირღვევა ადამიანის უფლებები, სადაც ხალხს იტაცებენ, აწამებენ და კლავენ, სადაც ირღვევა კერძო საკუთრების უფლება, ამ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო უარს აცხადებს სახალხო დამცველის ანგარიშის მოსმენაზე, რომელ მორალზე და ზნეობაზეა ლაპარაკი. იქნებ 2012-ში განვიხილოთ ეს მოხსენება, რა საჭიროა?!“ (სტილი დაცულია)

დეპუტატ გიორგი ცაგარეიშვილს, როგორც იტყვიან, ენამ უყივლა. ოპოზიციონერმა დეპუტატმა ეს განცხადება 2006 წლის ზამთარში გააკეთა. მას შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობამ სახალხო დამცველის ანგარიშისთვის ვერა და ვერ მოიცალა. სულ ახლახან კი გაირკვა, რომ სოზარ სუბარის ანგარიშს არა მოქმედი, არამედ მაისში არჩეული პარლამენტი მოისმენს. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილი განმარტავს:

[ხათუნა გოგორიშვილის ხმა] „თუ ვინმეს უნდა, რომ ეს იყოს ფორმალური განხილვა, რომ პლუსი დავუსვათ სახალხო დამცველს შემოტანილი ანგარიშისთვის, ეს ერთია, მაგრამ თუ ვინმეს უნდა, რომ იყოს არსობრივი განხილვა, ამას სჭირდება დრო, რათა ფრაქციები და კომიტეტები სათანადოდ მოემზადონ.“

საგულისხმოა ის, რომ ყველა წინა შემთხვევაშიც საპარლამენტო უმრავლესობა ომბუდსმენის ანგარიშის განხილვაზე უარს მსგავსი მიზეზით ამბობდა. ორი წლის წინ დეპუტატმა ლალი ფაფიაშვილმა რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, რომ უმრავლესობა არ გაურბის მწვავე საკითხების საჯარო განხილვას:

[ლალი ფაფიაშვილის ხმა] „ამ ეტაპზე არ ვიხილავთ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ არსებობდა კომიტეტის თავმჯდომარის თხოვნა, რომ ანგარიშის განხილვა არ მომხდარიყო მისი დასწრების გარეშე. ასევე არ გვინდა ამ სქელტანიანი და საკმაოდ სერიოზული ნაშრომის ზერელედ, დაჩქარებული ტემპით განხილვა. და კიდევ: ერთხელ და სამუდამოდ უნდა გაიგოს ყველამ, რომ არ არსებობს თემა ან საკითხი, რომელსაც ხელისუფლება გაურბის ან რომლის მიჩუმათებასაც ცდილობს.“ (სტილი დაცულია)

თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის გულწრფელობაში ეჭვი შეაქვს ოპოზიციას. დეპუტატ მამუკა კაციტაძის კომენტარი:

[მამუკა კაციტაძის ხმა] „ეს ნიშნავს მარტივ რამეს - რომ ამ ხელისუფლებას ადამიანის უფლებები არ აღელვებს და არ აინტერესებს და მათზე საუბარი არ სურს საქართველოს პარლამენტში. მეორე: ხელისუფლება თავს არიდებს იმ კატეგორიულ კრიტიკას, რომელიც სახალხო დამცველის ანგარიშში არის და რომელიც მიმართულია ამ ხელისუფლების, ძირითადად კი ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ. ეს არის პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მორიგი ნიმუში და მაგალითი.”

ხელისუფლებას, უფრო სწორად კი, საპარლამენტო უმრავლესობას უსაყვედურებს თავად სახალხო დამცველიც. სოზარ სუბარის თქმით, 2007 წლის ანგარიშში მას ისეთი არაფერი შეუტანია, რაც ხელისუფლებას არ ჩაედინოს და, შესაბამისად, რის შესახებაც დეპუტატები ინფორმაციას არ ფლობდნენ:

[სოზარ სუბარის ხმა] „პარლამენტმა უარი თქვა მოხსენების მოსმენაზე იმ მოიტივით, რომ ვერ ასწრებენ წაკითხვას, თუმცა იქ წასაკითხიც არაფერია, იმიტომ რომ ყველა ფაქტი, რომელიც აღწერილია, ამ ხელისუფლების მიერაა ჩაწერილი. წასაკითხი რაა? უნდა გადაავლონ საკუთარ მეხსიერებას თვალი, მეტი არაფერი." (სტილი დაცულია)

სოზარ სუბარის თქმით, ანგარიშში შესულია როგორც 2007 წელს განვითარებული მოვლენების შეფასება, ასევე ის, თუ რა ტენდენციებს ჰქონდა ადგილი უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში:

[სოზარ სუბარის ხმა] „მთავარი აქცენტი გაკეთდა შეკრებისა და მანიფესტაციების თავისუფლებაზე, გამოხატვის თავისუფლებაზე, უდანაშაულობის პრეზუმფციაზე და პოლიტიკურ დევნაზე, ანუ პოლიტიკური მოწინააღმდეგეების დევნაზე. პირდაპირ ვიტყვი: ეს არის შემზარავი ფაქტები, როცა კითხულობ ამ ყველაფერს, ერთად თავმოყრილს. თითქოს ყველამ ყველაფერი ვიცით, მაგრამ გაცილებით ძნელია, როცა კითხულობ, მაგალითად, როგორ აყენებდნენ შეურაცხყოფას „იმედში“ ჟურნალისტებს, როგორ უშვებდნენ სათითაოდ და მერე ნადირობდნენ მათზე, როგორც კურდღლებზე შერვუდის ტყეში."

სულ, ჯამში, სახალხო დამცველის ანგარიში დაახლოებით 1500 გვერდისგან შედგება და მასში თავმოყრილია ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები საქართველოს პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროდან, თუმცა, ფაქტების აღწერის გარდა, სახალხო დამცველი მაღალი თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის საკითხსაც აყენებს. კერძოდ, ლაპარაკია, შინაგან საქმეთა მინისტრის, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარისა და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის როგორც თანამდებობებიდან გადაყენების, ასევე სისხლის სამართლის საქმეების აღძვრის მიზანშეწონილობაზე. სოზარ სუბარის თქმით, ვანო მერაბიშვილმა თუნდაც იმისთვის უნდა აგოს პასუხი, რომ გასული წლის ნოემბერში მიტინგების დაშლისას გამოიყენა რეზინის ტყვიები, რაც საქართველოს კანონმდებლობით არ არის ნებადართული.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG