Accessibility links

logo-print

რამდენად რეალურია ვითარების ესკალაციის საფრთხე ნატოს სამიტის წინ?


მთელი გასული კვირის განმავლობაში

რუსეთის მედია ავრცელებდა საგანგაშო ინფორმაციას, თითქოს ოფიციალური სოხუმი და ცხინვალი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლებისგან მოსალოდნელი აგრესიის მოსაგერიებლად ემზადებიან. საზოგადოებრივ აზრზე პროპაგანდისტულ შეტევას ჰქონდა შესაბამისი ”ნივთმტკიცებაც”: კვირის დასაწყისში ჯერ აფხაზმა სეპარატისტებმა წარმოადგინეს მათ ტეროტორიაზე ჩამოგდებული ქართული უპილოტო მზვერავი თვითმფრინავის ნამსხვრევები, ხუთშაბათ საღამოს კი ცხინვალის ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, რასაც დე ფაქტო ხელისუფლებამ ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა და თავდასხმის ორგანიზებაში ხელი ისევ თბილისისკენ გაიშვირა. რა ხდება კონფლიქტურ რეგიონებში და მორიგი ესკალაცია რამდენად არის დაკავშირებული ნატოს ბუქარესტის სამიტთან?

ბოლო ორი კვირის განმავლობაში აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ტერიტორიაზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა. 18 მარტს სოხუმის ხელისუფლებამ რუს და აფხაზ ჟურნალისტებს ჩამოგდებული უპილოტო თვითმფრინავის ნარჩენები უჩვენა და განაცხადა, რომ თვითმფრინავი საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილებაა. საქართველოს ხელისუფლებამ ასეთი თვითმფრინავის ყოლის ფაქტი უარყო, თუმცა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების არგუმენტი სრულიად მოულოდნელად გერმანიაში მყოფმა საქართველოს ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა გაამყარა - ”რუსთავი 2”-ის 20 მარტის გადაცემა ”პრაიმ-ტაიმში” განაცხადა, რომ უპილოტო მფრინავი ობიექტი ქართულ არმიას ეკუთვნის და რომ საქართველოს ხელისუფლება ამ ფაქტს შეგნებულად მალავს. ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებამ საგონებელში ჩააგდო ბევრი სამხედრო ექსპერტი. სამხედრო ჟურნალ ”არსენალის” მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი ვარაუდობს, რომ ოქრუაშვილს, შესაძლოა, დღესაც მიუწვდებოდეს ხელი გარკვეულ მგრძნობიარე ინფორმაციაზე, რომელიც საზოგადოებისათვის უცნობია.

[ირაკლი ალადაშვილი]

სამხედრო ექსპერტ ირაკლი ალადაშვილის თქმით, ნამსხვრევები, რომლებიც აფხაზმა სამხედროებმა ჟურნალისტებსა და გაეროს ექსპერტებს უჩვენეს, შესაძლოა, ნამდვილად იყოს უპილოტო სადაზვერვო თვითმფინავისა, რომელიც ისრაელში იწარმოება და რომელიც შეიარაღებაში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის რამდენიმე ქვეყანას ჰყავს.

[ირაკლი ალადაშვილი]

სოხუმის ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ სადაზვერვო თვითმფრინავი სხვა დროსაც აკვირდებოდა სეპარატისტთა სამხედრო ობიექტებს, რაც თბილისის აგრესიული სამხედრო სცენარის შემადგენელი ნაწილია. ქართულ აგრესიაზე ხმამაღალი განცხადებები კეთდებოდა ცხინვალშიც, სადაც 27 მარტს გენერალური პროკურორის კუთვნილი მანქანა მართვად ნაღმზე აფეთქდა. სამხედრო ექსპერტ ირაკლი ალადაშვილის თქმით, ბოლო ორი თვის განმავლობაში ეს სამაჩაბლოს ტერიტორიაზე მომხდარი მეორე აფეთქებაა, რომელიც საკმაოდ კარგად ორგანიზებული ჩანს.

[ირაკლი ალადაშვილის ხმა]

სამხედრო ექსპერტი ვარაუდობს, რომ, შესაძლოა, ამ ტერაქტებისა და ესკალაციის მცდელობის უკან იდგეს ე.წ. ”მესამე ძალა”, რომელიც სარგებლობს ცხინვალსა და თბილისს შორის სამშვიდობო დიალოგის ჩაშლით და ნატოს კარსმომდგარი ბუქარესტის სამიტის წინ ცდილობს ვითარების უკიდურესი დაძაბვით სახელი გაუტეხოს საქართველოს. თუ ამ მოსაზრებას სარწმუნოდ მივიჩნევთ, მაშინ ლოგიკურია ვიკითხოთ, შესაძლებელია თუ არა სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავება უშუალოდ სამიტის წინ და რა შეიძლება ამას დაუპირისპიროს საქართველომ? ამ შეკითხვით რადიო ”თავისუფლებამ” ცნობილ კონფლიქტოლოგს პაატა ზაქარეიშვილს მიმართა.

[პაატა ზაქარეიშვილი]

პაატა ზაქარეიშვილი არც იმას გამორიცხავს, რომ, ბუქარესტში ნატოს გაწევრიანების სამოქმედო გეგმასთან საქართველოს მიერთების შემდეგ, ხელისუფლება აპირებდეს განაახლოს ცხინვალსა და სოხუმთან შეწყვეტილი სამშვიდობო მოლაპარაკებები უფრო ძლიერი საერთაშორისო მანდატის პირობებში. თანაც, ექსპერტი დარწმუნებულია, რომ ნიადაგი სამშვიდობო დიალოგის განახლებისათვის ნებისმიერ რთულ ვითარებაშიც კი არსებობს.

[პაატა ზაქარეიშვილი]

თუმცა საქართველოს ხელისუფლებაში ჯერჯერობით არ იციან, თუ როდის და რა ფორმატით განახლდება მოლაპარაკება აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან. რაც შეეხება სამაჩაბლოს, საქართველოს მეორე ამბოხებულ რეგიონს, ოფიციალური თბილისი, როგორც ჩანს, უკვე შეეგუა აზრს, რომ იქ კონტროლის აღდგენა მხოლოდ დროის საკითხია. 27 მარტს ცხინვალის ცენტრში მომხდარი აფეთქების შემდეგ რამდენიმე საინფორმაციო სააგენტომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის სპეციალური განცხადება გაავრცელა. ვანო მერაბიშვილის თქმით, ცხინვალის რეგიონში, რომელიც კვლავ ”შავ ხვრელად” რჩება, სეპარატისტული რეჟიმი არსებობას უახლოეს მომავალში დაასრულებს.


XS
SM
MD
LG