Accessibility links

ქართული პრესის მიმოხილვა

  • ნიკო ნერგაძე

”პატარკაციშვილებს 'იმედი' მაინც წაართვეს” - წერს მოწინავე გვერდზე დღევანდელი ”ალია”. გაზეთის ცნობით, ბადრი პატარკაციშვილის დეიდის გერი, ამერიკაში მცხოვრები იოსებ კაკალაშვილი,

რომელსაც აგრეთვე ჯოზეფ კეის სახელით იცნობენ, საქართველოში იყო ჩამოსული და ხელისუფლებასთან ფარულ მოლაპარაკებას აწარმოებდა. ”ალია” წერს: როგორც ირკვევა, ტელეკომპანია ”იმედის” მფლობელი, დოკუმენტების მიხედვით, არა ბადრი პატარკაციშვილი, არამედ მისი თბილისელი მეგობარი, ვინმე გოგი ჯაოშვილი ყოფილა. ჰოდა, ამ ჯაოშვილს მეგობრის ”იმედი” ბატონ ბადრის თბილისში ჩამოსვენებამდე ერთი კვირით ადრე ჯოზეფ კეისთვის სასამართლოს წესით გადაუფორმებია. კეის კიდევ ხუთი წლის მმართველობით ვიღაცისთვის გადაუცია. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, ვის მისცა ჯერ კაკალაშვილმა და მოგვიანებით კი ჯოზეფ კეიმ პატარკაციშვილის ”იმედი”, - წერს ”ალია”. გაზეთი დაუკავშირდა ბადრი პატარკაციშვილის დას, ნანას, რომელმაც ეს ინფორმაცია დაადასტურა.

”რეზონანსის” მოწინავე სტატია საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშს ეხება. გაზეთი წერს, რომ სოზარ სუბარი თავის ანგარიშში შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის, პოლიტიკური და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვს, რადგან 7 ნოემბერს მომიტინგეთა წინააღმდეგ უკანონოდ იქნა გამოყენებული რეზინის ტყვიები და მიტინგის დაშლაში მონაწილეობდნენ თავდაცვის სამინისტრო და სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, რომელთაც ამის უფლება არ ჰქონდათ. ავტორი წერს: ”ამის პასუხად პარლამენტი მისი ანგარიშის განხილვაზე უარს ამბობს. ნინო ბურჯანაძის თქმით, ”ანგარიში საკმაოდ მოცულობითია და პარლამენტი, რომელიც დაახლოებით ორ კვირაში მუშაობას შეწყვეტს, მის განხილვას ვერ შეძლებს”. გაზეთი ასკვნის: ”შესაბამისად, ჩანს, რომ ხელისუფლება არ აპირებს ადამიანის დასახიჩრებაში პასუხისმგებელი პირების დასჯას.” სრულად სტატიას დღევანდელ ”რეზონანსში” წაიკითხავთ.

ოპოზიციის ახალ მოთხოვნებს ეხმიანება ”24 საათი”. სტატიის სათაურია ”გადადგომის მოთხოვნა გადადგომამდე რამდენიმე კვირით ადრე”. ავტორი სტატიას ასე იწყებს: ”ხელისუფლებისა და ოპოზიციის დაპირისპირების თემები კალეიდოსკოპური სისწრაფით იცვლება. 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ წინა პლანზე ამ არჩევნების შედეგების გადასინჯვის მოთხოვნამ წამოიწია. ცოტა მოგვიანებით ყურადღების ცენტრში ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” ხელმძღვანელის პერსონა მოექცა. ამას მოჰყვა დავა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გარშემო. დღეს კი ყველაზე მოდური მოთხოვნა პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომაა”, - წერს დღევანდელი ”24 საათი”.

”საქართველოს რესპუბლიკა” აქვეყნებს მოზრდილ სტატიას, რომელშიც საქართველოს მეცნიერებასა და განათლების სისტემაში არსებულ ხარვეზებზეა ლაპარაკი. სტატიას ხელს აწერს ”ქართული აკადემია”, სათაურია - ”კვლავაც არ წამოვეგოთ ფარისევლური წინასაარჩევნო დაპირებების ანკესს”. ტექსტში ნათქვამია: ”მეცნიერებისა და განათლების მიმართ აშკარად გამოხატული სიძულვილითა და აგრესიით გამორჩეულ ჩვენს ხელისუფალთ არც ის ადარდებთ, რომ ევროკავშირის ქვეყნები მეცნიერების დასაფინანსებლად ყოველწლიურად მთლიანი შიდაეროვნული პროდუქციის 3 პროცენტს გამოყოფენ, საქართველო კი მხოლოდ 0.2 პროცენტზე ნაკლებს.” - მთლიანად წერილს დღევანდელ
”საქართველოს რესპუბლიკაში” წაიკითხავთ.
XS
SM
MD
LG