Accessibility links

logo-print

საქართველოს პრეზიდენტი აფხაზეთის კონფლიქტის მოსაგვარებლად ''ახალ ინიციატივებზე'' საუბრობს - ექსკლუზიური ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან


შეერთებულ შტატებში ვიზიტის მეორე დღეს, 18 მარტს, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნიუ იორკში შეხვდა გაეროს გენერალურ მდივანს ბან კი მუნს.

სხვა საკითხებთან ერთად, საუბარი შეეხო ეგრეთ წოდებულ "კოსოვოს პრეცედენტსა" და მის შესაძლო გავლენას საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ მოუგვარებელ კონფლიქტებზე, აფხაზეთიდან იძულებით ადგილნაცვალ პირთა სამშობლოში დაბრუნებას, გაეროს სამეთვალყურეო მისიის საქმიანობას და სხვა აქტუალურ პრობლემებს. ბან კი მუნთან 25-წუთიანი შეხვედრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა ინტერვიუ მისცა რადიო "თავისუფლებას". ჩვენმა ნიუიორკელმა კორესპონდენტმა ნიკ კრასტევმა საქართველოს პრეზიდენტს ჯერ ე.წ. "გაყინულ კონფლიქტების" მოგვარებაში გაეროს როლის შეფასება სთხოვა.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] "გაერო ჩაბმული უნდა იყოს საშუამავლო ძალისხმევაში. უახლოეს დღეებში ჩვენ მზად ვიქნებით ახალი ინიციატივების წამოსაყენებლად, რომელთა მიზანი აფხაზეთში შექმნილი ვითარების მოგვარებაა. გვჯერა, რომ ეს სტიმულს მისცემს დიალოგის განახლებას და კეთილგონიერ ნაბიჯებს გადაგვადგმევინებს. მეორე მხრივ, აშკარაა, რომ ამჟამინდელმა ფორმატმა დრო მოჭამა, მოძველდა, განსაკუთრებით რაც შეეხება დსთ-ის როლს. ამაზე გაეროს გენერალურ მდივანს დიდხანს ვესაუბრე და უნდა ითქვას ერთი რამ: სანქციების შესახებ დსთ-ის მიერ მიღებული ხელშეკრელებიდან გასვლით რუსეთმა, პრაქტიკულად, მთელი ფორმატი შეცვალა. შეცვალა თამაშის წესები და დაგვაყენა ახალი რეალობის წინაშე. ჩვენ იძულებული ვხდებით, ამ ახალ რეალობას მოვერგოთ - და ეს გაეროსაც ეხება."

ასე უპასუხა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ნიუ იორკში ჩვენს კორესპონდენტს შეკითხვაზე, როგორ აფასებს გაეროს როლს საქართველოს სეპარატისტული პრობლემების მოგვარებაში. შემდეგი შეკითხვა ეხებოდა თბილისის ახალ ინიციატივებს კონფლიქტის მოგვარების საქმეში.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] "სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლებას ახალ წინადადებათა პაკეტი შევთავაზეთ, რათა შესაძლებელი გახდეს დიალოგის განახლება. მათ შევთავაზეთ ჩვენეული ხედვა იმისა, თუ რას შეიძლება ელოდნენ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მხრივ და როგორ წარმოგვიდგენია მათი ადგილი ერთიანი საქართველოს ფარგლებში."

ბოლო შეკითხვა, როელიც რადიო "თავისუფლების" ნიუიორკელმა კორესპონდენტმა საქართველოს პრეზიდენტს დაუსვა, რუსეთის როლს ეხებოდა: რუსეთს მტრად მიიჩნევთ თუ მეგობრადო? სააკაშვილის პასუხი:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] "რუსეთს განვიხილავთ, როგორც პარტნიორს, როგორც უდიდესი შესაძლებლობების ქვეყანას. განვიხილავთ მეგობრული პოტენციალის ქვეყნად, რომელსაც რეგიონში დადებითი როლის შესრულება შეუძლია. ჯერ კიდევ მრავლად გვაქვს მოუგვარებელი საკითხი და ამიტომ, ვფიქრობ, აუცილებელია რუსეთის ახალ ლიდერებთან ერთად მაგიდას მივუსხდეთ და ვცადოთ იმის გაკეთება, რაც მათთვის უწინაც არაერთხელ შემითავაზებია: საუბრის ცარიელი ფურცლიდან დაწყება. რადგან ახლანდელი მდგომარეობა სასიკეთოს არაფერს მოგვიტანს. საქართველო პატარა ქვეყანაა და რუსეთთან კონფრონტაციის რეჟიმი სულაც არ გვაძლევს ხელს. ეს მეტად უარყოფითად მოქმედებს ჩვენს მდგომარეობაზე და ყველაფერზე, რაც საქართველოს განვითარებას უკავშირდება. ამიტომ აუცილებლად გასაკეთებელ საქმეებს შორის, ერთ-ერთი უმთავრესი რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებაა."

ეს შეფასება გამოთქვა რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტთან, ნიკ კრასტევთან საუბარში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ნიუ იორკში, გაეროს გენერალურ მდივან ბან კი მუნთან შეხვედრის შემდეგ.
XS
SM
MD
LG