Accessibility links

როგორ მიმდინარეობს ”იაფი სესხების” პროგრამა?


უკვე ერთ თვეზე მეტია საქართველოში ”იაფი სესხების” პროექტი ხორციელდება. როგორც ცნობილია, ამ პროექტით მთავრობა ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას ცდილობს.

ამ დროისთვის საქართველოს სამინისტროებსა და ბანკებში შესულია 150-ზე მეტი განაცხადი, რომელთა საერთო ღირებულება ”იაფი სესხის” პროგრამისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილ ფინანსურ რესურსს აღემატება. მინდა გესაუბროთ იმის თაობაზე, თუ რა სახის პროექტებზე გაიცემა იაფი სესხი და როგორ მიმდინარეობს ეს სახელმწიფო პროგრამა.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ”იაფი სესხების” პროგრამა, ძირითადად, რეგიონალური ტურიზმის, ხალხური რეწვისა და სოფლის მეურნეობის განვითარებას, ასევე ექსპორტის წახალისებას დააფინანსებს. ამ ზოგად მიმართულებებში უფრო კონკრეტული პრიორიტეტებიც იგულისხმება, მაგალითად, სოფლის მეურნეობის 100 საწარმოს დაარსების ხელშეწყობა. პირველი სამი ასეთი საწარმოს პროექტი საქართველოს მთავრობამ ერთი კვირის წინ დაამტკიცა. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, ”იაფი სესხებით” დაფინანსებული კომპანიების საქმიანობა ხელს შეუწყობს სხვა საწარმოების განვითარებასაც:

[პეტრე ცისკარიშვილის ხმა] ”თაფლის საწარმოს მაგალითზე, მიიბამს, მაგალითად, 200 ფერმერულ მეურნეობას. კარტოფილის გადამამუშავებელი კარტოფილის ჩიფსის საწარმო გადაამუშავებს 20 ათას ტონა კარტოფილს, რაც ჯავახეთის რეგიონის მოსავლის 15 პროცენტია. რაც შეეხება რძის გადამუშავებას, ეს საწარმო ჩაიბარებს დაახლოებით 200 გლეხური მეურნეობისგან რძეს.”

პეტრე ცისკარიშვილი პირველი სამი პროექტის დაფინანსებით გამოწვეულ ბიზნესაქტივობებზე საუბრობდა. მის მიერ ნახსენებმა კომპანიებმა 3 მილიონ ლარზე მეტი იაფი სესხი მიიღეს. მათთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსის საპროცენტო განაკვეთი 12 პროცენტის ფარგლებშია. ეს გაცილებით მცირეა, ვიდრე კომერციული ბანკების საკრედიტო რესურსის საპროცენტო განაკვეთი.

პროცენტული განაკვეთი კიდევ უფრო ნაკლებია ”იაფი სესხების” სხვა პრიორიტეტების შემთხვევაში. მაგალთად, ”100 ქართული ბიზნესპროექტის” პროგრამის მონაწილეთათვის წლიური განაკვეთი 4 პროცენტს შეადგენს. საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების მიზნით სხვა საკრედიტო შეღავათებიც უნდა ამუშავდეს:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”ჩვენ უნდა განვავითაროთ, იაფი კრედიტის გარდა, მიკროკრედიტი, იპოთეკა. ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანებს არ უნდა ეშინოდეთ, უნდა ჰქონდეთ საშუალება მოსავლამდე აიღონ კრედიტი და მოსავლის გაყიდვის შემდეგ დააბრუნონ და შემდეგ ჰქონდეთ ბაზარზე გასვლის საშუალება.”

სესხების პროგრამას საწყის ეტაპზე ბევრი ოპონენტი გამოუჩნდა, ეკონომიკის ექსპერტების სახით. ისინი ფიქრობენ, რომ სახელმწიფოს მიერ გაცემული დაბალპროცენტიანი საკრედიტო რესურსი საბანკო სისტემის სტაბილურობას შეარყევდა ან კიდევ იაფი კრედიტები არამიზნობრივად დაიხარჯებოდა. ეკონომიკის ექსპერტის ნიკო მჭედლიშვილის კომენტარი:

[ნიკო მჭედლიშვილის ხმა] ”საბანკო სექტორს ექნება პრობლემები, იმიტომ რომ ეს არ არის საბაზრო პროცენტი არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპაშიც კი. უბრალოდ, ადამიანი გამოიტანს კრედიტს და შეიტანს იქ, სადაც მეტს სთავაზობენ და არ ჩადებს საქმეში. ეს გაცილებით უფრო იოლია, რადგან არ გააკეთებ არაფერს და მოიგებ მინიმუმ 4 პროცენტს.”

ჯერჯერობით ეს საფრთხე საფრთხედ რჩება და ”იაფი სესხების” პროგრამის დაწყებას ამ მომენტისთვის ბანკების საქმიანობაზე საგრძნობი გავლენა არ მოუხდენია, მით უმეტეს, რომ პროგრამის განხორციელებაში თავად საქართველოს ბანკების უმრავლესობაა ჩართული.

იაფი სესხის მისაღებად განაცხადებს და პროექტებს მთავრობა თითქმის ყოველ სხდომაზე განიხილავს. ამ მომენტისთვის მსურველთა განაცხადების საერთო მოცულობა დაახლოებით 48 მილიონი ლარია და მნიშვნელოვნად აღემატება პროგრამისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილ 35 მილიონ ლარს. მიუხედავად ამისა, განაცხადების მიღება კვლავაც გრძელდება, მათგან საუკეთესოებს სპეციალური კომისია გამოავლენს, შემდეგ კი საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს.
XS
SM
MD
LG