Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ აღიზიანებს რუსეთს ნატოს გაფართოება?


ნატოს ბუქარესტის სამიტის მოახლოებასთან დაკავშირებით ხშირად არის საუბარი იმ გარემოებაზე, რომ რუსეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება

საქართველოსა და უკრაინისთვის “მეპის” - ანუ ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის შეთავაზებას. რა არის ამ პოზიციის მიზეზი?

როგორც ცნობილია, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დაესწრება ნატოს სამიტს. კრემლის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა კი საინფორმაციო სააგენტო “როიტერსთან” იტერვიუში აღნიშნა, რომ ნატოში უკრაინისა და საქართველოს ინტეგრაცია რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი იქნებოდა. “უკრაინასა და საქართველოსთან მიმართებით ღია კარის პოლიტიკის რეალიზება ჩვენთვის იქნებოდა იმის ნიშანი, რომ დასავლეთმა არჩევანი გააკეთა ცალმხრივი წესით მოქმედებისა და არა საერთო-ევროპული ინსტიტუტების შექმნის სასარგებლოდ”, განაცხადა “როიტერსთან” ინტერვიუში კრემლის პრეს-მდივანმა, დმიტრი პესკოვმა.

დამოუკიდებელი სამხედრო ექსპერტი, ვლადიმირ ლიტოვკინი კი ასე აფასებს ნატო-რუსეთის ურთიერთობას: [ლიტოვკინის ხმა] “დღეს ნატოს ურთიერთობა რუსეთთან ბევრი თვალსაზრისით არის ერთ-ერთ ყველაზე უარეს ეტაპზე. ვფიქრობ, ამაში დამნაშავეა არა მარტო რუსეთი, არამედ, უდავოდ, ნატოც, რომელსაც ყოველთვის არა აქვს დამოუკიდებელი “ნატოს პოზიცია”, არამედ მიჰყვება კურსს, განსაზღვრულს შეერთებული შტატების მიერ, რომელიც რუსეთში ხედავს, მოწინააღმდეგეს თუ არა, აშკარა კონკურენტს, რომელიც ძალებს იკრებს.”

თავის მხრივ მოსკოვიც, ცნობილია, რომ ხედავს საფრთხეს ნატოს, უწინარეს ყოვლისა აშშ-ის მოქმედებაში - კერძოდ, მის გეგმაში, ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის ელემენტები განათავსოს პოლონეთისა და ჩეხეთის ტერიტორიებზე. მოსკოვი შიშობს ასევე, რომ ამავე სისტემის ელემენტები მომავალში, შესაძლოა, რუსეთის უშუალო მოსაზღვრე საქართველოსა და უკრაინაზეც გავრცელდეს.

თუმცა სამხედრო ექსპერტ ალექსანდრ გოლცს ნატოს გაფართოებისადმი რუსეთის კატეგორიული წინააღმდეგობის მთავარ მიზეზად სხვა რამე მიაჩნია.
[გოლცის ხმა] “არა მგონია, ეს სამხედრო პრობლემა იყოს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი გამუდმებით ლაპარაკობს რაღაც სამხედრო მუქარაზე, ნატოს მითიური სამხედრო ბაზების განთავსებაზე საქართველოსა და უკრაინაში. აქ ლაპარაკია საგარეო პოლიტიკასა და, თუ გნებავთ, ფსიქოლოგიაზე”.

2000 წელს, იხსენებს სამხედრო ექსპერტი, როცა ვლადიმირ პუტინი პრეზიდენტი გახდა, რუსეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტად იყო დასახული უახლოეს მეზობლებთან ურთიერთობის გაუმჯობესება, მაგრამ სინამდვილეში პროცესები სხვაგვარად წარიმართა. საქართველოსა და უკრაინაში “ვარდების” და “ნარინჯისფერი” რევოლუციების შედეგად, ხელისუფლებას სათავეში მოექცნენ პროდასავლური ორიენტაციის ლიდერები: მათ არ აუბეს მხარი მოსკოვის პოლიტიკურ კურსს.

[გოლცის ხმა] “უკრაინისა და საქართველოს სურვილი, გაწევრიანდნენ ნატოში, პირველ რიგში, არის ამ პოლიტიკისთვის სილის გაწვნა. ორმა ქვეყანამ აირჩია პრინციპულად განსხვავებული ფასეულობების სისტემა: დაისახა ჩრდილოატლანტიკურ თანამეგობრობაში ინტეგრაციის ამოცანა. მათ არ სურთ მონაწილეობა კონკურენციაში “ საუკეთესო უმცროსი ძმის” როლისთვის - იაფი ენერგორესურსების სანაცვლოდ”.

ექსპერტი ალექსანდრ გოლცი მაინც ვარაუდობს, რომ პრეზიდენტი პუტინი, ნატოს სამიტზე დაგეგმილი სიტყვით გამოსვლისას, უფრო შემრიგებლურ ტონს აირჩევს, ვიდრე შარშან მიუნხენის კონფეერცნიაზე, როცა რუსმა ლიდერმა მძიმე ბრალდება წაუყენა შეერთებულ შტატებს - დანარჩენი მსოფლიოსთვის საკუთარი ნების კარნახის ბრალდება. მაშინ პრეზიდენტ პუტინის სიტყვა საბჭოთა ლიდერების ცივი ომის პერიოდის გამოსვლებს შეადარეს.

მართლაც შერბილდება თუ არა პუტინის რიტორიკა ახლა, როცა რამდენიმე კვირაღა რჩება პრეზიდენტის პოსტთან მის გამოთხოვებამდე, სულ მალე შევიტყობთ, ნატოს სამიტზე, რომელსაც ბუქარესტი უმასპინძლებს 2-4 აპრილს. თუმცა, ამ სამიტმა საქართველოსათვის კიდევ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი საკითხი უნდა გაარკვიოს.
XS
SM
MD
LG