Accessibility links

logo-print

უნდა ჰქონდეს თუ არა საქართველოს MAP-ის მიღების იმედი?


საქართველოს ხელისუფლება არ კარგავს იმედს, რომ 5 აპრილს ნატოს სამიტზე, რომელიც რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გაიმართება,

წევრობის სამოქმედო გეგმას მიიღებს. ხელისუფლების ოპტიმიზმს ამყარებს ამერიკიის შეერთებული შტატების ღია მხარდაჭერა, რომელიც ჯორჯ ბუშმა თეთრ სახლში მიხეილ სააკაშვილის მიღებისას კიდევ ერთხელ გამოხატა. გარდა ამისა, საქართველოს ნატოში გაწევრიანების მომხრეა ალიანსის წევრი, სულ ცოტა, ათი ქვეყანა, რომელთა წარმომადგენლებმა ნატოს გენერალურ მდივანს იაპ დე ჰოოფ სხეფერს საქართველოსა და უკრაინის მხარდასაჭერად წერილი გაუგზავნეს. უნდა ჰქონდეს თუ არა საქართველოს MAP-ის მიღების იმედი?

ორიოდე თვის წინ ჩატარებულმა პლებისციტმა აჩვენა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანებას ქვეყნის მოსახლეობის თითქმის სამოცდაათი პროცენტი უჭერს მხარს. აი, რას ფიქრობენ თბილისელები ნატოზე და ნატოში საქართველოს შესაძლო ინტეგრაციაზე:

[მამაკაცის ხმა] „რადგან არ გაგაჩნია საკმარისი რესურსები ამ დიდ მეზობელთან დასაპირისპირებლად, შესაბამისად, გჭირდება ძლიერი მოკავშირე და ასეთი მოკავშირე არის ამერიკის შეერთებული შტატები და ჩრდილოატლანტიკური ალიანსი.“

[მამაკაცის ხმა] „ჩვენი გეოგრაფიული მდგომარეობის გამო ვარ ნატოში გაწევრიანების მომხრე, თორემ ისე ნეიტრალიტეტს არაფერი სჯობია.“

[მამაკაცის ხმა] „ერთადერთი გამოსავალი საქართველოს გადარჩენისა არის ნატოში შესვლა.“

თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ალიანსი გადაწყვეტილებას კონსენსუსით იღებს, ცხადია, მხოლოდ საქართველოს მთავრობისა და მოსახლეობის სურვილი საკმარისი არ არის. საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი ამბობს, რომ ნატოში საქართველოს გაწევრიანებას აფერხებს როგორც რუსეთთან რთული ურთიერთობა, ასევე მოუგვარებელი კონფლიქტები და დემოკრატიის შედარებით დაბალი ხარისხი:

[ირაკლი მენაღარიშვილის ხმა] „ხელს გვიშლის კომპლექსი ყველა ამ მიზეზისა, მაგრამ განსაკუთრებით გამოვყოფდი ჩვენი შიდა საკითხების მოუგვარებლობას. რომ არა ის პრობლემები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას გაუჩნდა გასული წლის შემოდგმაზე, - და ეს კრიზისი, მოგეხსენებათ, დღესაც არ არის ბოლომდე მოგვარებული, - ვფიქრობ, ჩვენი შანსი ბევრად უფრო მაღალი იქნებოდა.“

შანსი რომ მაღალი იქნებოდა, ამას არც ხელისუფლების წარმომადგენლები უარყოფენ, თუმცა ბუქარესტის სამიტის წინ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს მთავრობის წევრებს აფიქრებინებთ, რომ ალიანსის წევრი ქვეყნები საქართველოს უარს არ ეტყვიან ეგრეთ წოდებული მაპის, ანუ წევრობის სამოქმედო გეგმის, დამტკიცებაზე. საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი დავით ბაქრაძე ამბობს, რომ სამიტამდე დარჩენილი ორი კვირა საქართველომ და მისმა მოკავშირე ამერიკამ ეფექტიანად უნდა გამოიყენონ:

[დავით ბაქრაძის ხმა] „ერთ-ერთი თემა, რაზეც მიმდინარეობდა საუბარი, გახლავთ ის, თუ როგორ ჯობია სამუშაოს განაწილება და კონსულტაციების წარმოება ნატოს წევრ ქვეყნებთან, რათა ბუქარესტამდე მოხერხდეს ყველა ქვეყნის თანხმობის მიღება.“

დავით ბაქრაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს MAP-ის მიღების დიდი შანსი აქვს. მინისტრის ამ მოსაზრებას იზიარებს ირაკლი მენაღარიშვილიც, რომლის თქმითაც,
წარმატების შანსს ერთიორად ზრდის ვაშინგტონის ღია მხარდაჭერა, თუმცა, მისი თქმით, ასევე გასათვალისწინებელია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სპეციფიკა:

[ირაკლი მენაღარიშვილის ხმა] „ნატოში გადაწყვეტილების მიღების პროცედურა არ გახლავთ მარტივი, ხოლო უკანასკნელ პერიოდში ნატოს იმ წევრების პოზიცია, რომლებიც თავშეკავებით ეკიდებიან საქართველოს ევროატლანტიკურ ალიანსში შემდგომ გაწვრიანებას, საკმაოდ მკაფიოდ ჟღერდა. ასე რომ, შანსი იმისა, რომ ბუქარესტში MAP-ი მივიღოთ, არსებობს. ეს შანსი გაიზარდა ვაშინგტონში ვიზიტის შემდეგ, მაგრამ ეს არ არის ბოლო სიტყვა. ბოლო სიტყვას ბუქარესტში იტყვიან.“
XS
SM
MD
LG