Accessibility links

logo-print

კულტურული მიმოხილვა, 23 მარტი


პოლიტიკის აქტიურ შემოჭრას

კულტურაში, რაც დიდი ხანია იგრძნობა მსოფლიოში, თავისი ღირსებები და ნაკლოვანებები აქვს. კინოში, მაგალითად, პოლიტიკური სიმძაფრე და პუბლიცისტიკა, როგორც წესი, სურათის მხატვრულ სამყაროს აღარიბებს, მაგრამ ამ პროცესით ნაკლებად ზარალდება დოკუმენტური კინო. უფრო - პირიქით. ბოლო დროს კინოდოკუმენტალისტები, განსაკუთრებით დასავლეთში, არა მარტო აქტიურად ჩაერთნენ პოლიტიკურ ცხოვრებაში, არამედ პოლიტიკაზე ზემოქმედებაც დაიწყეს. დღეს საზოგადოებრივი აზრის შექმნაში არამარტო მედია ასრულებს მნიშვნელოვან როლს. მსოფლიო ეკრანებზე, ტელევიზიით გადასცემენ დოკუმენტურ ფილმებს, რომელთა ჩვენებას ხშირად დისკუსია მოჰყვება ხოლმე. მოკლედ, დოკუმენტური კინო დემოკრატიული პროცესების დაჩქარებას უწყობს ხელს.

საქართველოში კულტურა ასევე პოლიტიზებული გახდა, მაგრამ დოკუმენტურ კინოს, ამ მხრივ, თავისი პრობლემები აქვს. ფაქტია, რომ თანამედროვე ქართული დოკუმენტალისტიკა ჯერ კიდევ ვერ ასახავს რეალობას, ხელისუფლება მაინცდამაინც არაა დაინტერესებული დოკუმენტური კინოს განვითარებით.

თუმცა ბოლო დროს ამ თვალსაზრისითაც შეინიშნება მცირეოდენი ცვლილებები - განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც კინოხელოვნების განვითარება საქართველოში ეროვნულმა კინოცენტრმა ითავა. სწორედ ეროვნული კინოცენტრისა და ბრიტანეთის საბჭოს ხელშეწყობით იწყება მომავალი კვირიდან პროექტი ”დემოკრატიის ათი წუთი”, რომლის პირველი ღონისძიება 28 მარტსაა დაგეგმილი გოეთეს ინსტიტუტში. თბილისში მასტერკლასებს ჩაატარებს ცნობილი ბრიტანელი დოკუმენტალისტი გიდეონ კოპოლი - აჩვენებს ფრაგმენტებს ფილმებიდან და წარმოადგენს თავის ახალ სრულმეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმს ”იძინე მრისხანედ”. ეროვნული კინოცენტრის კოორდინატორმა ანა ძიაფშიპამ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ მასტერკლასები არ ჩატარდება მხოლოდ თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის - ”დემოკრატიის ათი წუთი” ეპატიჟება დოკუმენტური კინოხელოვნებით დაინტერესებულ ყველა ადამიანს:

[ანა ძიაპშიპას ხმა] ”ეს მასტერკლასები ღიაა ყველასათვის. უკვე არჩეულია კონკრეტული სიუჟეტები, რომლებზედაც იმუშავებენ მასტერკლასის მონაწილეები. პროექტი მოსამზადებელ ეტაპზეა - ”მზადდება” იდეები, დადგინდება გადასაღები ეტაპი, მონტაჟი... ეს ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება.”

თავად გიდეონ კოპოლის შესახებ ვკითხეთ პროექტში ჩართულ ქართველ ჟურნალისტსა და დოკუმენტალისტს სალომე ჯაშს - სალომემ სტაჟირება გაიარა ლონდონის უნივერსიტეტში და ახლა თავად აპირებს გადაიღოს ფილმი პროექტისთვის ”დემოკრატიიის ათი წუთი”.

[სალომე ჯაშის ხმა] ”გიდეონ კოპოლი არის ბრიტანელი დოკუმენტალისტი, რომელიც პარალელურად ასწავლის ლონდონის უნივერსიტეტში დოკუმენტალისტიკას. სხვათა შორის, ჩემი ლექტორი იყო. ასევე ასწავლის პარიზის ბიზნესსკოლაში.”

ეროვნული კინოცენტრის, თავად გოეთეს ინსტიტუტის, ფრანგული კულტურის ცენტრის ხელშეწყობით, ბოლო დროს არაერთი საინტერესო მასტერკლასი გაიმართა ქართველი კინემატოგრაფისტებისთვის. ამ ღონისძიებებზე დარბაზში, როგორც წესი, ცარიელი ადგილი არ არის ხოლმე - მასტერკლასების მონაწილეებს პირადად ჩემთვის უთქვამთ, რომ აქ ერთ-ორ დღეში გაცილებით უფრო მეტი ისწავლეს, ვიდრე ოთხი წლის მანძილზე თეატრალურ უნივერსიტეტში. თუმცა, სალომე ჯაშის აზრით, აქამდე საქართველოში ჩატარებული მასტერკლასები პროდიუსერებისთვის უფრო იყო საინტერესო, ვიდრე რეჟისორებისთვის. ფილმისთვის თანხების მოძიება, უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობა, სურათის გაქირავება და რეკლამა... ამ ყველაფერს სწავლა სჭირდება. პოსტსაბჭოთა საქართველოში კი ბევრი არ გვყავს ამ სფეროში მომუშავე სპეციალისტი. მაგრამ აღმოჩნდა, რომ არც ესაა საკმარისი - კინოწარმოებასთან ერთად ხომ კინოს ენაც ვითარდება.

[სალომე ჯაშის ხმა] ”პროდიუსერები და რეჟისორები, რომლებიც ჩამოდიან საქართველოში, ძირითადად საუბრობენ, როგორ გავყიდოთ ჩვენი ნაწარმოებები, ანუ უფრო კომერციულ მხარეზე. ეს ადამიანი კი არაკომერციული მიზნებით ჩამოდის და ყველაფრის მიმართ შემოქმედებითადაა განწყობილი. ის ისაუბრებს ხელოვნებასა და დოკუმენტალისტიკაზე, შინაგანი განცდების გამოხატვის ხერხებზე.”

და მაინც, რას ნიშნავს ”დემოკრატიის ათი წუთი”? სალომე ჯაშს თავად პროექტის შინაარსზე ვეკითხებით.

[სალომე ჯაშის ხმა] ”პროექტი ითვალისწინებს ათწუთიანი დოკუმენტური ფილმების სერიას. მასში 9 რეჟისორი მონაწილეობს - 3-3 საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. მე ერთ-ერთი მონაწილე ვარ და სხვებთან ერთად ვაკეთებ ფილმს დემოკრატიულ და არადემოკრატიულ პროცესებზე საქართველოში. ეს არ არის დემოკრატიის აღწერა, თუ რა არის დემოკრატია. ესაა რეფლექსია იმ პროცესებზე, რომლებიც მიმდინარეობს ქვეყანაში.”

გამოდის, რომ სურათის ავტორმა ათი წუთის განმავლობაში თავისი ძალიან სუბიექტური პოზიცია უნდა გაგვიზიაროს. ”რეფლექსია” ხომ ამა თუ იმ მოვლენის მიმართ სწორედ სუბიექტურობას, კონკრეტული პიროვნების დამოკიდებულებას გულისხმობს. სალომე ჯაში გვეთანხმება, რომ დოკუმენტური კინოსთვის ასეთი მიდგომა საკმაოდ სარისკოა, თუმცა, სალომეს აზრით, ჩვენს რეგიონში, სამხრეთ კავკასიაში, დოკუმენტური კინოს განვითარებას სწორედ ის სტერეოტიპები უშლის ხელს, რომლებიც წლების მანძილზე დამკვიდრდა, განსაკუთრებით საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ: მედია, - მეტწილად, ტელევიზია, - როგორც წესი, ერიდება მკვეთრად განსხვავებულ აზრებს და ეგრეთ წოდებული ”სუბიექტური აზრი” სულ უფრო და უფრო მარგინალიზებული ხდება.

[სალომე ჯაშის ხმა]”ძალიან საინტერესოა, რომ ეს რეგიონალური პროექტია, რადგან საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, ფაქტობრივად, იდენტურ პროცესებს აქვს ადგილი, თუმცა ძალიან მოწყვეტილები ვართ ერთმანეთისგან.”

ასე რომ, მომავალი კვირიდან სამხრეთ კავკასიაში დაახლოვდებიან ის დოკუმენტალისტები, რომლებიც დემოკრატიაზე ან, როგორც სალომემ გვითხრა, ”დემოკრატიის დეფიციტზე” ფიქრობენ... მარტის ბოლოს საბოლოოდ შეირჩევა და დაიხვეწება თემები... ანუ დადგინდება კონკრეტულად რისი თქმა შეიძლება დემოკრატიაზე ათი წუთის განმავლობაში. პროექტის ორგანიზატორები დარწმუნებულები არიან, რომ დოკუმენტური ფილმების ამ სერიის შექმნაში არამარტო პროფესიონალები მიიღებენ მონაწილეობას. მთავარია, 28 მარტს გოეთეს ინსტიტუტში დაგეგმილი მასტერკლასი გამოდგეს წარმატებული, ე.ი. დემოკრატიაზე დაფიქრებულებმა რამდენიმე დღეში ისწავლონ დოკუმენტური კინოს გადაღება.


XS
SM
MD
LG