Accessibility links

logo-print

კვირის მიმოხილვა


გასული სამუშაო კვირა პოლიტიკურად

და ემოციურად დატვირთული იყო. და ეს ეხება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ განვითარებულ პროცესებს. დავიწყოთ იმით, რომ კვირის დასაწყისში საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა. ვიზიტის დღის წესრიგით შეხვედრები თანმიმდევრულად ასე განისაზღვრა: შეხვედრა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივან ბან კი მუნთან, ასევე გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან პოლიტიკურ საკითხებში ლინ პასკოსთან; შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან ჯორჯ ბუშთან; შეხვედრები შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან კონდოლიზა რაისთან და თავდაცვის მინისტრ რობერტ გეიტსთან, რომლისგანაც მიხეილ სააკაშვილმა მიიღო წინადადება გაგრძელდეს ერაყის სამშვიდობო ოპერაციაში საქართველოს კონტინგენტის სამსახურის ვადა. საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ოფიციალური ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე დასრულებულია, ვიზიტის წარმატებულობის საკითხი კი, გარკვეულწილად, ორი კვირის შემდეგ ბუქარესტში გაირკვევა. მიხეილ სააკაშვილის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის მთავარი მიზანი ნატოს ბუქარესტის სამიტის წინ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისაგან საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების გეგმის მიღების საკითხში მხარდაჭერის მოპოვება იყო.

[ჯორჯ ბუშის ხმა]“ მჯერა , რომ ნატო მოიგებს საქართველოს გაწევრიანებით. მჯერა, რომ საქართველო მოიგებს ნატოს წევრობით. და პრეზიდენტ სააკაშვილს გავაცანი პოზიცია, რომლითაც მალე ჩავალ ბუქარესტში.”

განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა. საქართველოსთვის მისი დახმარების მისიას ამ ეტაპზე ქართველი ექსპერტები და პოლიტიკოსები ნატოს წევრი იმ სკეპტიკოსი ქვეყნების გადარწმუნებაშიც ხედავენ, რომლებიც ნაადრევად მიიჩნევენ საქართველოსთვის ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭებას. აი, რა თქვა ამერიკის შეერთებული შტატების ამ მისიასთან დაკავშირებით ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში დენიელ ფრიდმა:

[დენიელ ფრიდის ხმა]“ ალიანსი ამ საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას ბუქარესტში მიიღებს. ჩვენი მხრიდან ძნელია უარი უთხრა გაწევრიანების მსურველ ახალ დემოკრატიას, რომელიც ნატოს საკუთარი სუვერენობის გარანტად განიხილავს, ამ ალიანსს უყურებს როგორც საერთო ფასეულობების მქონეთა ბასტიონს. ნატოს გაფართოება უაღრესად წარმატებული ნაბიჯი გამოდგა. მან ხელი შეუწყო მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცებას ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ახლა აუცილებელია ამ წარმატების გაღრმავება. ნატოს წევრი ქვეყნები ამ საკითხზე ინტენსიურად მსჯელობენ და ბუქარესტში კიდევ უფრო ფართო კონსულტაციების მზადყოფნით მივემგზავრებით.“

ნატოს ბუქარესტის სამიტს ინტერესით, მაგრამ სრულიად განსხვავებული სულისკვეთებით ადევნებენ თვალს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში, სადაც 21 მარტს აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და დნესტრისპირეთის საკითხზე განცხადება მიიღეს. განცხადება, რომელშიც სეპარატისტული რეგიონებისათვის სუვერენიტეტის მინიჭების პირობებია ჩამოყალიბებული, განსახილველად რუსეთის ფეგერაციის მთავრობასა და პრეზიდენტს გადაეცათ. თავად პირობებზე კი ახლა განცხადების მიღების ინიციატორი, რუსეთის დუმის დეპუტატი ალექსეი ოსტროვსკი ისაუბრებს:

[ალექსეი ოსტროვსკის ხმა]“ თუ მოწმენი გავხდით ნატოში საქართველოს დაჩქარებული გაწევრიანების ან სამხედრო აგრესიისა, მაშინ ეჭვგარეშეა, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს უფლება ექნებათ, ცალმხრივი წესით გამოაცხადონ საკუთარი დამოუკიდებლობა. და დარწმუნებული ვარ, რომ, თუ საქართველოს ხელმძღვანელობამ ამგვარ ქმედებას მიმართა, რუსეთის ფედერაცია საკადრის პასუხს გასცემს ამ ქმედებებს და ხსენებული რესპუბლიკების დამოუკიდებლობას აღიარებს.“

საქართველოს სეპარატისტული რეგიონების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის -სურვილისა და მოლოდინის მიუხედავად, რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ ეგრეთ წოდებული არაღიარებულები არ აღიარა. საქართველოს პრეზიდენტმა კი გაეროში გენერალურ მდივანთან, ბან კი მუნთან, გამართულ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დასვა აფხაზეთში არაეფექტური სამშვიდობო ფორმატის შეცვლის საკითხი, შემდეგ კი რადიო ”თავისუფლების” ნიუ-იორკელი კორესპონდენტისთვის, ნიკ კრასტევისთვის, მიცემულ ინტერვიუში ქართულ–აფხაზური კონფლიქტის მოგვარების ახალ ინიციატივაზე გაამახვილა ყურადღება:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა]“ სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლებას ახალ წინადადებათა პაკეტი შევთავაზეთ, რათა შესაძლებელი გახდეს დიალოგის განახლება. მათ შევთავაზეთ ჩვენეული ხედვა იმისა, თუ რას შეიძლება ელოდონ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მხრივ და როგორ წარმოგვიდგენია მათი ადგილი ერთიანი საქართველოს ფარგლებში.“

ქართულ–აფხაზური კონფლიქტის მოგვარების იმ გეგმაზე, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტმა მიანიშნა, ჯერჯერობით ბევრი არაფერია ცნობილი, თუ არ ჩავთვლით რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თემურ იაკობაშვილის ზოგად განმარტებას. ამ განმარტების თანახმად, გასაღრმავებელია ურთიერთობები ქვედა დონეზე იმ ადამიანებს შორის, რომლებიც დიდი ხნის წინ ერთად მუშაობდნენ, ერთ საქმეს აკეთებდნენ. ეგრეთ წოდებულ პროფესიულ ჯგუფებს შორის კონტაქტის გარდა, საუბარია ასევე მიმოსვლის აღდგენაზე და სხვ.

სოხუმთან დიალოგის დაწყების ახალი სტრატეგია მიმდინარე კვირაში მხოლოდ ინიციატივის დონეზე გახმაურდა. დიალოგის განახლების პრობლემას კი საქართველოს ხელისუფლება საკუთარ პოლიტიკურ ოპონენტებთან შეეჯახა. მოვლენები, მართლაც რომ, დრამატულად განვითარდა. არჩევნების წესსა და მოდელზე, ერთი მხრივ, საქართველოს პრეზიდენტისა და ქრისტიან–დემოკრატიული პარტიის ინიციატივის, მეორე მხრივ კ,ი რესპუბლიკური პარტიის ალტერნატიული შეთავაზების გავრცელების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე შიმშილობის აქციის მეთორმეტე დღეს, მხარეთა შორის მედიატორის ფუნქცია საქართველოს კათალიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ იტვირთა. მან ოპოზიციას შიმშილობის აქციის შეწყვეტისა და მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაბრუნებისკენ, ხოლო ხელისუფლებას მოლაპარაკების ხელშემწყობი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა:

[უწმინდესისა და უნეტარესის ხმა]“ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, კომპრომისი და დათმობა ძლიერთა ხვედრია და თვისებაა. ეს სულაც არ ნიშნავს სისუსტეს და უკანდახევას.“

საქართველოს კათალიკოს–პატრიარქის მოწოდებისთანავე შიმშილობის აქცია შეწყვიტა ეროვნულ–დემოკრატიულმა პარტიამ, დანარჩენებმა კი შემდეგი გადაწყვეტილება მიიღეს:

[მამუკა კაციტაძის ხმა]“ჯგუფი გამოიყო აქციის მონაწილეთა მხრიდან, რომლებიც მივლენ მის უწმინდესობასთან და გაესაუბრებიან ჩვენს პოზიციებსა და მდგომარეობასთან დაკავშირებით.“

საქართველოს კათალიკოს–პატრიარქთან აუდიენციის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ მოშიმშილე ოპოზიციამ უპირობო დათმობა არ ისურვა, თუმცა საგრძნობლად შეამცირა მოთხოვნების რაოდენობა. ოპოზიციის მოთხოვნა 75 მაჟორიტარული მანდატის რეგიონალურ-პროპორციული სისტემით განაწილებასა და საარჩევნო ოლქების დაყოფის დროს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დევნილი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებაში მდგომარეობდა. ერთპუნქტიანი ულტიმატუმის მომცველ დოკუმენტს 11–მა ოპოზიციურმა სუბიექტმა მოაწერა ხელი, ხელმოუწერელი დარჩა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის გვარი. ნინო ბურჯანაძისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ოპოზიციის ტონი, მით უფრო, საქართველოს კათალიკოს–პატრიარქის კურთხევის შემდეგ:

[ნინო ბურჯანაძის ხმა]“მეც და თითოეულ ადამიანსაც გვქონდა იმის ღრმა რწმენა, რომ პატრიარქის კურთხევაზე, შეწყვეტილიყო შიმშილობა, ყოველგვარი პირობების გარეშე იქნებოდა ერთმნიშვნელოვანი თანხმობა. სამწუხაროდ, ნაცვლად იმისა, რომ პატრიარქის კურთხევაზე უპირობოდ შეწყვეტილიყო შიმშილობა და შემდეგ გაგრძელებულიყო პოლიტიკური დიალოგი, ნაცვლად ამისა, ჩვენმა ოპონენტებმა პოლიტიკური მოთხოვნები წაუყენეს ახლა უკვე პატრიარქს და ყველა ჩვენგანს იმისათვის, რომ პატრიარქის კურთხევა შესრულებულიყო.“(სტილი დაცულია)


განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 20 მარტს, მოშიმშილე ოპოზიციონერების ულტიმატუმის პასუხად. ამ პასუხის ადეკვატური აღმოჩნდა გადაწყვეტილებაც, რომელიც 21 მარტს მიიღო საქართველოს პარლამენტის უმრავლესობამ. მან, 134 ხმით 2–ის წინააღმდეგ, დაამტკიცა საარჩევნო კოდექსის დამატებებისა და შესწორებების კანონპროექტი და უცვლელად დატოვა სადავო მუხლები, მათ შორის, დეპუტატთა მაჟორიტარული წესით არჩევის შესახებ.
XS
SM
MD
LG