Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციის ეროვნულმა საბჭომ აშშ-ის საელჩოსთან საპროტესტო აქცია მოაწყო


ვაშინგტონში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და აშშ-ის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის შეხვედრამდე რამდენიმე საათით ადრე

საქართველოში, აშშ-ის საელჩოსთან, ოპოზიციის საპროტესტო აქცია გაიმართა. ოპოზიციის ეროვნული საბჭოს მიერ ორგანიზებული მიტინგის მონაწილენი აშშ-ის მთავრობისაგან მიხეილ სააკაშვილისთვის მხარდაჭერის შეწყვეტასა და დემოკრატიული არჩევნების უზრუნველყოფას მოითხოვდნენ. საპროტესტო აქციაზე გაისმა სხვა მოწოდებებიც.

თბილისში, აშშ-ის საელჩოს მახლობლად, ათასამდე მოქალაქე შეიკრიბა და ლიდერების მოსვლამდე, ტრადიციისამებრ, ხმის გამაძლიერებლების გამართვა დაიწყო. იქვე მომიტინგეებმა იკითხეს, გაიგონებდა თუ არა მათ ხმას დაახლოებით ნახევარი კილომეტრით დაშორებული საელჩოს პერსონალი.

[ისმის მიტინგის ხმა] ”კი, მათ ესმით, ესმით. მერწმუნეთ, რომ მათ ესმით...”

აიმედებდა მომიტინგეებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი. სანამ მიტინგი დაიწყებოდა, მე რამდენიმე მოქალაქეს გავესაუბრე და აშშ-ის საელჩოსთან თავმოყრის მიზეზი ვკითხე.

[მოქალაქეთა ხმა] ”ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმიტომ, რომ ჩვენი პროტესტი გამოვთქვათ ამერიკის ადმინისტრაციის წინააღმდეგ. ეს პროტესტი გამოიხატება იმაში, რომ არალეგიტიმურ ხელისუფლებას - კერძოდ, ჩვენს პრეზიდენტს - დაუჭირა მხარი გაყალბებული არჩევნების შემდეგ.”

”ხალხად არ გვთვლიან, ჩვენ ერად არ ჩაგვთვალეს და ჩვენ კი არ ავირჩიეთ, მაგათ თვითონ დანიშნეს, თვითონ უნდათ ეს პრეზიდენტი. ესე იგი ჩვენ ძაღლად არ გვაგდებს აშშ, ეგრე გამოდის.”

აქციის მონაწილეთა ასეთი განწყობისგან განსხვავებით, უფრო ზომიერი იყო ორატორთა განცხადებები. ოპოზიციის ერთიანი ეროვნული საბჭოს წევრები თავიანთ გამოსვლებში ხაზს უსვამდნენ აშშ-ის დამსახურებას საქართველოს მიმართ და იმასაც აღნიშნავდნენ, რომ მათ ამერიკის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ. ფრაგმენტი ერთიანი ეროვნული საბჭოს წევრის გოგა ხაინდრავას გამოსვლიდან:

[გოგა ხაინდრავას ხმა] ”ჩვენ გვინდა ხმამაღლა ვუთხრათ ამერიკის ელჩს, რომ გადასცეს თეთრ სახლში, რომ ქართველი ხალხი წინააღმდეგია, რომ ეს ადამიანი, რომელმაც შეარცხვინა ჩვენი ქვეყანა და რომელმაც უამრავ ოჯახში უბედურება შემოიტანა, დღეს იმას ღებულობდნენ როგორც ჩვენს წარმომადგენელს. სააკაშვილი არის არალეგიტიმური პრეზიდენტი და სააკაშვილი ვერ წარმოადგენს საქართველოს ვერსად.” /ტაში/ (სტილი დაცულია)

გოგა ხაინდრავამ აქციის მონაწილეებს "ჰიუმან რაითს ვოჩის" ღია წერილის ფრაგმენტიც გააცნო, სადაც ეს ორგანიზაცია ჯორჯ ბუშს მიხეილ სააკაშვილზე ზეგავლენის მოხდენას სთხოვს 7 ნოემბრის მოვლენების გამოსაძიებლად.

მიტინგზე მიხეილ სააკაშვილის საწინააღმდეგო განცხადებებით გამოვიდა პარლამენტის წინ მიმდინარე შიმშილობის აქციის მონაწილე კობა დავითაშვილიც. მან აღნიშნა, რომ სააკაშვილი ქართველი ხალხის წარმომადგენელი არ არის, რადგან ის არ აურჩევიათ და ჯორჯ ბუშთან ქართველი ხალხის სახელით ლაპარაკის უფლება არა აქვს:

[კობა დავითაშვილის ხმა] ”ჩვენ გვსურს მეგობრობა, პარტნიორობა, მათ შორის, აშშ-თან, მაგრამ მარიონეტები, ყმები და მონები და კუდქიცინა ძაღლები არავისი არ ვიქნებით...” (სტილი დაცულია)

საპროტესტო აქცია დაახლოებით 1 საათს გაგრძელდა და შეხლა-შემოხლით დასრულდა. ერთ უცნობ მამაკაცსა და გოგა ხაინდრავას შორის მომხდარი შელაპარაკებით დაინტერესებულ ფოტოკორესპონდენტებსა და ტელეოპერატორებს მომიტინგეების ნაწილმა შეურაცხყოფა მიაყენა.
XS
SM
MD
LG