Accessibility links

logo-print

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ტიბეტელთა მხარდაჭერის აუცილებლობაზე საუბრობს


მასობრივი საპროტესტო აქციების დარბევის შემდეგ, ჩინეთი განაგრძობს სამხედრო შენაერთების კონცენტრირებას ტიბეტში.

პეკინი არეულობის ორგანიზატორად ტიბეტელთა სულიერ ლიდერს დალაი ლამას ასახელებს. ინდოეთში, სადაც ტიბეტის მთავრობაა გახიზნული, დალაი ლამას შეხვდა შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი. შეხვედრის შემდეგ ნენსი პელოსიმ საერთაშორისო თანამეგობრობას ტიბეტელთა მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

ტიბეტისკენ დაიძრა ჩინეთის არმიის ძალიან გრძელი ავტოკოლონა, მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე გადასროლილია ათასობით სამხედრო. აშკარაა, პეკინი ტიბეტში სამხედრო ძალას იკრებს მას შემდეგ, რაც პირველად აღიარა, რომ 16 მარტს მისმა პოლიციამ ტიბეტელ დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნა. გავრცელებული ცნობით, ამ ინციდენტმა სიჩუანის პროვინციაში კიდევ 4 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ერთად აღებული კი, ბოლო 2 კვირის მანძილზე გაღვივებულ პროტესტის ტალღას, ტიბეტელი აქტივისტების მტკიცებით, 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტიბეტის დევნილ მთავრობასთან შესახვედრად საგანგებოდ ჩავიდა ინდოეთში და სწორედ იქიდან მოუწოდა მსოფლიო თანამეგობრობას წინ აღუდგეს ჩინეთის ბატონობას ტიბეტში:

(ნენსი პელოსის ხმა) "პირადად მე ვიტყოდი, რომ თუკი თავისუფლებისმოყვარე ხალხი მსოფლიოში არაფერს იტყვის ჩინეთის მიერ ტიბეტელთა ჩაგვრაზე, დავკარგავთ მორალურ უფლებამოსილებას ვისაუბროთ ადამიანის უფლებების სახელით სადმე სხვაგან მსოფლიოში."

ტაშით დაჯილდოებული განცხადება ნენსი პელოსიმ ჩრდილოეთ ინდოეთის ქალაქ დჰარამსალაში გააკეთა, სადაც ტიბეტის დევნილი მთავრობის შტაბ-ბინა მდებარეობს. ინდოეთში ჩასვლითა და დალაი ლამასთან შეხვედრით შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნამდვილად გაანაწყენა პეკინი, რომელიც მთელ ამ უბედურებაში, რაც ბოლო 2 კვირის მანძილზე ხდება, დამნაშავეებად პელოსის მასპინძელ დალაი ლამასა და მის გარემოცვას მიიჩნევს. აქვე ვთქვათ, რომ ნენსი პელოსი მაღალი რანგის პირველი უცხოელი პოლიტიკოსია, რომელიც, ბოლოდროინდელი დაძაბულობის ფონზე, ტიბეტის დევნილ ხელისუფლებას შეხვდა.

პელოსი არც შეკრებილი ტიბეტელების წინაშე გამოსვლას მოერიდა და სიტუაცია ტიბეტში შეაფასა როგორც "მსოფლიოს სინდისის" წინაშე მდგომი გამოწვევა. ნენსი პელოსი არ ემხრობა ბოიკოტის გამოცხადებას ჩინეთში დაგეგმილი ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის. სხვათა შორის, მსგავსი შინაარსის განცხადება დალაი ლამამაც გაავრცელა. არადა, პეკინი ტიბეტელთა სულიერ ლიდერსა და მის გარემოცვას ოლიმპიური თამაშების ჩაშლის მცდელობაშიც ადანაშაულებს.

იმისათვის, რომ ჩინეთის ხელისუფლებას ტიბეტელმა დემონსტრანტებმა ზედმეტი ბრალდებებისა და ძალადობრივი მოქმედებების საბაბი არ მისცენ, ტიბეტის დევნილმა ხელისუფლებამ 20 მარტს სპეციალური გზამკვლევი გამოაქვეყნა. სოლიდარობის კომიტეტის პრეზიდენტი და ტიბეტის დევნილი პარლამენტის სპიკერი კარმა ჩოპჰელი ინდოეთიდან სპეციალურ ღონისძიებებზე საუბრობს:

(კარმა ჩოპჰელის ხმა) "არაძალადობრივი იქნება ყველა მოქმედება, აბსოლუტურად არაძალადობრივი და მშვიდობიანი... მათ შეუძლიათ გამართონ დემონსტრაციები, მაგრამ ლოზუნგებს სოლიდარობის კომიტეტი დაამტკიცებს. მათ შეუძლიათ გამართონ საპროტესტო მსვლელობა, დემონსტრაციები, დაიწყონ შიმშილობის აქცია, დანთებული სანთლების აქცია, მჯდომარე აქცია და ასე შემდეგ. ჩამოყალიბებულია მოქმედებათა ძირითადი მიმართულებები მოძრაობის წარმატებისთვის."

არეულობა ტიბეტში 1959 წლის აჯანყების თარიღის აღნიშვნასთან დაკავშირებით დაიწყო. ეს იყო ტიბეტელთა აჯანყება ჩინეთის დამპყრობლური პოლიტიკის წინააღმდეგ. ტიბეტელების ლტოლვამ თავისუფლებისკენ ბოლო კვირებში ისეთი ძალით იჩინა თავი, როგორიც ბოლო 20 წლის მანძილზე არავის უნახავს.
XS
SM
MD
LG