Accessibility links

ქართული პრესის ყოველკვირეული მიმოხილვა


,,სასიკვდილო ზღვარზე”, ,,მათი გაწირვის უფლება არავის აქვს, - ყველანი გავიწირებით”,,,მაინცადამაინც საჭიროა, რომ

მოშიმშილეთაგან ვინმე დაიღუპოს?” - ასეთი იყო ორშაბათს გამოსული ”კვირის პალიტრის” სათაურები. ”რეზონანსი” კი წერდა: ,, მოშიმშილე ოპოზიციის მხრიდან ნინო ბურჯანაძისთვის მიცემული ვადა დღეს იწურება. ისინი პარლამენტის თავმჯდომარესთან დატოვებულ დოკუმენტზე, სადაც მათი ერთადერთი მოთხოვნაა დაფიქსირებული, დღის ბოლომდე ხელმოწერას ელიან. ამ შემთხვევაში შიმშილობა შეწყდება და დიალოგი გაგრძელდება. წინააღმდეგ შემთხვევაში კი სტრატეგია შეიცვლება, თუმცა ამაში რა იგულისხმება, მოშიმშილეები არ აკონკრეტებენ. ”

გაზეთ ”ახალ თაობას” პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ ინტერვიუში განუცხადა: "მეგონა, რომ პატრიარქის მოწოდების შემდეგ ორივე მხარე ნაბიჯს გადადგამდა, რადგან ცნობილია, რომ ორივე მხარე დიდ ანგარიშს უწევს პატრიარქს. ოპოზიციამ მოთხოვნები შეამცირა და დააფიქსირა, რომ ის მზად არის დათმოს თავისი პოზიცია გარკვეულ ზღვრამდე. სამწუხაროდ, ხელისუფლების მხრიდან არანაირი დათმობა არ მოხდა". საყვარელიძე აღნიშნავს, რომ სააკაშვილის გუნდი, რომლისთვისაც სააკაშვილია გადამწყვეტი ფიგურა, უფრო მობილურია და სწრაფია თავის ნაბიჯებში, ვიდრე გაერთიანებული ოპოზიცია, რომელიც ათეულ ლიდერს აერთიანებს და საერთო გადაწყვეტილების მიღება ჭირს.”

”რეზონანსი” სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილთან ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს, სათაურით ,,საზოგადოებრივი პროტესტიც ჩიხში შევიდა”.
აი, ერთი ამონარიდი ამ ინტერვიუდან: ,,ხალხს, მართლაც, ისეთი ხელისუფლება ჰყავს, როგორსაც იმსახურებს, მაგრამ საპარლამენტო არჩევნებზე შეიძლება სხვა ვითარება მივიღოთ - როცა ხალხი არ იმსახურებს იმ ხელისუფლებას, რომელიც ჰყავს. ეს იმით აიხსნება, რომ ხალხმა გაუსწრო პოლიტიკის მკეთებელ ადამიანებს. ოპოზიციამ საზოგადოებაში დაგროვილი ენერგია, პროტესტის მუხტით აღსავსე, სწორად ვერ გამოიყენა”, - უთხრა იაგო კაჭკაჭიშვილმა ”რეზონანსს”.

სამშაბათს გაზეთი ”24 საათი” წერდა, რომ ცესკომ გამოაქვეყნა ამა წლის 21 მაისს დანიშნული საპარლამენტო არჩევნებისთვის დაგეგმილ ღონისძიებათა გრაფიკი.

შიმშილობა კი ჯერ კიდევ გრძელდებოდა.
,,მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი პროტესტის ნიშნად შიმშილობას განაგრძობს, ცესკოში პარტიების რეგისტრაცია მაინც დაიწყო - მათ შორის, მოშიმშილე პარტიების მხრიდან. საპარლამენტო არჩევნებისთვის რეგისტრაცია მმართველ პარტიას ჯერ არ გაუვლია. თუმცა, როგორც ამბობენ, სიების დაკომპლექტებაზე აქტიური მუშაობა რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს. საბოლოო გადაწყვეტილებას კი ამჟამად თავად მიხეილ სააკაშვილი მიიღებს”, - წერდა ”რეზონანსი”.

,,გუშინ პარლამენტის წინ მოშიმშილეებთან ილია მეორე მივიდა და შიმშილობის შეწყვეტა კიდევ ერთხელ სთხოვა. ერთსაათიანი თათბირის შემდეგ, ოპოზიციამ რუსთაველზე შიმშილობის აქცია შეწყვიტა და საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადებას იწყებს.” - ეს ამონარიდი კი უკვე 26 მარტის ”24 საათიდან” გახლავთ. და იმ დღეს პრესის მთავარი თემა შიმშილობის შეწყვეტა და ოპოზიციის სამომავლო გეგმები იყო.

”24 საათი” წერს, რომ ნაცმოძრაობას სიის სათავეში ნინო ბურჯანაძე ჩაუდგება. ეს ინფორმაცია გიგი უგულავამაც დაადასტურა.

დავით უსუფაშვილმა კი გაზეთს განუცხადა: "პარტიის პირველი ათეული საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებით დაკომპლექტდება. ამის შესახებ კონკრეტული გადაწყვეტილებები ჯერჯერობით არ მიგვიღია.
გარწმუნებთ, სიაში ის ადამიანები იქნებიან, ვისაც საზოგადოება ყველაზე მეტად ენდობა. ამ სიით ჩვენ სხვა პარტიებს სერიოზულ კონკურენციას გავუწევთ."

შაბათის ”ალია” წერს, რომ სააკაშვილი ,,ნაცმოძრაობას აღარ ენდობა”.

”საქართველოს რესპუბლიკა” კი შაბათს ლევან ბერძენიშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს, რომელიც ასე მთავრდება: ,,ხმა რაც შეიძლება ბევრი გვინდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით. მიხეილ სააკაშვილმაც რომ მოგვცეს ხმა, არ ვიტყვით, მაგის ხმა არ გვინდაო. ხმა არ იწონება, იგი ითვლება და არის საიდუმლო. ჩვენ პასუხისმგებელი ვართ არა მარტო ქვეყნის, არამედ ჩვენი პარტიის არსებობის 30 წლის წინაშეც.”

,,საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევის ანატომია” - ასე დაარქვა სოზარ სუბარმა თავის მოხსენებას, რომლითაც პარასკევს, 28 მარტს, წარდგა საზოგადოების წინაშე. შაბათს პრესა ამ გამოსვლას აშუქებდა. ,,ანგარიში, რომლის მოსმენა პარლამენტმა არ ისურვა” - ამ სათურით აქვეყნებს სტატიას შაბათის ”24 საათი”.

გაზეთ ”რეზონანსში” კი ვკითხულობთ: ,,მართალია, სახალხო დამცველის მოხსენების მოსასმენად და განსახილველად, ასევე წასაკითხად პარლამენტმა დრო ვერ გამონახა, მაგრამ სოზარ სუბარმა მაინც მოახერხა თავისი მოხსენების ძირითადი არსი ამ წერილში გადმოეცა”. გაზეთი მთლიანად ბეჭდავს გამოსვლის ტექსტს.

,,აფხაზეთი საქართველოს გულია და გულის ტრანსპლანტაცია არ მოხდება” - მიხეილ სააკაშვილის ეს სიტყვებია გამოტანილი სათაურად შაბათის ”ახალ თაობაში”. პარასკევს საქართველოს პრეზიდენტი სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში ექსპერტებსა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შაბათის ”24 საათი” წერს, რომ პრეზიდენტი მათ წინაშე აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტის ახალი ინიციატივით და კონკრეტული გეგმით წარდგა. ”მიხეილ სააკაშვილის წინადადებები უპრეცედენტოა - აქამდე საქართველოს ხელისუფლებას სეპარატისტებისთვის პრობლემის გადასაჭრელად კონკრეტული გეგმა არც ერთხელ არ შეუთავაზებია. ” - ვკითხულობთ გაზეთში.
აი, ერთი ამონარიდი იმ სტატიიდან, რომელსაც შაბათის ”24 საათი” ბეჭდავს: ,,არ არსებობს საკითხი, რომელიც შეიძლება ჩვენ და აფხაზებმა ვერ გადავწყვიტოთ მოლაპარაკების გზით, გარდა საქართველოს დაშლისა. ჩვენ მათ ვთავაზობთ პრაქტიკულად შეუზღუდავ ავტონომიას, ფართო ფედერალიზმს და სერიოზულ წარმომადგენლობას საქართველოს ყველა ცენტრალურ ორგანოში.”
XS
SM
MD
LG