Accessibility links

”ადამიანის უფლებათა ცენტრი” საქართველოს მედიაში არსებული მდგომარეობის შესახებ


ქართული ჟურნალისტიკის დღესთან დაკავშირებით საქართველოში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, ”ადამიანის უფლებათა ცენტრმა”,

საქართველოს მედიაში არსებული მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშის სახელწოდებაა ”საქართველოს პუტინიზაცია - ქართული მედია ვარდების რევოლუციის შემდეგ”. მისი ავტორების აზრით, საქართველოში მასმედიის თავისუფლების შეზღუდვის მიზნით, ხელისუფლებამ ისეთივე ნაბიჯები გადადგა, როგორიც რუსეთში ვლადიმირ პუტინმა.

”ადამიანის უფლებათა ცენტრის” მიერ მომზადებული ანგარიში, ძირითადად, მედიაში არსებული ვითარების ჟურნალისტებისა და ექსპერტებისეულ შეფასებებს ეყრდნობა, ეყრდნობა აგრეთვე ტელესიხშირეების მეპატრონეთა ცვლის თაობაზე ჟურნალისტურ გამოკვლევას. მოხსენებაში წარმოდგენილია სამართლებრივი დასკვნებიც. ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” ხელმძღვანელის უჩა ნანუაშვილის აზრით, დღესდღეობით საქართველოში მედია გაცილებით შეზღუდულია, ვიდრე იყო რამდენიმე წლის წინ:

[უჩა ნანუაშვილის ხმა] ”ის ფორმები ზეწოლის და ძალადობის, რომელსაც ადგილი ჰქონდა რუსეთში, ფაქტიურად, საქართველოშიც იგივე პროცესები განმეორდა. ვარდების რევოლუციიდან 4 წლის შემდეგ ქართული მედია არის ისეთი შეზღუდული, როგორიც არ ყოფილა უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში.” (სტილი დაცულია)

ამის თქმის საშუალებას უჩა ნანუაშვილს აძლევს ჟურნალისტების ცემისა თუ სხვა სახის ზეწოლის უამრავი ფაქტი, რომლებიც მისი ორგანიზაციის მოხსენებაში აისახა. ზურნალისტებზე ზეწოლის გარდა, დეტალურადაა აღწერილი თავად მასმედიის საშუალებებზე - ძირითადად, ელექტრონულ მედიასა და მის მფლობელებზე - ზეწოლის ფაქტები. ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” ექსპერტის ეკა ქევანიშვილის კომენტარი:

[ეკა ქევანიშვილის ხმა] ”როგორ მოხდა ”იბერიის” დარბევა, შემდეგ როგორ გადაეცა ტელეკომპანია ”ობიექტივი”, სადაც გადის ახლა ”ალანია” და ლიცენზია არ აქვს; როგორ გაძარცვეს და პირველად სპეცრაზმი შევიდა ტელეკომპანია ”ევროპაში”, რომელიც წაართვეს მის მფლობელს და სასამართლოშია დღემდე საქმე; როგორ გარდაისახა ტელეკომპანია ”202” ტელეკომპანია ”საქართველოდ”. აქ ლაპარაკია იმაზე, თუ როგორ ართმევდნენ დამფუძნებლებს ტელესიხშირეებს მუქარით და ზეწოლით.” (სტილი დაცულია)

ეკა ქევანიშვილის განცხადებით,მფლობელები სატელევიზიო სიხშირეებს, ძირითადად, უჩუმრად თმობდნენ სახელმწიფო კანცელარიაში დაბარების შემდეგ.

მათი უმრავლესობა ისე გადასცემდა უცხო პირებს ტელეკომპანიის წილს თუ ტელესიხშირეს, რომ საკუთარ საინფორმაციო საშუალებასაც კი არ იყენებდა ხელისუფლებიდან მომავალი ზეწოლის შესაკავებლად. მე ამ ტენდენციის კომენტირება ”ადამიანის უფლებათა ცენტრის” ხელმძღვანელს უჩა ნანუაშვილს ვთხოვე.

[უჩა ნანუაშვილის ხმა] ”მხოლოდ ხელისუფლების პრობლემა არ არის ეს. რაც დაგროვდა მედიაში, ეს მხოლოდ ხელისუფლების გამო არ მომხდარა. საზოგადოებამ უნდა აიღოს გარკვეული პასუხისმგებლობა და, რა თქმა უნდა, მფლობელებმა, რომლებსაც არ უნდათ პრობლემები შეიქმნან ხელისუფლებასთან ან გადაარჩინონ სხვა ბიზნესი. ეს გავლენას ახდენს ზოგადად ჟურნალისტების უფლებებზე.” (სტილი დაცულია)

”ადამიანის უფლებათა ცენტრის” მიერ ქართული მედიის მდგომარეობის შესახებ მომზადებულ ანგარიშში ისიც წერია, რომ საქართველოში ბოლო წლების მანძილზე მედიის საქმიანობასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური კანონმდებლობა მოქმედებს. თუმცა იქვეა აღნიშნული, რომ ქვეყანაში არსებული ზოგადი პრობლემა - კანონის უზენაესობის პრობლემა - მედიის თავისუფლების საწინააღმდეგოდ მუშაობს.
XS
SM
MD
LG