Accessibility links

logo-print

ვაშინგტონის საგარეო და სამხედრო უწყებათა ხელმძღვანელებმა რუსეთში ვიზიტი დაასრულეს


დასრულდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისისა და თავდაცვის მინისტრის რობერტ გეიტსის ვიზიტი რუსეთში.

სტუმრები, ხელისუფლების წარმომადგენელთა გარდა, ოპოზიციის ლიდერებსაც შეხვდნენ. რას ფიქრობენ პოლიტოლოგები – რა მიზანი უნდა ჰქონოდა შეერთებული შტატების გავლენიანი პოლიტიკოსების ვიზიტს ქვეყანაში, რომელსაც ახალი პრეზიდენტი ჰყავს?

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნისთვის უკვე ერთგვარ ტრადიციად იქცა – მოსკოვში სტუმრობისას შეხვდეს რუსეთის ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს. კონდოლიზა რაისმა ტრადიცია არც ამჯერად დაარღვია, თუმცა ის ამჯერად აღარ შეხვედრია კრემლის ორ ყველაზე შეუპოვარ მოწინააღმდეგეს – რუსეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს მიხაილ კასიანოვსა და ექს-მსოფლიო ჩემპიონს ჭადრაკში გარი კასპაროვს. აქვე გავიხსენოთ, რომ ამ ორ გამოკვეთილად აქტიურ ოპოზიციონერს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის საშუალება არ მიეცა.

სამაგიეროდ, კონდოლიზა რაისმა და რობერტ გეიტსმა საუზმის თანხლებით ისაუბრეს ორ სხვა, ასევე თვალსაჩინო, ოპოზიციონერთან – ყოფილ დეპუტატ ვლადიმირ რიჟკოვსა და პარტია "იაბლოკოს" ლიდერ გრიგორი იავლინსკისთან. როგორც ჩანს, საუზმის ფონზე შემდგარი საუბარი ქვეყნის შიდა პრობლემებზე მეტად ქვეყნის საგარეო პრობლემებს შეეხებოდა, კერძოდ, ამერიკისა და რუსეთის ურთიერთობაში არსებულ მოუგვარებელ პრობლემებს. როგორც იავლინსკიმ რადიო “თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, მას საშუალება მიეცა კონდოლიზა რაისისა და რობერტ გეიტსისთვის აეხსნა, თუ რატომ ვერა და ვერ იქცნენ ამერიკა და რუსეთი მოკავშირეებად ბოლო 20 წლის მანძილზე:

[გრიგორი იავლინსკის ხმა] "მიზეზს წარმოადგენს მცდელობა, რომ ურთიერთობები ჩამოყალიბდეს ნახევრად-დაპირისპირებისა და ნახევრად-თანამშრომლობის ჭრილში. მოვლენებმა დაგვანახვა, რომ ასე არაფერი გამოვა და რომ ასე ურთიერთობები ვერ აეწყობა... გამოვიდა, რომ ორივე ქვეყანამ შეინარჩუნა მთელი ბირთვული პოტენციალი და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და, სხვათა შორის, სამიზნეებიც, საითკენაც მიმართულია ეს პოტენციალი."

აშკარაა, რომ ქვეყნები სიფრთხილითა და ეჭვით ეკიდებიან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში გადადგმულ თითოეულ ნაბიჯს. რუსეთი ვერა და ვერ შეეგუა ამერიკის შეერთებული შტატების გეგმას – ევროპაში განათავსოს ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის ელემენტები. სავარაუდოდ, სწორედ ეს საკითხი იხილებოდა გეიტსისა და რაისის შეხვედრაზე რუს კოლეგებთან – თავდაცვის მინისტრ ანატოლი სერდიუკოვსა და საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან. საუბრის თემას, როგორც იუწყებიან, წარმოადგენდა ასევე ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობა.

ამ საკითხებთან დაკავშირებით მნიშვნელოვან შედეგებსა და, ასე ვთქვათ, გარღვევას არავინ მოელოდა. და ეს არც მომხდარა. ის, რომ თავდაცვისა და უსაფრთხოების სეგმენტებთან დაკავშირებით საერთო ენა ჯერ ვერ გამოინახა, ჟურნალისტებს 18 მარტს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე საკმაოდ კატეგორიული ტონით აუწყა კრემლის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა. თუმცა საუბრის დასასრულს საჭიროდ მიიჩნია გამოეხატა გარკვეული იმედიც:

[სერგეი ლავროვის ხმა] "ჩვენი შეშფოთების საპასუხოდ, - მართალია, ამერიკა მაინც აპირებს დაასრულოს სამუშაო მესამე პოზიციურ რეგიონში (ევროპაში), - შეერთებულმა შტატებმა წარმოგვიდგინა საკმაოდ მნიშვნელოვანი და სასარგებლო წინადადებები, რომლებსაც ჩვენ განვიხილავთ... და რომლებსაც ამერიკის მხარე წარმოგვიდგენს, გამომდინარე მისი მისწრაფებიდან – მოგვიხსნას შეშფოთება."

“ჰერიტიჯ ფაუნდეიშენის” მოსკოვის ოფისის ხელმძღვანელი ევგენი ვოლკი დარწმუნებულია, რომ მაღალი რანგის ამერიკელი პოლიტიკოსების ამ ბოლო ვიზიტს მოსკოვში წმინდა სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა და მცდელობა იყო იმის დემონსტრირებისა, რომ ორი ქვეყანა სამომავლო ურთიერთობების გაუმჯობესებაზე ფიქრობს და კეთილგანწყობილია.

18 მარტს მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადებით, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი მაინც შეეცადა მოლაპარაკებათა ნაყოფიერებისთვის გაესვა ხაზი. თუმცა მისი კომენტარი მაინც ზოგადი ხასიათის იყო:

[კონდოლიზა რაისის ხმა] "ჩვენ შევთანხმდით, რომ უნდა არსებობდეს ერთიანი სტრატეგიის ჩარჩო დოკუმენტი ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტებისთვის, დოკუმენტი, სადაც აისახება ამ ორი ქვეყნის სამომავლო ურთიერთობათა ყველა ელემენტი. ჩვენ შევათანხმეთ ეს ელემენტები და ზოგიერთ მათგანთან მიმართებით მნიშვნელოვან წინსვლასაც მივაღწიეთ."

რუსეთისა და შეერთებული შტატების ურთიერთობაზე ზრუნვა ახალ პრეზიდენტებს მოუწევთ. მაისიდან ვლადიმირ პუტინს ოფიციალურად ჩაანაცვლებს დმიტრი მედვედევი, რომელსაც წლის ბოლოს თავისი ამერიკელი კოლეგის ვინაობაც ეცოდინება.

რადგანაც წინა ასეთი შეხვედრა მოსკოვში გაიმართა, პროტოკოლის მიხედვით, მომდევნო ვაშინგტონში უნდა გამართულიყო, მაგრამ მასპინძლის როლი კვლავ მოსკოვს ერგო. ვოლკი ფიქრობს, რომ ამერიკამ ასეთი ნაბიჯი ახალი პრეზიდენტის გასაცნობად გადადგა. დასამალი არ არის, რომ ვაშინგტონს ძალიან აინტერესებს ვინ არის და როგორია დმიტრი მედვედევი, ადამიანი, რომელიც კრემლის პირველი კაცი უნდა იყოს, სულ მცირე, მომდევნო 4 წლის განმავლობაში:

[ევგენი ვოლკის ხმა] "მათი ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი, რა თქმა უნდა, იყო ის, რომ მედვედევს შეხვედროდნენ, რათა გაეგოთ, არის თუ არა რაიმე სხვაობა მასა და პუტინს შორის. იმიტომ რომ, თუკი გახსოვთ, დაახლოებით 2 კვირის წინ მედვედევმა ნათლად თქვა, რომ ის მოაწესრიგებს რუსეთის საგარეო პოლიტიკას... და ეს, რა თქმა უნდა, ნათელი სიგნალია, რომ ის არ აპირებს იყოს მხოლოდ მარიონეტი... მას მართლაც უნდა, გავლენიანი პრეზიდენტი გახდეს."

პიროვნული შთაბეჭდილებების შესახებ არავის არაფერი უთქვამს, თუმცა კონდოლიზა რაისი და რობერტ გეიტსი სამშაბათს მომავალ პრეზიდენტს - დმიტრი მედვედევსაც შეხვდნენ და მომავალ პრემიერ-მინისტრსაც - ვლადიმირ პუტინს, რომელიც მართვის სადავეების დათმობას არ აპირებს.
XS
SM
MD
LG