Accessibility links

logo-print

ხელისუფლება და ოპოზიცია დიალოგის დაწყებას ვერ ახერხებენ


მიუხედავად იმისა, რომ შიმშილობის აქციის დაწყებიდან თხუთმეტი დღე გავიდა, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები მაინც ვერ ახერხებენ დიალოგის დაწყებას.

დაძაბულობა ვერ განმუხტა კათალიკოს-პატრიარქმა, რომელმაც ორიოდე დღის წინ დაპირისპირებულ მხარეებს შიმშილობის შეწყვეტისა და მოლაპარაკების განახლებისკენ მოუწოდა. ოპოზიცია მზადაა შიმშილობა შეწყვიტოს, თუკი ხელისუფლება უარს იტყვის ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებზე და, პროპორციული სიების პარალელურად, დეპუტატებს რეგიონალურ-პროპორციული სისტემით აირჩევენ. პასუხად, ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მზად არიან დიალოგი ყოველგვარი წინაპირობის გარეშე დაიწყონ. მინდა გიამბოთ, რას ითხოვენ მოშიმშილეები, როგორია მათი მდგომარეობა და ხელისუფლების პოზიცია.

შიმშილობის აქცია თხუთმეტი დღის წინ, 9 მარტს, დაიწყო. თავდაპირველად მხოლოდ ოპოზიციის ლიდერები შიმშილობდნენ, მოგვიანებით კი მათ რამდენიმე ათეული მხარდამჭერიც შეუერთდა.

[ზურაბ მათიაშვილის ხმა] „ბოლომდე, ბოლომდე ვაპირებ შიმშილობას! სანამ ხელისუფლება არ წამოვა დათმობაზე, არ ავდგები. მე-11 დღეა ვშიმშილობ. შიმშილის გრძნობა აღარ მაქვს, უბრალოდ, თავს ვგრძნობ ძალიან ცუდად...“

ეს ზურაბ მათიაშვილია, ოპოზიციის ერთ-ერთი აქტივისტი, რომელსაც რადიო ”თავისუფლება“ „კარვების ქალაქთან“ გამოელაპარაკა. 11 დღიანი შიმშილობის შემდეგ მხნედ გამოიყურება, თუმცა, მისგან განსხვავებით, სიარული უჭირთ ოპოზიციის იმ ლიდერებს, რომლებმაც შიმშილობა ყველაზე ადრე დაიწყეს. ექიმი ნათელა კობახიძე ამბობს, რომ მოშიმშილეთა მდგომარეობა უკანასნელ ორ დღეში დამძიმდა:

[ნათელა კობახიძის ხმა] „ცუდად არიან. მძიმეა მათი მდგომარეობა და წუთი წუთზე შეიძლება კიდევ უფრო მეტად გართულდეს, პროცესი გახდეს შეუქცევადი. არაა გამორიცხული, რომ ნებისმიერ მათგანს თირკმელი გაუჩერდეს.“

თუმცა, ამის მიუხედავად, აქციის მონაწილენი არ აპირებენ შიმშილობის შეწყვეტას. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ბეჟან გუნავა ამბობს, რომ ხელისუფლების სიხისტე მოშიმშილეებს არჩევანს არ უტოვებს:

[ბეჟან გუნავას ხმა] „შიმშილობის შეწყვეტაზე დღეს საუბარი არ არის. ეს დამოკიდებულია ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე, რომელიც არა და არ ჩანს. ვნახოთ, რა იქნება. მოგვიწევს ხალხთან ერთად ხელისუფლებას გადაწყვეტილება შევაცვლევინოთ. ქართველი ერი ყოველთვის ბრძოლაში მოიპოვებდა გამარჯვებას და ამჟამადაც ბრძოლით უნდა მოვიპოვოთ ეს გამარჯვება.“

გამარჯვების მოსაპოვებლად, როგორც ბეჟან გუნავა ამბობს, ოპოზიციის აქტივისტები, შიმშილობის გარდა, წინააღმდეგობისა და პროტესტის სხვა ფორმასაც იყენებენ.

[აქტივისტის ხმა] „ხელმოწერებს ვაგროვებთ ბურჯანაძის გადადგომის მოთხოვნით. თუ გსურთ, ხელი მოგვიწერეთ. აქცია ნებაყოფლობითია...“

[მამაკაცის ხმა] „სად მოვაწერო? გასაგებია! ვითხოვ ნინო ბურჯანაძის გადადგომას. მარტო მე კი არა, მთელი საქართველო ამას ითხოვს. გაიარეთ და ნახავთ, ყოველ ნაბიჯზე ნახავთ უკმაყოფილო ადამიანებს.“

[მამაკაცის ხმა] „ვითხოვ ბურჯანაძის გადადგომას, მაგრამ ეგ არ უშველის. სათავიდან ფუჭდება საქმე და გადადგომაც იქიდან უნდა დაიწყოს.“

თუმცა ხელისუფლება აცხადებს, რომ არც ბურჯანაძე და არც სხვა რომელიმე მაღალი თანამდებობის პირი გადადგომას არ აპირებს. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი წერეთელმა, რადიო ”თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში უარყო საქართველოს მედიაში გავრცელებული ცნობა, თითქოს ნინო ბურჯანაძე თანამდებობას ტოვებდეს. გიგი წერეთელი ამბობს, რომ ულტიმატუმის მიღებით შეიქმნება გადაწყვეტილების მიღების მანკიერი ტრადიცია, რაც მთლიანად ქვეყნისთვის არ იქნება სასარგებლო. გიგი წერეთელი მხარეთა პასუხისმგებლობაზეც ლაპარაკობს:

[გიგი წერეთლის ხმა] „მე მესმის, რომ ხელისუფლებას უფრო მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება და საზოგადოებაც მეტად თხოვს განმუხტოს სიტუაცია, მაგრამ პასუხისმგებლობა აქვს ოპოზიციასაც. აქედან გამომდინარე, ჩვენი სურვილი კვლავ რჩება სურვილად, თხოვნადაც, რომ ჩვენ შევწყვიტოთ ასეთი კონფრონტაციული რეჟიმი, დავჯდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და რაც კი შეიძლება, გაკეთდეს კანონიერი გზით, კონსტიტუციის ფარგლებში. საზოგადოებისთვის იყოს ასახსნელი, რა კომპრომისები კეთდება ორივე მხრიდან. ეს ყველაფერი იყოს მიღწეული და, ვთქვათ, ჩვენ შევძლოთ სწორი ინტერპრეტაცია მივცეთ პროცესებს.“ (სტილი დაცულია)

უნდა ითქვას, რომ, ხელისუფლებისა და ოპოზიციის გარდა, თხუთმეტი დღის წინ დაწყებული შიმშილობის აქცია გულგრილს ვერ ტოვებს ვერც რიგით მოქალაქეებს. თბილისის ქუჩებში ჩატარებული მცირე გამოკითხვიდანაც ირკვევა, რომ საზოგადოებრივი აზრი ორადაა გაყოფილი:

[მამაკაცის ხმა] „დათმობაზე უნდა წავიდეს მთავრობა, იმიტომ რომ ბევრია უკვე საკმაოდ განაწყენებული. ოპოზიცია აღარ ენდობა, იმიტომ რომ ერთხელ გამოცადეს, ორჯერ გამოცადეს. თვითონ ხელისუფლებამ გადადგას ნაბიჯი და მერე გადადგამს ნაბიჯს ოპოზიცია.“

[ქალბატონის ხმა] „უნდა შეწყვიტონ შიმშილობა, დაჯდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და ორივე მხარე ეცადოს ერთმანეთისათვის მისაღები და ქვეყნისათვის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღონ.“

თბილისელები იმასაც ამბობენ, რომ ქვეყნისთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მისაღებად სულ უფრო მცირე დრო რჩება. დაპირისპირებული პოლიტიკოსები კი, მოშიმშილეთა ჯანმრთელობის გარდა, სამოქალაქო მშვიდობასაც საფრთხის ქვეშ აყენებენ.
XS
SM
MD
LG