Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰოლანდიელი დეპუტატის ანტიისლამურმა ფილმმა მღელვარება გამოიწვია


ნიდერლანდის ხელისუფლება ცდილობს გაემიჯნოს ოპოზიციონერი პარლამენტარის ფილმს, რომელშიც ისლამი ძალადობასთან არის გაიგივებული, ხოლო მუსლიმანთა

წმინდა წიგნი – ყურანი –ძალადობის მქადაგებლადაა დახასიათებული. თავად ავტორი თავს ვალდებულად მიიჩნევს გააფრთხილოს ყველა იმის თაობაზე, თუ რა საფრთხეს ქმნის ისლამი მსოფლიოში. ფილმმა მუსლიმანთა დიდი შეშფოთება ჯერ კიდევ მანამდე გამოიწვია, ვიდრე ის 27 მარტს ინტერნეტში განთავსდებოდა. ხელისუფლება შიშობს, ნიდერლანდი მუსლიმანთა ძალადობის სამიზნე არ გახდეს.

ნიდერლანდის პარლამენტის დეპუტატის გეერტ ვილდერსის 15-წუთიან ფილმში მუსლიმანთა წმინდა წიგნი, ყურანი, "ფაშისტურ" წიგნად არის დახასიათებული, მუსლიმანები კი – მოძალადეებად, რომლებიც დიდ საფრთხეს უქმნიან მსოფლიოს. ფილმში ნაჩვენებია ძალადობის ამსახველი არაერთი კადრი, მათ შორის არის 2001 წლის 11 სექტემბერს ნიუ-იორკში განხორციელებული სასტიკი ტერაქტები... ასევე ნაჩვენებია, თუ როგორ კვეთენ ნიღბიანები თავს ტყვე მამაკაცს და ბევრი ისეთი კადრი, რომელიც მართლაც შემაძრწუნებელ შთაბეჭდილებას ტოვებს. ფილმი სრულდება მოწოდებებით, "შეჩერდეს ევროპის ისლამიზაცია" და "დავიცვათ ჩვენი თავისუფლება". აქვეა რეკომენდაცია, რომ ისლამს ცივილიზებული მსოფლიო ისევე უნდა ებრძოლოს, როგორც ადრე ფაშიზმთან და კომუნიზმთან იბრძოდა.

მას შემდეგ, რაც ტელეარხებმა ავტორს ფილმის ჩვენებაზე უარი უთხრეს, ჰოლანდიელმა დეპუტატმა ის ინტერნეტში განათავსა. გეერტ ვილდერსი მიიჩნევს, რომ ამით მან საქვეყნო საქმე გააკეთა:

(ვილდერსის ხმა) "ეს არ არის პროვოკაცია. ეს აბსოლუტური ჭეშმარიტება და პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. მე პოლიტიკოსი ვარ... ისლამი ხიფათს უქმნის თავისუფლებას ნიდერლანდში. ჩემი მოვალეობაა გავაფრთხილო ყველა ამის თაობაზე."'

საწინააღმდეგო აზრია ნიდერლანდის ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის, რომლებიც დიდი ხნის მანძილზე ეწინააღმდეგებოდნენ ფილმის გამოქვეყნებას და ცდილობდნენ მის შინაარსს გამიჯვნოდნენ:


(ბალკენენდე) "ფილმი ისლამს ძალადობასთან აიგივებს. ჩვენ ასეთ ინტერპრეტაციას არ ვიზიარებთ. მუსლიმანების დიდი უმრავლესობა უარყოფს ექსტრემიზმსა და ძალადობას. სინამდვილეში, მსხვერპლს ხშირად თავად მუსლიმანებიც წარმოადგენენ. ამიტომ ვწუხვართ, რომ ბატონმა ვილდერსმა ეს ფილმი გამოაქვეყნა. ჩვენი აზრით, ამგვარი ქმედება, შეურაცხყოფის მიყენების გარდა, სხვას არაფერს ემსახურება."

ეს იან პეტერ ბალკენენდე გახლავთ, ნიდერლანდის პრემიერ-მინისტრი, რომელიც, ქვეყნის სხვა ხელისუფალთა მსგავსად, შიშობს, ანტიისლამურმა ფილმმა, რომელიც ყურანს შეურაცხყოფს, მუსლიმანთა მხრიდან საფრთხე არ შეუქმნას ნიდერლანდსა და მის მოქალაქეებს. ამიტომ ბალკენენდე 27 მარტს ჰააგაში გაკეთებულ განცხადებაში ამბობდა იმასაც, რომ განაწყენებულმა ადამიანებმა შურისძიებაზე არ უნდა იფიქრონ:

(ბალკენენდე) "რა თქმა უნდა, შეგიძლიათ გააკრიტიკოთ ეს ფილმი... შეგიძლიათ თქვათ, რომ ამ ფილმმა ძალიან გაგანაწყენათ. მაგრამ ეს არ გაამართლებს ძალადობრივ ქმედებებს."

ფილმის ავტორი დეპუტატი გეერტ ვილდერსი წარმოადგენს "თავისუფლების პარტიას", რომელიც ქვეყნის პარლამენტში 9 მანდატს ფლობს. აქვე ვთქვათ, რომ პარტია ოპოზიციურ ფლანგს განეკუთვნება. ხელისუფლებამ ვილდერსს უკვე დაუნიშნა პირადი დაცვა, რადგანაც მუსლიმანები უკვე კარგა ხანია მისი მოკვლით იმუქრებიან. თანაც, არასახარბიელო გამოცდილება არსებობს – ყველას კარგად ახსოვს, რომ 2004 წელს ამსტერდამში განრისხებულმა რადიკალებმა ისლამის კრიტიკის შემცველი ფილმის ერთი რეჟისორი უკვე გამოასალმეს სიცოცხლეს.

ვილდერსის ფილმთან დაკავშირებული მღელვარება ჯერ კიდევ მანამდე დაიწყო, ვიდრე ის ინტერნეტში გამოჩნდებოდა. ფილმი ჯერ ნანახიც არ ჰქონდათ, რომ მუსლიმანებმა მასშტაბური საპროტესტო აქციები არაერთ ქვეყანაში გამართეს, მათ შორის – ავღანეთსა და პაკისტანში. მოელიან, რომ მუსლიმანები წმინდა წიგნის შეურაცხყოფას ვერ შეეგუებიან და მღელვარების ტალღა კიდევ უფრო გაძლიერდება.





  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG