Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


განვლილი კვირის მანძილზე დასავლეთის პრესა აქტიურად აშუქებდა საქართველოსთან დაკავშირებულ მოევლენებსა და

თემებს. ამ ინტერესის მთავარ მიზეზებად შეიძლება ჩაითვალოს აშშ-ში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი და ნატოს ბუქარესტის სამიტი, რომელსაც საქართველო, როგორც ცნობილია, გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP-ის) მიღების იმედს უკავშირებს. თუმცა ეს ორი მოვლენა - ერთი ჩავლილი (აშშ-ში პრეზიდენტ სააკაშვილის ვიზიტი), ერთიც მოახლოებული (ნატოს სამიტი) - ერთმანეთთან უშუალო კავშირშია, რასაც ცხადჰყოფს პრესის მიმოხილვაც.

“საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამ კვირაში ვაშინგტონამდე ჩაიტანა თავისი ქვეყნის კამპანია ნატოში გაწევრიანების მიმართულებით”, ასე ხედავს ვაშინგტონში პრეზიდენტ სააკაშვილის ვიზიტის მთავარ მიზანს გაზეთ “ვაშინგტონ ტაიმსში” დაბეჭდილი სტატიის ავტორი. ის წერს მხარდაჭერაზე, რომელიც ქართველ სტუმარს აშშ-ის პრეზიდენტმა აღუთქვა და ყურადღებას ამახვილებს სააკაშვილის გამოსვლაზე აშშ-ის ანტლანტიკურ საბჭოში. ეს არის ორგანიზაცია, რომლის მთავარი ამოცანაც ტრანსატლანტიკური ურთიერთობების განვითარება და ხელშეწყობაა.

სტატიაში მოყვანილია სააკაშვილის სიტყვები, რომ საქმე ისე არ არის, თითქოს საქართველომ ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის არჩევანი უნდა გააკეთოს: “ჩვენ გეოგრაფიას კი არა, ფასეულობებს ვირჩევთო”. აშშ-ის ატლანტიკურ საბჭოში პრეზიდენტ სააკაშვილის გამოსვლის ამ მონაკვეთზე მიუთითებს “ვაშინგტონ ტაიმსში” დაბეჭდილი სტატიის ავტორი.

აშშ-ში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ ვიზიტს გამოეხმაურა გაზეთი “ვაშინგტონ პოსტიც”. მასშიც გამახვილებულია ყურადღება ნატოსაკენ საქართველოს სწრაფვაზე, გარდა ამისა, რუსეთის უარყოფით დამოკიდებულებაზე როგორც საქართველოს, ისე უკრაინის ნატოში გაწევრიანების პერსპექტივის მიმართ.

“ვაშინგტონ პოსტის” სტატიაში მოყვანილია შეფასება, რომ პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ცდილობს საქართველოსა და უკრაინისადმი მხარდაჭერის ისე გამოხატვას, რომ არ გარისკოს განხეთქილება ვლადიმირ პუტინთან, რომელიც ბუქარესტში ნატოს სამიტზე ჩასვლას აპირებს.

ახლა კი სხვა სტატიაზე, რომლის ავტორსაც - ცნობილ ექსპერტ ვლადიმირ სოკორს - ეჭვი არ ეპარება, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ის, გაწევრიანების სამოქმედო გეგმის შეთავაზების შესახებ, ბუქარესტში ნატოს სამიტის ბოლო მომენტამდე არ მიიღებენ. თავისი ვარაუდის საფუძველს ექსპერტი ხედავს იმ გარემოებაში, რომ ნატოს წევრ ქვეყნებში აზრთა მკვეთრი სხვაობა გამოიკვეთა: ერთ მხარეზეა გერმანია, რომელიც საჯარო, ცალსახა კამპანიას ეწევა უკრაინისა და საქართველოსთვის MAP-ის შეთავაზების წინააღმდეგ და ნატოს კიდევ რამდენიმე ქვეყნის მხარდაჭერის იმედი აქვს. მეორე მხარეს კი დგას ნატოს 10 წევრი - კანადა და ყოფილი კომუნისტური ქვეყნები, რომლებმაც ხელი მოაწერეს ნატოს გენერალურ მდივან იაპ დე ჰოოპ სხეფერისადმი მიმართვას. მიმართვაში ლაპარაკია მოახლოებულ სამიტზე საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ის მინიჭების მიზანშეწონილობაზე.

ხელმომწერებს სჯერათ, რომ საქართველოსა და უკრაინის ინტეგრაცია თვით ნატოს ინტერესებშიც შედის. ვლადიმირ სოკორი მიუთითებს ნატოში გაწევრიანების საკითხში საქართველოსადმი ვაშინგტონის მხარდაჭერაზეც.

გაზეთ “ფაინენშელ ტაიმსში” კი ნატოს სამიტზე ლაპარაკია კოსოვოს გარშემო ბოლოდროინდელი მოვლენების კონტექსტში. კოსოვოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადება, ისევე როგორც მისი აღიარება აშშ-ისა და ევროკავშირის ზოგი წევრის მიერ, “ფაინენშალ ტაიმსში” გამოთქმული შეფასებით, რთულ ვითარებას შექმნის ნატოს სამიტზე ბუქარესტში, გაამწვავებს ისედაც დაძაბულ ურთიერთობას ალიანსსა და რუსეთს შორის.

საქმეს ისეთი პირი უჩანს, ვკითხულობთ სტატიაში, რომ “რუსეთმა სახიფათო დიპლომატიური თამაში” დაიწყო რათა ცხადჰყოს თავისი უკმაყოფილება კოსოვოს პრეცედენტით, რომელსაც, შესაძლოა, სხვების დამოუკიდებლობაც მოჰყვეს. რუსეთმა გააუქმა ემბარგო აფხაზეთისთვის იარაღის მიწოდებაზე - საქმე ეხება ნაბიჯს, რომლის სავარაუდო მიზნადაც “ფაინენშალ ტაიმსის” ჟურნალისტი ასახლებს თბილისის, ისევე როგორც ვაშინგტონის გაჯავრებას და ძირის გამოთხრას ნატოში გაწევრიანებისაკენ საქართველოს მისწრაფებისთვის.

დაბოლოს, რახან ამ სტატიაში კოსოვოზე იყო ლაპარაკი, კოსოვოსთან დაკავშირებული ერთი ციტატა ბულგარეთის გაზეთ “მონიტორიდან”. საქმე ეხება გამოხმაურებას 19 მარტს გავრცელებულ ცნობაზე, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარა რეგიონის სამმა ქვეყანამ: ბულგარეთმა, უნგრეთმა და ხოვატიამ.

“მონიტორში” ვკითხულობთ: “სამხრეთ ევროპაში უკვე სახეზეა ახალი დაყოფა. და ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ის დიდახნს იარსებებს. ტრიოს - ბულგარეთი, უნგრეთი, ხორვატია - გაცილებით უფრო დიდი საერთო ინტერესები აქვს, ვიდრე კოსოვოს აღიარებაა (...) სამხრეთ ევროპის მეორე ახალი ტრიოც - საბერძნეთი, რუმინეთი და სერბია - სავარაუდოდ, არ დათმობს თავის პოზიციას. ბალკანეთის ქვეყნები ისევ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.”
XS
SM
MD
LG