Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა


დღევანდელი ქართული გაზეთების უმეტესობა მოწინავე გვერდზე მოშიმშილეთა მძიმე მდგომარეობაზე წერს.

”კვირის ქრონიკა” პირველ გვერდზე აქვეყნებს ფოტომონტაჟს, რომელზეც მოშიმშილე ოპოზიციონერები არიან გამოსახულნი. მათ უკან ცელმომარჯვებული სიკვდილი დგას, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის სახე აქვს. მონტაჟს ”მიხეილ-გაბრიელი” აწერია.

”კვირის პალიტრის” პირველ გვერდზე კი ნახავთ სათაურს - ”სასიკვდილო ზღვარზე”. ”განვითარდება კომა და დადგება ასპროცენტიანი სიკვდილი”, - აცხადებს ცნობილი ენდოკრინოლოგი”, - წერს ”კვირის პალიტრა” პირველ გვერდზე და ოდნავ ქვემოთ ამატებს: ”მათ ორგანიზმში, სულ ცოტა, აცეტონის სამი ჯვარი აღენიშნებათ. ეს იცით, რას ნიშნავს?” - სრულად სტატიას დღევანდელ ”კვირის პალიტრაში” წაიკითხავთ.

”რეზონანსი” კი იუწყება, რომ ნინო ბურჯანაძემ გადადგომის განცხადება უკვე დაწერა. გაზეთი წერს: ”გუშინ ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა. პარლამენტში ამ ინფორმაციას არც უარყოფენ და არც ადასტურებენ. სავარაუდოდ, დღეს გაირკვევა, დააკმაყოფილებს თუ არა პარლამენტი მის მოთხოვნას. ყველაფერი კი იმაზეა დამოკიდებული, რას იტყვის ამერიკიდან დაბრუნებული სააკაშვილი”, - წერს ”რეზონანსი”. გაზეთს მოჰყავს აგრეთვე საქართველოს პატრიარქის მიმართვის ტექსტი, რომელშიც ის მხარეებს მოლაპარაკებისკენ მოუწდებს, და წერს: ”მიმართვიდან ცხადად ჩანს, რომ პატრიარქი დათმობისაკენ ორივე მხარეს მოუწოდებს, თუმცა ხელისუფლებამ რატომღაც ჩათვალა, რომ ეს მოწოდება მარტო მოშიმშილეების მისამართით იყო გაკეთებული.”

პატრიარქის მიმართვას ეხმიანება ”24 საათის” პრესომბუდსმენი, რომელიც თავის ყოველკვირეულ სვეტში პატრიარქის მოწოდებას საწინააღმდეგო აზრის პატივისცემისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე დათმობებზე წასვლის შესახებ ადარებს პრეზიდენტის განცხადებას, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ”შიმშილობა არაქრისტიანული საქციელია”. ”პრეზიდენტი სასულიერო პირივით ლაპარაკობს, ეკლესიის მწყემსმთავარი კი პოლიტიკოსის ენით მეტყველებს” ,- წერს ”24 საათის” პრესომბუდსმენი.

მეორე თემა, რომელიც ყველა გაზეთს პირველ გვერდზე გამოაქვს, ტელეკომპანია ”იმედის” გახსნა-არგახსნის და ახალი მფლობელის ვინაობის დადგენის საკითხია. პრესა ამ თემას ასეთი სათაურებით ეხმიანება: ”ახალი თაობა” - ”ვის დარჩება ’იმედი’?”, ”მთელი კვირა” -”დაგვიბრუნეთ ’იმედი’!”, ”24 საათი” - ”გაურკვევლობა ”იმედის” გარშემო”, ”ასავალ-დასავალი” –” ქართველმა ხალხმა უნდა აღიდგინოს თავისი უფლება ”იმედზე”.
  • 16x9 Image

    ნიკო ნერგაძე

    ჟურნალისტი, ბლოგერი, პოდკასტერი; გადაცემების „ნიკო ნერგაძე vs“ და „განკითხვის დღე“ თანაავტორი; 2016 წლიდან "ნიკოს პოდკასტის" ავტორი. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2006 წლიდან.

XS
SM
MD
LG