Accessibility links

ჯორჯ ბუში: "დიდ პატივს ვცემთ ირანელ ხალხს, მაგრამ პრობლემები გვაქვს მთავრობასთან" - ექსკლუზიური ინტერვიუ აშშ-ის პრეზიდენტთან


აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა რადიო "თავისუფლების" სპარსულ სამსახურს, რადიო "ფარდას".

თეთრ სახლში გამართული საუბრისას ვაშინგტონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მუდამ უჭერდა და მომავალშიც დაუჭერს მხარს ირანელი ხალხის სწრაფვას თავისუფლებისკენ, მაგრამ არასოდეს დაყაბულდება ამ ქვეყნის მთავრობის სურვილს, ბირთვული იარაღი შექმნას. ინტერვიუ ჯორჯ ბუშმა ირანელებისთვის სპარსული ახალი წლის, ნავრუზის მილოცვით დაიწყო.

[ჯორჯ ბუშის ხმა] "ამერიკის შეერთებული შტატები ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ ყველას! ამერიკელი ხალხი პატივს სცემს ირანის დიად ისტორიასა და კულტურას. ჩვენ დიდ პატივს ვცემთ ხალხს, მაგრამ გვაქვს პრობლემები მთავრობასთან. პრობლემები გვაქვს იმიტომ, რომ მთავრობა გამოთქვამს ისეთ მუქარებს, იღებს ისეთ გადაწყვეტილებებს და აკეთებს ისეთ განცხადებებს, რომლებმაც მართლაც იზოლაციაში მოაქცია ირანელი ხალხი."

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჩვენი რადიოს მეშვეობით ირანელ ახალგაზრდებსა და ქალებსაც მიმართა:

[ჯორჯ ბუშის ხმა] "ახალგაზრდა ირანელებს მინდა ვუთხრა: დადგება დღე, როცა თქვენი საზოგადოება გათავისუფლდება. მინდა მივმართო ირანელ ქალებსაც: ამერიკელ ქალებს კარგად ესმით თქვენი დიდი სურვილი, შვილები გაზარდოთ იმედით აღსავსე საზოგადოებაში და იცხოვროთ მშვიდობაში."

ჯორჯ ბუშმა დასძინა, რომ სურს იხილოს ირანი, სადაც იქნება სიტყვისა და აღმსარებლობის თავისუფლება და სადაც ახალგაზრდა გოგონებსაც ექნებათ საშუალება, კარგი განათლება მიიღონ და ოცნებები აისრულონ. პრეზიდენტის თქმით, ირანელ ხალხს შეუძლია ჰქონდეს შეერთებული შტატების მხარდაჭერის იმედი.

[ჯორჯ ბუშის ხმა] "ამ რეჟიმსა და ამ საზოგადოებას ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვთ გასავლელი, მაგრამ ირანელ ხალხს შეუძლია, დარწმუნებული იყოს, რომ შეერთებული შტატები მტკიცედ დაუჭერს მხარს მის სწრაფვას, თავისუფალ საზოგადოებაში იცხოვროს - განურჩევლად იმისა, ვინ არის პრეზიდენტი: მე თუ ჩემი მემკვიდრე."

რადიო "თავისუფლებასთან" საუბარში ჯორჯ ბუშმა აღნიშნა, რომ სპარსეთის ყურესა და მთელს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის საქმე დიდწილად არის დამოკიდებული იმაზე, შეწყვეტს თუ არა ირანი ერაყელი მეამბოხეების იარაღით მომარაგებას და თავად ერაყელთა მზადყოფნაზე, მშვიდობიანად იცხოვრონ ერთმანეთთან და მეზობელ ქვეყნებთან.

საუბარი შეეხო ირანის ბირთვულ პროგრამასაც, რომელიც ბოლო ხანს ირანისა და დასავლეთის სახელმწიფოების დაპირისპირების ძირითად მიზეზად არის ქცეული. ჯორჯ ბუშმა თქვა, რომ ვაშინგტონი ყოველ ღონეს იხმარს, რათა ხელი ააღებინოს ირანს ბირთვული იარაღის შექმნაზე, მაგრამ წინააღმდეგი არ არის, თუ ბირთვულ ენერგიას ირანი მშვიდობიანი მიზნებით გამოიყენებს. საამისოდ, ბუშის თქმით, ურანის გამდიდრება ირანის ფარგლებს გარეთ უნდა ხორციელდებოდეს. ირანისთვის გამდიდრებული ურანის მიწოდება შეიძლება რუსეთიდან მოხდესო, დასძინა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა.

ბუშმა ისაუბრა საკუთრივ რუსეთზეც, კერძოდ იმ წინააღმდეგობაზე, რომელსაც მოსკოვი უწევს ვაშინგტონის გეგმას, თავისი ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის ელემენტები განათავსოს ცენტრალურ ევროპაში. ჯორჯ ბუშის თქმით, მისი დიდი სურვილია, შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა ამ საკითხში თანხმობას მიაღწიონ, მაგრამ ეს კიდეც რომ ვერ მოხერხდეს, პოლონეთსა და ჩეხეთში ხსენებული სისტემის ელემენტები მაინც განთავსდება.

[ჯორჯ ბუშის ხმა] "სარაკეტო სისტემები - თავდაცვითი სისტემები - რუსეთზე არ იქნება დამიზნებული. ისინი მიმართული იქნება იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც შეეცდებიან, თავისუფალი მსოფლიო ბირთვული იარაღით დააშინონ. ასე რომ, ამ საკითხს ოპტიმიზმით, ფრთხილი ოპტიმიზმით ვუყურებ. არ ვიცი, მოვახერხებთ თუ არა საერთო ენის გამონახვას, მაგრამ საერთო ენის გამონახვას ვცდილობთ, და პირველი ნაბიჯი სწორედ ამ მცდელობაში გამოიხატება."
XS
SM
MD
LG