Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველის სტრატეგია


საქართველოს სახალხო დამცველის გაიმართა ახალი სამოქმედო დოკუმენტის – საქართველოს სახალხო დამცველის სტრატეგიის – პრეზენტაცია.

სახალხო დამცველის სტრატეგიის გარდა, შეხვედრაზე მისულ სტუმრებს განემარტათ, რას ნიშნავს სახალხო დამცველის აპარატისთვის გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტების საერთაშორისო საკოორდინაციო კომიტეტის სრულუფლებიანი წევრობის აკრედიტაციის მინიჭება.

საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე სოფიო ხორგუანთან საუბარი სწორედ ამ უკანასკნელით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტების საერთაშორისო საკოორდინაციო კომიტეტის სრულუფლებიან წევრად აკრედიტაციის თემით, დავიწყეთ. როგორც ქალბატონმა სოფიომ განგვიმარტა, კომიტეტის სრულუფლებიან წევრად აკრედიტაცია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს უფლებას აძლევს მისთვის სასურველ ნებისმიერ დროს გამოიყენოს მაღალი ტრიბუნა საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობაზე სალაპარაკოდ:

[სოფიო ხორგუანის ხმა] “კომიტეტზე ხდებოდა სახელმწიფოს ანგარიშის წარდგენა - დავუშვათ, ეს იქნებოდა სამოქალაქო-პოლიტიკურ უფლებებზე თუ სოციალურ-ეკონომიკურ უფლებებზე. და ჩვენ ჩვენს ნაწილს ამ მოხსენების ვაგზავნიდით. ძირითადად, საგარეო საქმეთა სამინისტრო ამზადებდა ამ მოხსენებას, ის წარადგენდა, ჩვენ ჩვენის მხრიდან ვაგზავნიდით ჩვენს შეფასებას. მაგრამ მერე უკვე აღარ ვიყავით ჩართულები, რა შედიოდა, რა არა. ანუ სახელმწიფო წარადგენდა. ჩვენ ბოლო პერიოდში გვიწვევდნენ ხოლმე, სახალხო დამცველი ესწრებოდა ხოლმე ამ კომიტეტზე სახალხო დამცველის ვითარების მოსმენას, მაგრამ მას არ ჰქონდა სიტყვის უფლება, ალტერნატიული მოხსენებით გამოსვლის უფლება არ ჰქონდა. რეალურად ეს ამ უფლებას გვიმტკიცებს.“(სტილი დაცულია)

გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტების საერთაშორისო საკოორდინაციო კომიტეტის სრულუფლებიან წევრად აკრედიტაციით საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი რეალურად გაეროს პარიზის პრინციპებთან შესაბამისობაში მოდის, რაც, სოფიო ხორგუანის შეფასებით, ომბუდსმენის აპარატისა და საქართველოსთვის, ზოგადად, ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტორია.

რაც შეეხება ახალ დოკუმენტს, „საქართველოს სახალხო დამცველის სტრატეგიას“, დოკუმენტის სამოქმედო ვადა სამი წლით განისაზღვრა და მისი მთავარი მიზანი, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე რეაგირების პარალელურად, ისეთი გარემოს შექმნაა, რომელიც თავისთავად შეუწყობს ხელს ადამიანის უფლებების დარღვევის მასშტაბების შემცირებას.

[სოფიო ხორგუანის ხმა]“ გარდა იმისა, რომ ჩვენ ვეხმარებით მოქალაქეებს მათი დარღვეული უფლებების აღდგენაში, ჩვენ უფრო აქტიურად ვიქნებით საგანმანათლებლო საქმიანობით დაკავებული, რომ უფრო მეტად გავაგებინოთ, ვასწავლოთ ადამიანებს ის უფლებები, რა უფლებებიც მათ აქვთ და როგორ უნდა დაიცვან, როგორ უნდა მოახდინონ მათ თავიანთი უფლებების რეალიზაცია. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვართ პოლიტიკური ორგანიზაცია, ჩვენ სამოქალაქო ინსტიტუტი ვართ უფრო და ამის შესაბამისად ვიმოქმედებთ.“ (სტილი დაცულია)

აქამდე ასეთი სტრატეგიული დოკუმენტი არ გვქონია, – ამბობს სოფიო ხორგუანი, -რომლის თანახმად, სახალხო დამცველის სტრატეგიის მიზნები, ცალკეული პრიორიტეტების მიხედვით, უნდა იყოს პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებების დაცვა, ინფორმაციის თავისუფლების დაცვა, სამართლიანი სასამართლოს უფლებების დაცვა, კონფლიქტის ზონებში მცხოვრებთა უფლებების დაცვა და სხვ. ამ პრიორიტეტების მიხედვით სტრატეგიის განხორციელებისთვის შემუშავდება სპეციალური სამოქმედო გეგმაც.
XS
SM
MD
LG