Accessibility links

logo-print

ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და საზოგადოება სამმხრივი აგრესიის წნეხში


2007 წლის 7 ნოემბერს ქართველი ხალხი ჟურნალისტების



დასაცავად რეზინის ხელკეტებსა და ტყვიებს არ შეუშინდა, ორიოდე დღის წინ კი იგივე ხალხი ლამის ფიზიკურად გაუსწორდა ჟურნალისტებს ოპოზიციის მიტინგზე. ეს ორი მოვლენა, რომელიც, ერთი შეხედვით, ერთმანეთს კატეგორიულად გამორიცხავს, სინამდვილეში, ერთი და იმავე პროცესის ნაწილია.მინდა ამ პროცესის შესახებ გესაუბროთ.

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სახელისუფლო პოლიტიკის არსებით ნაწილად ჩამოყალიბდა სატელევიზიო მედიის კონტროლი. ვარდების რევოლუციის შემდეგ რამდენიმე ტელეკომპანია დაიხურა, დანარჩენმა კი მფლობელები და გენერალური დირექტორები შეიცვალა. ეს პროცესი თითქმის დაასრულა ტელეკომპანია „იმედმა“ მისი თავდაპირველი მფლობელის – ბადრი პატარკაციშვილის – გარდაცვალების შემდეგ. დღეს ქართულ ტელესივრცეში დარჩენილია ერთადერთი მცირე სეგმენტი, – ტელეკომპანია „კავკასია“, – რომელსაც ხელისუფლება არ აკონტროლებს და რომლის მაუწყებლობა, ძირითადად, თბილისზე ვრცელდება.

ქართველი მაყურებლისგან განსხვავებით, უცხოელ ექსპერტებს არცთუ იშვიათად უჩნდებათ შეკითხვა – არის თუ არა შესაძლებელი ამ გავლენის დადასტურება. არსებობს ერთი მყარი არგუმენტი: 2008 წლის 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, მთელი კვირის განმავლობაში, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დახურა ყოველდღიური თოქ–შოუ „დღის კომენტარი“ და უპასუხოდ დატოვა უამრავი შეკითხვა, რომელიც არჩევნებმა გააჩინა. არა მხოლოდ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, არამედ ყველა ტელეკომპანიამ მოსახლეობა, ფაქტობრივად, ინფორმაციულ ვაკუუმში აცხოვრა არჩევნების მომდევნო კვირაში. ალბათ, შეუძლებელია ამ ფაქტის ახსნა რაიმე სხვა არგუმენტით, გარდა ხელისუფლების პირდაპირი გავლენისა.

საკითხავია, რა შედეგს იწვევს ხელისუფლების მხრიდან ტელესივრცის გაკონტროლების პრაქტიკა.

ყველაზე თვალსაჩინო შედეგი – ეს არის ორმხრივი აგრესია, რომელიც მყარად დამკვიდრდა პოლიტიკოსებსა და ჟურნალისტებს შორის ურთიერთობაში. ამ აგრესიის შედეგად განსაკუთრებით დაზარალდა ტელეკომპანიები „კავკასია“ და „იმედი“, რომლებშიც სპეცრაზმები შეიჭრა. თუმცა სხვა ტელეკომპანიების ჟურნალისტებიც რთულ ვითარებაში საქმიანობენ: მათ მიერ მომზადებულ მასალას მუდმივად აკრიტიკებენ პოლიტიკოსები – ვინც ხელისუფლების რისხვას გადაურჩება, იმას ოპოზიციის რისხვა დაატყდება თავს. ოპოზიციის ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე ჟურნალისტებისთვის ნაკლებად დამთრგუნველი არ აღმოჩნდა, ვიდრე, თუნდაც, გიგა ბოკერია, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ჟურნალისტებთან აგრესიული ურთიერთობის მოდას.

რით უპასუხებენ ჟურნალისტები ხელისუფლების მხრიდან მათზე განხორციელებულ წნეხს და ოპოზიციის მხრიდან მათკენ მიმართულ აგრესიას? ცხადია, ასევე აგრესიით. პოლიტიკოსის კომენტარის მოჭრა იმგვარად, რომ მისი აზრი დამახინჯდეს; დღის მთავარი ახალი ამბის გადაცემა მეოთხე, მეხუთე ან, სულაც, ბოლოდან პირველ სიუჟეტად; პირად საუბრებში გამოხატული უკმაყოფილება, რაც შემდეგ სატელევიზიო რეპორტაჟშიც ირიბად აისახება – ეს ის ხერხებია, რითიც ჟურნალისტი პოლიტიკოსს შეგნებულად აყენებს ვნებას საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში. არსებობს აგრესიის უფრო ფარული და, ამავდროულად, უფრო მავნე ფორმაც, როდესაც სატელევიზიო საინფორმაციო საშუალება თუ პოლიტიკური თოქ–შოუ ორიენტირებულია მაყურებლის ცნობიერებაში უარყოფითი მუხტის გაჩენასა და გაძლიერებაზე. ამ შემთხვევაში, აგრესიის ნაკადში მოსახლეობაც შემოდის თავისი საპასუხო რეაქციით: მისთვის მიუღებელ პოლიტიკოსებს სიტყვიერად უსწორდება, არასიმპათიურ ჟურნალისტებს კი – ფიზიკურად.

ზოგჯერ ამბობენ, რომ ჟურნალისტების მიმართ აგრესია რიგით მოქალაქეებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წაქეზებით უჩნდებათ. სინამდვილეში, თითოეული ადამიანი თავად არის ტელეპროდუქციის მომხმარებელი და თვითონ წყვეტს, რამდენად სანდოდ მიაჩნია ტელეეთერით მიღებული ესა თუ ის ინფორმაცია. არასანდო ინფორმაციის სიჭარბე საზოგადოებას თავის დაცვისკენ უბიძგებს: ზოგი ტელევიზორს გამორთავს, ზოგი კი ჯავრს ჟურნალისტზე იყრის.

ფაქტია, რომ თუ წარმოვიდგენთ სამკუთხედს, რომელსაც ქმნიან პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და ხალხი, მისი სამივე წვერი ერთმანეთთან ორმხრივი აგრესიის ნაკადით იქნება დაკავშირებული.

ეს ტოტალურად აგრესიული გარემო, რომელიც დღეს აღარც პოლიტიკოსებს მოსწონთ, აღარც ჟურნალისტებს და აღარც საზოგადოებას, თვისებრივად ვერ შეიცვლება მანამ, სანამ ხელისუფლება მედიას თავისი მარწუხებისგან არ გაათავისუფლებს და არ მისცემს საშუალებას ჟურნალისტებს, იმუშაონ არა ვინმეს სურვილის შესაბამისად, არამედ – თავისუფლად, საერთაშორისო სტანდარტის დაცვით. სტანდარტის დაცვა ხანგრძლივად ერთადერთი გზაა მაყურებლის ნდობის მოსაპოვებლად და აგრესიისგან როგორც საკუთარი თავის, ასევე, საზოგადოების გასათავისუფლებლად.






XS
SM
MD
LG