Accessibility links

logo-print

ქართული პრესის ყოველკვირეული მიმოხილვა


,,დღეს უკვე მეცხრე დღეა, რაც ოპოზიცია შიმშილობს. დათმობას არც ერთი მხარე არ აპირებს.

პარლამენტის გარეთ მოშიმშილეთა რიცხვი იზრდება. უკვე მეოთხე დღეა ოპოზიციის მოთხოვნების სათავეში პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნა დგას. რას აპირებს ხელისუფლება და შესაძლებელია თუ არა, რომ ნინო ბურჯანაძემ ოპოზიციის რომელიმე მოთხოვნა შეასრულოს?” - წერდა ორშაბათს გაზეთი ,,მთელი კვირა” პუბლიკაციაში, სათაურით ,,გადავდგები, თუ...” ეს სიტყვები ნინო ბურჯანაძეს ეკუთვნის და გაზეთი ამ პრობლემასთან დაკავშირებით სწორედ პარლამენტის თავმჯდომარეს ესაუბრა. "თუ ყველა სახის მოთხოვნებს მოხსნიან, პრეზიდენტის არალეგიტიმურობიდან დაწყებული, მაჟორიტარებით და მემორანდუმით დამთავრებული, გადავდგები, რადგან ჩემთვის მთავარი არის ჩემი ქვეყანა", - განაცხადა ორშაბათს ნინო ბურჯანაძემ გაზეთ ,,მთელ კვირასთან” ინტერვიუში.

,,გამყრელიძე ჩემს გადადგომას 2001 წლიდან ითხოვს და, ეტყობა, მიეჩვია... მზად ვარ გავაგრძელო დიალოგი, მეტი რა ვქნა?” - ეს კი ნინო ბურჯანაძემ უკვე გაზეთ ,,კვირის პალიტრას” უთხრა.

მიმდინარე კვირას პრესა ბევრს წერდა საქართველოს პრეზიდენტის ვაშინგტონში ვიზიტის შესახებ:
"თბილისის ერთ-ერთი მთავარი მოლოდინი სააკაშვილი-ბუშის შეხვედრის წინ სწორედ MAP-ის საკითხს უკავშირდება. საქართველო ელის, რომ აშშ-ის პრეზიდენტი საქართველოს სამოქმედო გეგმაზე გადასვლას ღიად გამოუცხადებს მხარდაჭერას. საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, აშშ-მა დააფიქსიროს თავისი მხარდაჭერა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის საკითხებში”, - წერდა ”24 საათი”.

რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ოპოზიციის აქციებს? როგორ წარმოგიდგენიათ პოლიტიკური პროცესების განვითარება, ოპოზიციის ქმედებებიდან გამომდინარე? ამ კითხვებით ”24 საათმა” პოლიტიკის ექსპერტებს მიმართა. დავით აფრასიძემ გაზეთს უთხრა:
"პროგნოზი ძნელი გასაკეთებელია. შეიძლება შეწყდეს კიდეც აქციები. ალბათ, რომელიმე ავტორიტეტმა, მაგალითად, ილია მეორემ უნდა მოუწოდოს ოპოზიციას აქეთკენ. შესაძლოა, პოლიტიკური კომპრომისი იქნეს მიღწეული. მანამდე კი მონაცვლეობათა რეჟიმი იქნება - ვიღაცა გამოაკლდება აქციებს, ვიღაცა შეუერთდება."

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, მართლაც, გააკეთა ამგვარი მოწოდება. ,,უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქოში საგანგებო განცხადება გააკეთა. უწმინდესმა პარლამენტის შენობის წინ და პარლამენტის თავმჯდომარის მისაღებში მოშიმშილეებს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა.
ილია მეორემ თავის საგანგებო განცხადებაში ასევე მიმართა ხელისუფლების წარმომადგენლებს. პატრიარქის განცხადებით, კომპრომისი, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ძლიერთა ხვედრია და არ ნიშნავს უკან დახევას”, - წერდა გაზეთი ”ახალი თაობა”.

18 მარტი ქართულ ოპოზიციურ წრეებში ინიციატივების დღე იყო. ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ და რესპუბლიკურმა პარტიამ საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ახალი იდეები გაახმაურეს, რომელთაც პოლიტიკურ ძალებში განსხვავებული შეფასებები მოჰყვა, - წერდა ”24 საათი”.
ციტატა პუბლიკაციიდან: "რესპუბლიკელი დავით უსუფაშვილი პარლამენტის წევრთა რაოდენობის გაზრდას არ ეთანხმება, ეს რეფერენდუმის შედეგების წინააღმდეგ წასვლას ნიშნავს. რესპუბლიკელების აზრით, ამ ეტაპზე ქუჩას კაბინეტი სჯობს. რესპუბლიკური პარტია დიალოგის განახლებას უჭერს მხარს.
გაზეთში ვკითხულობთა რომ, გიგა ბოკერიას განცხადებით, "მაჟორიტარული არჩევნების წესის შესახებ უკვე მიღებული გადაწყვეტილების რევიზია შეუძლებელია. აჯობებს, პოლიტიკურმა ძალებმა იმ საკითხებზე გამონახონ საერთო ენა, რომლებიც ჯერ გადაწყვეტილი არ არის".

შაბათის პრესა პარასკევს გამართული საპარლამენტო განხილვის შესახებ წერდა. ”24 საათში” ვკითხულობთ: ,,ქვეყნის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ მეორე და მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, 2008 წლის 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებზე 75 დეპუტატი პროპორციული სისტემით, 75 კი ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული წესით აირჩევა. ვიდრე გუშინ პარლამენტი ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა, პოლიტიკურ წრეებში აქტიურად განიხილებოდა საარჩევნო მოდელის რამდენიმე ვარიანტი.”

”რეზონანსის” მიხედვით კი, ,,ხელისუფლებამ, გარდა იმისა, რომ დათმობას არ აპირებს, ისიც კი არ გააკეთა, რომ ოპოზიციის შენიშვნების ნაწილი მაინც გაეთვალისწინებინა.”

შიმშილობა კი გრძელდება... შაბათის ”ალიას” პირველ გვერდზე შემდეგი კითხვებია გამოტანილი: ვინ უთვალთვალებს ფარულად მოშიმშილეებს, რა სადისტურ მეთოდებს იყენებს ხელისუფლება მოშიმშილეების წინააღმდეგ, რა ხმებს უვრცელებენ კობა დავითაშვილს და ასე შემდეგ. ამ კითხვებზე ”ალიას” რეპორტიორების მიერ დაძებნილ პასუხებს გაზეთის შაბათის ნომერში წაიკითხავთ.

შაბათის ”რეზონანსის” მთავარი პუბლიკაციის სათური კი ამგვარია: ,,მოშიმშილეების სიცოცხლე რეალურ საფრთხეშია”. გაზეთი წერს, რომ ექიმები, რომლებიც პარლამენტის შენობის წინ მოშიმშილეთა მდგომარეობას ”24 საათის” განმავლობაში აკონტროლებენ, მოშიმშილეების მდგომარეობას კრიზისულად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ ყოველ წუთს შესაძლებელია გამოუსწორებელი შედეგის დადგომა.” მოშიმშილეებთან 40-მდე მოხალისე ექიმი მორიგეობს. ერთ-ერთმა მათგანმა, ქეთინო გეჯაძემ, ”რეზონანსს” განუცხადა, რომ მოშიმშილეებს აცეტონის ძლიერი ტოქსინის მკვეთრი მომატება აღენიშნებათ. ,,მაქსიმალური ზღვარი არის 3 ჯვარი და უკვე რამდენიმე დღეა ოპოზიციის ლიდერებს 3 ჯვარი უფიქსირდებათ. მივმართავთ მთელ საზოგადოებას, ეს მდგომარეობა რაღაცნაირად განმუხტოს. ჩვენ ბოლომდე მივყვებით მათ მდგომარეობას, მაგრამ შეიძლება მსხვერპლით დასრულდეს ეს შიმშილობა, ხალხნო!” - უთხრა ექიმმა ქეთინო გეჯაძემ შაბათს გაზეთ ”რეზონანსს”.

XS
SM
MD
LG