Accessibility links

logo-print

საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლა განახლდა


25 მარტს, თბილისის დროით 18 საათსა და 30 წუთზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მოსკოვის მიმართულებით, წელიწადნახევრიანი პაუზის შემდეგ, პირველი ავიარეისი განხორციელდა.

რამდენიმე დღეში კი საქართველოსა და რუსეთს შორის საზღვაო მიმოსვლაც განახლდება. გადაწყვეტის პროცესშია ქართული პროდუქციისთვის რუსეთის ბაზრის გახსნის საკითხიც. ამის პარალელურად კი, რუსეთსა და საქართველოს შორის პოლიტიკური უთანხმოება სულ უფრო მწვავდება.

საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლა წელიწად-ნახევრის წინ შეწყდა. მაშინ მოსკოვმა საქართველოს ეკონომიკური ბლოკადა დაუწესა იმის გამო, რომ თბილისში, ჯაშუშობის ბრალდებით, რუსეთის ოთხი სამხედრო პირი დააკავეს. საავიაციო რეისების აღდგენა საქართველო-რუსეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენის პირველი მერცხალია.

[თვითმფრინავის ხმა]

თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით პირველი რეისი ”აირზენა - ეარ ჯორჯიამ” განახორციელა. პირველი რეისი თითქმის მთლიანად შეივსო. მგზავრებმა მოსკოვში პირდაპირ გადაფრენისთვის მინიმუმ 175 ევრო გადაიხადეს. აქამდე მგზავრებს მოსკოვში მოხვედრა ან, პირიქით, თბილისში ჩამოფრენა მესამე ქვეყნების გავლით გაცილებით ძვირი უჯდებოდათ. ”აირზენას” პრეზიდენტის თამაზ გაიაშვილის განცხადებით, ფრენა რეგულარულად განხორციელდება და აღარაფერი შეიცვლება:

[თამაზ გაიაშვილის ხმა] ”არაფერი არ შეიცვლება. ფრენები იქნება ყოველდღიური, პარიტეტული. რუსეთის რამდენიმე ქალაქში განხორციელდება ფრენა მოსკოვის, სანკტ-პეტერბურგის და სოჭის მიმართულებით.”(სტილი დაცულია)

აირზენას გარდა, თბილისსა და მოსკოვს შორის ფრენას კიდევ სამი კომპანია განახორციელებს. აქედან ორი რუსეთის ავიაკომპანია ”აეროფლოტი” და ”სიბირის ავიახაზები” იქნება.

ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის აღდგენა პრეზიდენტების მიხეილ სააკაშვილისა და ვლადიმირ პუტინის ბოლო შეხვედრაზე გადაწყდა, თუმცა საქართველოს მხარეს მაინც მოუწია გაურკვეველი წარმომავლობის დავალიანების ნაწილის - ორი მილიონი აშშ დოლარის - გადახდა.
ჯერაც გაუსტუმრებელი რჩება 1,7 მილიონი დოლარი. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის ეკა შარაშიძის კომენტარი:

[ეკა შარაშიძის ხმა] ”ჩვენი მოლაპარაკებები ძალაშია. ჩვენმა კომპანიებმა გადაიხადეს ვალის ნაწილი და შეთანხმება მოხდა, რომ ამ ვალის დაფარვა მოხდება წლის ბოლომდე.”(სტილი დაცულია)

საავიაციო მიმოსვლასთან ერთად უახლოეს დღეებში განახლდება საზღვაო მიმოსვლა ბათუმსა და სოჭს შორის, დაგეგმილია ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გახსნა და წელიწად-ნახევრის წინ გაწყვეტილი სხვა ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენაც. მიუხედავად ეკონომიკური აქტივობისა, კვლავ დაძაბულია მოსკოვისა და თბილისის პოლიტიკური ურთიერთობა. ამ წინააღმდეგობებით აღსავსე ვითარების კომენტირება ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, სტრატეგიულ კვლევათა ცენტრის ექსპერტს ირაკლი მენაღარიშვილს ვთხოვე.

[ირაკლი მენაღარიშვილის ხმა] ”ეკონომიკურმა ბლოკადამ, უბრალოდ, არაფერი მისცა რუსეთის მხარეს. მიზანი აქ იყო ნათელი - პოლიტიკური ზეგავლენა მოეხდინა საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსზე. ამიტომაც, გასაგებია, რომ ეს საკითხები, როგორც არაეფექტური, დღის წესრიგიდან ეტაპობრივად მოიხსნება. სამაგიეროდ, გაძლიერდება დაწოლა ისეთი მიმართულებით, რომელიც მგრძნობიარეა და უფრო მნიშვნელოვანია საქართველოსთვის.”(სტილი დაცულია)

ირაკლი მენაღარიშვილის აზრით, რუსეთი, საქართველოზე ზეწოლის არაეფექტური ბერკეტების მოხსნის პარალელურად, პოლიტიკურ ზეწოლას გაამწვავებს, ძირითადად, საქართველოს კონფლიქტური რეგიონების თემის ირგვლივ.

XS
SM
MD
LG