Accessibility links

დამთავრდა თუ გაგრძელდება ამერიკული სამხედრო დახმარება?


ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს პრეზიდენტ სააკაშვილს რამდენიმე მინისტრი, მათ შორის, სამხედრო უწყების ხელმძღვანელი დავით კეზერაშვილიც ახლავს.

თუმცა ჯერ არ არსებობს ოფიციალური ინფორმაცია იმის თაობაზე, დადგა თუ არა ვაშინგტონში გამართული შეხვედრების დღის წესრიგში საკითხი სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაგრძელების ან ახალი ერთობლივი პროგრამების შემუშავებისა, რამაც თავის დროზე დიდი როლი შეასრულა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაში.

ამერიკაში მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი და შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი რობერტ გეიტსი ერთმანეთს 20 მარტს, შუაღამით, შეხვდებიან. წინასწარი ინფორმაციით, საუბარი შეეხება სამხედრო ოპერაციას ერაყში, რომლის ერთ, ვასიტის, პროვინციას ქართული ბრიგადა შარშანდელი ივლისიდან მთლიანად აკონტროლებს. გარდა ამისა, მოლაპარაკების დღის წესრიგში იქნება ახალი ერთობლივი სამხედრო პროგრამების ამოქმედება. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ საერთაშორისო ურთიერთობის დარგში, გიორგი მუჩაიძემ, რადიო ”თავისუფლებასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს სამხედრო უწყების ხელმძღვანელი აპირებს შესთავაზოს ამერიკელ კოლეგას გაგრძელდეს ქართული სამხედრო ქვედანაყოფის წვრთნის ახალი ერთობლივი პროექტები, რომლებიც, ამერიკის ფინანსური და ტექნიკური დახმარებით, 2001 წლიდან ხორციელდება:

[გიორგი მუჩაიძე] ”განიხილება რიგი საკითხების და, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის შემდგომი განვითარება და შემდგომი გავრცობა. მიმდინარეობს ასევე კონსულტაციები დამატებითი დახმარების კუთხით აშშ-ის მხრიდან, რათა მოხდეს წვრთნის კუთხით დამატებითი პროგრამების შემოთავაზება.” (სტილი დაცულია)

ქართული სპეცდანიშნულების ნაწილების გაწვრთნის პროცესი, ქართველი და ამერიკელი ინსტრუქტორების მონაწილეობით, ახლაც მიმდინარეობს კრწანისის პოლიგონზე, რომელსაც ხალხში ამერიკულ ბაზასაც უწოდებენ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ სწორედ თბილისიდან 25 კილომეტრში მდებარე ამ სამხედრო პოლიგონზე დაიწყო 7 წლის წინ პირველი ქართულ-ამერიკული სამხედრო პროექტი - ”წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამა. 7 წლის წინ, სამხედრო ბიუჯეტის სიმწირის გამო, ქართულ ქვედანაყოფს ფორმის ტანსაცმლითა და სასროლი იარაღითაც ამერიკის მთავრობა ამარაგებდა. ამჯერად საქართველოს არმიას მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტი უზრუნველყოფს და ამერიკული დახმარებაც ნელ-ნელა მცირდება. სამხედრო ჟურნალ ”არსენალის” მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი მიიჩნევს, რომ ამერიკული სამხედრო დახმარების პროგრამას თავის დროზე არა მხოლოდ სამხედრო, არამედ პოლიტიკური მნიშვნელობაც ჰქონდა:

[ირაკლი ალადაშვილი] ”მთავარი იმ ეტაპზე, 2001 წელს, ჩემის აზრით, იყო არა მარტო ფინანსური ან მატერიალური დახმარება, არამედ მორალური დახმარება. რადგან იმავე ჩვენმა მეზობელმა რუსეთმა იგრძნო, რომ საქართველო მარტო არ იყო და მისი არმიის გაძლიერებას და განვითარებას ისეთი დიდი სახელმწიფო ეხმარებოდა, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები.” (სტილი დაცულია)

ქართული არმიის ბიუჯეტი შარშან მილიარდ 400 მილიონი ლარი იყო. ამ თანხებით საქართველო ბევრი პროგრამის დაფინანსებას თავად ახერხებს, ზოგ შემთხვევაში კი ქართული სახელმწიფი მზად არის თავად გაიღოს წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოებაში. ეს არის კოსოვო და ერაყი, სადაც მცირერიცხოვანი საქართველო ყოველწლიურად 2000-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს გზავნის სტრატეგიული პარტნიორების მხარდამხარ საომრად. სამხედრო ექსპერტ ირაკლი ალადაშვილის თქმით, საქართველოს ასევე აქვს პოტენციალი, პარტნიორებს დაეხმაროს გარკვეული ტიპის ქვედანაყოფის გადამზადებაში:

[ირაკლი ალადაშვილი] ”საქართველო ამ მხრივ შეიძლება გამორჩეული იყოს სამთო მომზადებაზე. მით უმეტეს, საჩხერის სამთო სკოლაში უკვე უცხოელებმაც დაიწყეს მომზადება და ამ მხრივაც [საქართველო] შეიძლება იყვეს პერსპექტიული.” (სტილი დაცულია)

მაგრამ ქართულ არმიას, რომელიც სულ უფრო ძლიერდება ტექნიკურად, ჯერ კიდევ აკლია გამოცდილი სამეთაურო კადრები, ამისთვის კი უახლოეს წლებში საქართველოს კვლავ დასჭირდება ამერიკისა და სხვა პარტნიორი ქვეყნების დახმარება. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის გიორგი მუჩაიძის თქმით, მინისტრი კეზერაშვილი ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრის დროს დააყენებს ასევე საკითხს საგანმანათლებლო კუთხით თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ:

[გიორგი მუჩაიძე] ”ჩვენი სამხედროები იგზავნებიან ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო სასწავლებლებში და მრავალი მიმართულებით იღებენ შესაბამის განათლებას - იქნება ეს ლოგისტიკური სამხედრო განათლება, სამხედრო-საჰაერო, კავშირგაბმულობის თუ სხვა.”

საქართველოსა და ამერიკის თავდაცვის მინისტრების შეხვედრა ვაშინგტონში 20 მარტს გვიან ღამით დასრულდება და შედეგებიც მოგვიანებით გახდება ცნობილი. თუმცა ერთი რამ ქართველი პოლიტიკოსებისა და ექსპერტებისათვის უკვე ამთავითვე ცნობილია: სტრატეგიული პარტნიორობა თბილისსა და ვაშინგტონს შორის კვლავ წარმატებით გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG