Accessibility links

logo-print

მოშიმშილე ოპოზიციისა და ხელისუფლების ურთიერთობა


შიმშილობის აქციის დაწყების პირველივე დღეებიდან საზოგადოების ერთი ნაწილი მოშიმშილე ოპოზიციას იმის

გამო საყვედურობდა, რომ მათ პროტესტს გამოკვეთილი შინაარსი და მკაფიო მოთხოვნები არ ახლდა. მართლაც, ბოლო ორი კვირის განმავლობაში მოშიმშილეების მოთხოვნები არაერთხელ შეიცვალა. ამის მიუხედავად, შიმშილობის ყველა ეტაპზე ცხადი იყო, რომ აქცია, თავისი არსით, ერთადერთ მიზანს ემსახურებოდა: ხელისუფლების იძულებას, ჩამოეყალიბებინა სამართლიანი საარჩევნო გარემო, რომელშიც სწორად აისახებოდა ელექტორატის დამოკიდებულება პოლიტიკური სუბიექტების მიმართ. რით უპასუხა ხელისუფლებამ საპროტესტო აქციის მთავარ მოთხოვნას?

ოპოზიციის ერთობლივ მემორანდუმში საარჩევნო გარემოს გასაკეთილშობილებლად ორი მიმართულება იყო განსაზღვრული. პირველი გულისხმობდა საარჩევნო კანონმდებლობისა და ადმინისტრაციის შეცვლას, მეორე კი – ტელესივრცეში სამართლიანი გაშუქების კუნძულის გაჩენას, საზოგადოებრივი მაუწყებლის სახით.

მოლაპარაკებების მაგიდასთან ამ ორი მიმართულებიდან ვერც ერთთან დაკავშირებით შეთანხმება ვერ მოხერხდა. ერთადერთი პირმშო, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის დიალოგის შედეგად იშვა,საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოა. მართალია, საბჭოს არჩევის პროცედურებთან დაკავშირებით უკმაყოფილება საჯაროდ გამოთქვა რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა თინა ხიდაშელმა, მაგრამ, ნებისმიერი შეფასების მიუხედავად, საბჭოს ღირსება ისაა, რომ მისი თითოეული წევრი მისაღებია როგორც ხელისუფლებისთვის, ისე ოპოზიციისათვის.

ეს არის და ეს. შემდეგ დაიწყო შიმშილობა და, ამ აქციის პარალელურად, დაიწყო ყველა სადავო თუ არასადავო საკითხის გადაწყვეტა ხელისუფლების სასარგებლოდ.

პირველი დიდი სიურპრიზი იყო პარლამენტის 150 წევრის გაყოფა 75 მაჟორიტარად და 75 პარტიული სიით არჩეულ დეპუტატად. ოპოზიცია ფიქრობს, რომ მას, ნაციონალურ მოძრაობასთან შედარებით, უპირატესობა აქვს პარტიული სიების შეჯიბრში, ხოლო ხელისუფლებას – უპირატესობა აქვს მაჟორიტარულ არჩევნებში. ახსნა ამგვარია: როდესაც თითოეული რაიონი ერთ ადამიანს ირჩევს პარლამენტში, იგებს ის, ვინც მდიდარია და მოსახლეობას ეხმარება. მდიდრები კი, როგორც წესი, ხელისუფლებასთან მეგობრობენ. ამიტომ პარლამენტის გადაწყვეტილება, რომ მაჟორიტარი კანდიდატების რიცხვი 50–დან 75–მდე გაეზარდა, ხელისუფლების საარჩევნო პირობებს აუმჯობესებდა და ოპოზიციისას – აუარესებდა.

ოპოზიციამ გამოსავლის მოძებნა სცადა და, მცირე დისკუსიის შემდეგ, ხელისუფლებას შესთავაზა, თითო რაიონს თითო მაჟორიტარი კი არ ჰყოლოდა პარლამენტში, არამედ ოლქები გამსხვილებულიყო და თითოეულ ოლქს რამდენიმე მაჟორიტარი აერჩია. ეს ოპოზიციას საშუალებას მისცემდა, მაჟორიტარულ არჩევნებშიც ებრძოლა და ხელისუფლებისთვის ადგილები გაეყო. პრეზიდენტის დაპირების მიუხედავად, რომ თუ ოპოზიცია შეთანხმდებოდა, ხელისუფლება მათ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერდა, მოხდა პირიქით – პარლამენტმა კენჭი უყარა და მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც მოსაწონი იყო ხელისუფლებისთვის და, ისევ და ისევ, წამგებიანი იყო ოპოზიციისათვის: ყველა რაიონს პარლამენტში თითო მაჟორიტარი ეყოლება.

შემდეგი საკითხი, რომელმაც ოპოზიციის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, ტელეკომპანია „იმედთან“ დაკავშირებული მოვლენებია. ბადრი პატარკაციშვილის მეუღლემ – ინა გუდავაძემ – გაავრცელა ღია წერილი, რომელშიც ნათქვამია: „თვითმარქვიებმა, რომლებმაც თავი „იმედის“ მესაკუთრეებად წარმოადგინეს, მისი ხელისუფლებისთვის მიყიდვა სცადეს... მე და ჩემი ოჯახი სასამართლოს გზით შევეწინააღმდეგებით ტელეკომპანიის მითვისების ყველა მცდელობას“. როცა ოპოზიციამ ამ საკითხთან დაკავშირებით პასუხი ხელისუფლებას მოსთხოვა, მიიღო ცივი პასუხი, რომ ტელეკომპანია „იმედის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენები წმინდა ოჯახური დავაა.

ბოლო სეგმენტი, რომელიც ხელისუფლებას სრული კომფორტისთვის სჭირდება, საზოგადოებრივი მაუწყებლის გაკონტროლებაა. ამისთვის კი საკმარისია გენერალურ დირექტორად ისეთი ადამიანის არჩევა, რომელიც გარანტირებულად დაიცავს ხელისუფლების ინტერესებს. თუ ეს პროცესი ოთხ აპრილს ოპოზიციის მორიგი მარცხით დასრულდა, წინასაარჩევნო მზადების პირველ და უმთავრეს ეტაპს ნაციონალური მოძრაობა წარმატებით დააგვირგვინებს.

გამოდის, რომ ხელისუფლება ცდილობს, ვიდრე ოპოზიცია შიმშილობს, მოასწროს და მაქსიმალურად წაიღოს ყველაფერი, რისი წაღებაც, საერთოდ, შესაძლებელია. ოპოზიცია კი წინააღმდეგობის სურვილს თითქმის აღარც ამჟღავნებს. ჩანს, საპროტესტო აქციის ამჟამინდელ ეტაპზე, როცა შიმშილობა სასიცოცხლო საფრთხეს უქმნის პოლიტიკურ ლიდერებს, მათი მიზნები სულ უფრი მასშტაბური ხდება, მიზნის მიღწევის გზები კი – სულ უფრო აგრესიული და რადიკალური. ამ საფრთხის მიმართ ხელისუფლება რატომღაც შეუსაბამოდ გულგრილია.
XS
SM
MD
LG