Accessibility links

logo-print

მომავალი საპარლამენტო არჩევნები და საერთაშორისო ორგანიზაციების სადამკვირვებლო მისია


საქართველოს ესტუმრა ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის დელეგაცია, მათიას იორშისა და კასტრიო ისლამის შემადგენლობით.

ევროსაბჭოს დელეგაცია ოპოზიციის ეროვნული საბჭოს წევრებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება. კონსულტაციების ძირითადი თემა მომავალი საპარლამენტო არჩევნების ობიექტურად და სამართლიანად ჩატარების საკითხებია. როგორ წარმოუდგენია საქართველოს პოლიტიკურ სპექტრს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის როლი არჩევნების პროცესში?

ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის წევრები ორი დღის განმავლობაში საქართველოში შეხვდებიან როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს, არასაპარლამენტო ოპოზიციას და საპარლამენტო არჩევნებამდე არსებულ ვითარებას შეისწავლიან. დელეგაციის წევრმა მათიას იორშმა ოპოზიციის ეროვნული საბჭოს წარმომადგენლებთან გამართული კონსულტაციების შემდეგ მოკლე კომენტარი გააკეთა:

[მათიას იორშის ხმა] ”ჩვენ მხოლოდ ვსვამთ კითხვებს, თუ როგორ მიმდინარეობს საქართველოში მზადება საპარლამენტო არჩევნებისთვის. სწორედ ამიტომ ჩამოვედით თბილისში. შევხვდებით როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას.”

ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის წევრებს ოპოზიციის ეროვნული საბჭოს სამი წარმომადგენელი შეხვდა: პაატა დავითაია, სალომე ზურაბიშვილი და კახა კუკავა. კონსულტაციების დასრულების შემდეგ კახა კუკავამ განაცხადა, რომ ოპოზიციის ამოცანაა, საერთაშორისო ორგანიზაციებმა, მაისის ბოლომდე სამართლიანი არჩევნების ჩატარების მიზნით, ხელისუფლებაზე ზეწოლა მოახდინონ. თუ რატომ უნდა განხორციელდეს ზეწოლა, ამას სალომე ზურაბიშვილი განმარტავს:

[სალომე ზურაბიშვილის ხმა] ”არც ერთი მოთხოვნა, რაც იყო წარდგენილი ჩვენი მხრიდან ან მათი რეკომენდაციებიდან, არც ერთი არ არის შესრულებული ხელისუფლების მიერ, რომელიც მხოლოდ იმას აცხადებს, რომ ჩაატარებს სამართლიან არჩევნებს, მაგრამ არაფერი არ გაუკეთებია ამისთვის.”(სტილი დაცულია)

ოპოზიციის აზრით, თუ სურვილი იქნა, საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილი 2 თვის განმავლობაში შესაძლებელი იქნება შეიცვალოს საარჩევნო სისტემაც და ცესკოს თავმჯდომარე ლევან თარხნიშვილიც.


გარდა ამისა, ოპოზიცია საერთაშორისო ორგანიზაციებისა და, კონკრეტულად, ევროპის საბჭოსგან არჩევნების დემოკრატიულად ჩასატარებლად სათანადო პირობების უზრუნველყოფასაც მოითხოვს. თუ რა იგულისხმება ამაში, ერთიანი ეროვნული საბჭოს წევრის პაატა დავითაიასგან შეიტყობთ:

[პაატა დავითაიას ხმა] ”ის შეცდომები, რომლებიც ჩადენილი იყო პრეზიდენტის არჩევნების დროს...”

რაც შეეხება მმართველი პოლიტიკური ძალის პოზიციას, ისიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საპარლამენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარების პროცესში საერთაშორისო დამკვირვებლების მონაწილეობას. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ ჯერ კიდევ ერთი თვის წინ ილაპარაკა ამის შესახებ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე და საერთაშორისო ორგანიზაციებს მაქსიმალურად ბევრი მეთვალყურის გამოგზავნა სთხოვა. ეუთოში საქართველოს დელეგაციის წევრი მაია ბიგვავა ნინო ბურჯანაძის პოზიციას განმარტავს:

[მაია ბიგვავა] ”[ბურჯანაძემ] მომავალი საპარლამენტო არჩევნებისათვის უკვე დაგზავნა წერილები და დამკვირვებლებს უკვე სთხოვს მობილიზებას. იმიტომ რომ წინასაარჩევნო პერიოდში უკვე ვითანამშრომლოთ, რომ ეს რეკომენდაციები ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული.”(სტილი დაცულია)

ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის წევრების დასკვნები საქართველოში წინასაარჩევნოდ შექმნილი ვითარების შესახებ რამდენიმე დღეში, ოფიციალური შეხვედრების დასრულების შემდეგ, გამოქვეყნდება.
XS
SM
MD
LG