Accessibility links

logo-print

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების გუნდის გამარჯვება პრაღაში


29 მარტს პრაღაში გაიმართა

საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებთა მატჩი რაგბიში, რომელმაც, დადებითი ემოციების მოგვრის მხრივ, საქართველოში ფეხბურთს გაასწრო. ასე არ არის ჩეხეთში - აქ რაგბი პოპულარობით ვერ სარგებლობს, თუმცა ნაკრების კლასი იზრდება და ჩეხი მორაგბეებისათვის საქართველოს ნაკრებთან ამ ანგარიშით დამარცხება მიღწევა უნდა იყოს.

საქართველოს ნაკრებისთვის ოფიციალური საიუბილეო, მე-100, მატჩი დასრულდა ანგარიშით 22:3. ის პრაღის “სლავიას” სათადარიგო სტადიონზე გაიმართა. სათადარიგოზე, ალბათ, იმიტომ, რომ მთავარი სტადიონი აღდგენის პროცესშია. სიტყვამ მოიტანა და გეტყვით, რომ სტადიონი პრაღის იმ არეალში მდებარეობს, სადაც საქართველოს სახელობის ქუჩაა. ამ ქუჩაზე ერთმა ჩემმა კოლეგამ - ამავე დროს, გულშემატკივარმა - მანქანაც კი გააჩერა, პატრიოტიზმს ხარკი გადაუხადა. მე ასეთი პატრიოტი ვერ გამოვდექი, მაგრამ მოძმე მოლდაველ ერს სოლიდარობა გამოვუცხადე და კიშინიოვის ქუჩაზე გავჩერდი. ეს ქუჩაც მიმდებარეა ვლადივოსტოკის ქუჩისა, რომელზეც “სლავიას” სტადიონი მდებარეობს. სტადიონზე რამდენიმე ასეული ადამიანი მოვიდა. იქ იყო ქართველთა მცირე ჯგუფიც, რომელიც გაჭირვების ჟამს თანამემამულე სპორტსმენებს ხანდახან შეუძახებდა ხოლმე და ამხნევებდა. აჟღერდა სახელმწიფო ჰიმნები. ერთი დეტალი ჰიმნთან დაკავშირებით: საქართველოს ახალი ჰიმნის არსებობას, რომელიც ასეთი პოპულარულია საქართველოში, ჩეხეთამდე - სულ მცირე, რაგბის ფედერაციამდე - არ ჩამოუღწევია. თამაშის წინა დღეს გაირკვა, რომ მას მხოლოდ ძველი ჰიმნი ჰქონია და, რადიო ”თავისუფლების” ოპერატიულობის წყალობით, რაგბის ფედერაციას ელექტრონული ფოსტით მივაწოდეთ ჰიმნის ჩანაწერი, რომელიც აჟღერდა კიდეც ქარიანი და მზიანი პრაღის ცის ქვეშ. განსაცდელისას ამხნევებდნენ გულშემატკივრები-მეთქი, გითხარით. ეს განსაცდელი კი, სპორტული ხასიათის, არა ერთი დაუდგათ ქართველ სპორტსმენებს, რომლებმაც, განსაკუთრებით პირველ ნახევარში, თამაში, როგორც შემდგომ სპეციალისტებმა განმარტეს, ვერ გაშალეს. თუმცა (ესეც მწვრთნელებმა გვითხრეს) ჩეხეთის გუნდი კარგად იყო მომზადებული და ძირითადი შემადგენლობა ჰყავდა გამოყვანილი. საქართველოს ნაკრებისთვის ეს იყო კარგი შესაძლებლობა, 12 აპრილს რუსეთის ნაკრებთან მეტად მნიშვნელოვანი მატჩის წინ, გაევარჯიშათ. ჩემს კოლეგას, დავით კაკაბაძეს, საშუალება მიეცა ნაკრების ერთ-ერთ მწვრთნელს, ლევან ცაბაძეს, გასაუბრებოდა.

(ცაბაძის ხმა) “მწვრთნელთა ახალი შემადგენლობა მოვედით და გვაინტერესებდა ბევრი ვინმეს ნახვა და ამაზე კარგი მომენტი არ გვექნებოდა. ათი დებიუტანტი იყო ამ თამაშში. ხუთი მოედანზე იყო, რაღაც-რაღაცები გამოჩნდა, სადაც იმედი გვქონდა, ცოტა გაგვიცრუვდა და ასე შემდეგ. ერთი სიტყვით, საერთო ჯამში, ანგარიში ლოგიკურად დამთავრდა, იმიტომ რომ ჩვენს უპირატესობას არ ვიყენებდით და დავალებაც არ შეასრულეს სათანადო დონეზე.” (სტილი დაცულია)

ლევან ცაბაძემ გვითხრა, რომ რუსეთის მატჩისთვის მზადება გრძელდება. მასზე ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშებს საქართველოს ნაკრები, რომელსაც მხოლოდ დაშავებული მორაგბეები გამოაკლდება. მაგრამ ახლანდელი მატჩები უკვე მზადებაა შორეული მსოფლიო ჩემპიონატისთვის. ცნობილია, რომ მწვრთნელთა გუნდი შეიცვალა. ნაკრების მთავარი მწვრთნელია ტიმ ლეინი, მსოფლიოს ერთ-ერთი მოწინავე სარაგბო სახელწიფოს, ავსტრალიის, წარმომადგენელი. ითქვა, რომ გუნდი ეძებს ახალგაზრდა სპორტსმენებს და ეძებს უცხოეთშიც, სადაც არაერთი ქართველი მორაგბე თამაშობს.
საქართველოს ნაკრების ამ საიუბილეო, მეასე, თამაშის მსვლელობაზე მე ბევრს არაფერს გეტყვით. სათქმელი ისაა, ალბათ, რომ ანგარიში გახსნეს ჩეხებმა საჯარიმო დარტყმით და შემდეგ, მედგარი ბრძოლის მიუხედავად, მათ ქულა აღარ შეუძენიათ. ქართველთა უპირატესობა განსაკუთრებით მეორე ნახევარში გამოჩნდა.

(ლეინის ხმა)

ნაკრების მწვრთნელმა ტიმ ლეინმა გვითხრა, რომ არ იყო იოლი საქართველოს ნაკრებისთვის თამაში, რადგან მთავარი მოთამაშეები არ ჰყავდა, ახლად მიწვეულებისთვის კი რამდენიმე დღეში შეთამაშება ძნელია. ტიმ ლეინმა შეაქო ჩეხეთის ნაკრების თამაში და თქვა, გავიმარჯვეთ მცირე უპირატესობით, როგორც მოსალოდნელი იყოო.
დავით კაკაბაძემ ტიმ ლეინს მომავალი მატჩის შესახებაც ჰკითხა, რუსეთთან შეხვედრის თაობაზე. მთავარი მწვრთნელი ოპტიმისტურადაა განწყობილი. ის ამბობს, რომ ეს ქართველებისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი მატჩია. მისივე ინფორმაციით, რუსეთის ნაკრები კარგად ემზადება, მასაც ჰყავს ლეგიონერები. მოკლედ, ტიმ ლეინი გამარჯვებაში დარწმუნებლია.
რაც შეეხება მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებას, ნაკრების მწვრთნელი ამბობს, რომ გუნდი ახალგაზრდაა, საშუალო ასაკი 23 წელია, რაც იმას ნიშნავს, რომ სამ წელიწადში, მსოფლიო მატჩებისას, საუკეთესო ასაკში იქნება. საქართველოს ნაკრებში ის გამოყოფს ათი ნომრით მოთამაშე ლაშა მალაღურაძეს.
ლაშა მალაღურაძეს ვთხოვეთ ეამბნა, რა ურჩია მათ მწვრთნელმა წარუმატებელი პირველი ნახევრის შემდეგ, რა შეიცვალა მეორე ნახევარში, რომელიც საქართველოს ნაკრებისთვის უკვე მოგების მომტანი გახდა ამ მეასე, საიუბილეო მატჩში, ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში.
(მალაღურაძის ხმა) “ისინი უფრო მოკლედ თამაშობდნენ, შიგნით აღწევდნენ და რაც შეიძლებოდა, უნდა გაგვეშალა და უფრო გამოვიდა მეორე ტაიმში.” (სტილი დაცულია)
XS
SM
MD
LG