Accessibility links

logo-print

რუსეთი ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების წინააღმდეგ: 1999, 2004 და ახლა უკვე 2008 წლებში


საქართველოს და უკრაინისთვის “მაპ”-ის შეთავაზების მიმართ

მოსკოვის კატეგორიულად უარყოფით დამოკიდებულებაში ახალი არაფერია. ჯერ კიდევ 90-ანი წლების ბოლოს მოსკოვი მტკიცედ ეწინააღმდეგებოდა ალიანსის გაფართოებას ცენტრალურ ევროპაში, მომდევნო წლებში, კიდევ უფრო მკვეთრ პოზიციას გამოთქვამდა ნატოში ბალტიისპირეთის სახელმწიფოების მიღების წინააღმდეგ. მაგრამ მოსკოვის პროტესტი ამაო გამოდგა, რის შემდეგაც მას უკმაყოფილება არ დაუმალავს.

აპრილში, ოღონდ ოთხი წლის წინ, ნატოში ლატვიის, ლიტვის და ესტონეთის გაწევრიანების შემდეგ, პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მოსკოვში შეხვდა ალიანსის გენერალურ მდივანს და შემდეგი განცხადებაც გააკეთა: [პუტინის ხმა] “ცხოვრება ამტკიცებს, რომ ნატოს ასეთი მექანიკური გაფართოება არ გვიწყობს ხელს, ეფექტიანად გავუმკლავდეთ დღევანდელი დღის მთავარ საფრთხეებს. ამ გაფართოებამ თავიდან ვერ აგვაცილა ვერც ტერაქტები მადრიდში და ვერ დაგვეხმარა ვერც იმ პრობლემების მოგვარებაში, ავღანეთში აღდგენით სამუშაოებს რომ უკავშირდება”.

სამაგიეროდ, ნატოს გაფართოების შედეგად, ბალტიის სახელმწიფოებმა თავი დააღწიეს რუსეთის გავლენის სფეროს. ტალინელი ექსპერტი ანდრეს კასეკამპი დღევანდელ ვითარებასთან აშკარა პარალელებს ხედავს: [კასეკამპის ხმა] “ნატოს რეაქცია ბალტიისპირეთში ნატოს გაფართოებაზე ძალიან ჰგავს რეაქციას, რომელსაც დღეს ვხედავთ, როცა ლაპარაკია გაწევრიანების სამოქმედო გეგმის საქართველოსა და უკრაინაზე განვრცობის შესახებ. ჩვენი შეფასებით, საქმე ეხება, როგორც ჩანს ისეთივე ბლეფს, როგორსაც სულ იყენებენ საგარეო პოლიტიკაში, რათა დასავლეთი დააშინონ. ამან, საბედნიეროდ, არ იმუშავა ბალტიისპირეთის სახელმწიფოების შემთხვევაში, მაგრამ ჯერ კიდევ საკმაოდ ეფექტიანად მუშაობს ჩვენს ზოგ დასავლელ მეზობელთან მიმართებით”.

ახლა უფრო კონკრეტულად პარალელების შესახებ. ესტონელი პოლიტოლოგი იხსენებს მუქარას, რომელსაც ნატოში ბალტიისპირეთის სახელმწიფოების გაწევრიანების წინ გამოთქვამდნენ რუსეთში. [კასეკამპის ხმა] “იყო განცხადებები ექსტრემისტი პოლიტიკოსებისა, როგორიც არის, ვთქვათ, ვლადიმირ ჟირინოვსკი, რომელიც ათასგვარ სიგიჟეს ამბობდა. იყო კომენტარები, როგორიც ახლაც ხშირად ისმის: რომ რუსეთი რაკეტებს დაუმიზნებს ბალტიის სახელმწიფოებს, ან კალინინგრადის მილიტარიზაციას განახორციელებს, გაზრდის ჯარისკაცების რიცხვს, ან გამოეთიშება ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შესახებ ხელშეკრულებას - რაც, რასაკვირველია, უკვე გააკეთეს”.

მოსკოვის მუქარა თანდათან შენელდა ნატოში ბალტიისპირელების სრულუფლებიან წევრებად მიღების შემდეგ. თუმცა ეს, ბუნებრივია, არ იძლევა არანაირ გარანტიას, რომ იგივე მოხდება საქართველოს და უკრიანის შემთხვევაში.

[ლუკიანოვის ხმა] “ვიცი, რომ ევროპაში არის ასეთი შეხედულება, რომ რუსეთი ყოველთვის იყო წინააღმდეგი: რუსეთი იყო პოლონეთის, უნგრეთის ჩეხეთის წინააღმდეგ, მერე რუსეთი იყო ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის წინააღმდეგ, მაგრამ საბოლოო ჯამში ვერაფერს აკეთებდა და უბრალოდ, ეგუებოდა გარდაუვალს, უკვე მომხდარ ფაქტს”, ამბობს რუსი ექსპერტი ფიოდორ ლუკიანოვი, რომელსაც გაუმართლებლად მიაჩნია დასკვნა, თითქოს მოსკოვი ახლაც ისე მოიქცევა, როგორც პოლონეთის, უნგრეთისა და ჩეხეთის, შემდეგ კი ბალტიისპირეთის სახელმწიფოების ნატოში მიღების შემდეგ. ახლა სხვა ვითარებაა: ჯერ ერთი, რუსეთს მჭიდრო კულტურული, ენობრივი, ეთნიკური კავშირები აქვს უკრაინასთან, საბჭოთა კავშირის დაშლის მიუხედავად არ შეწყვეტილა არც სამხედრო ტექნოლოგიის სფეროში თანამშრომლობა. ხოლო რაც შეეხება საქართველოს - მოსკოვს, ორი სეპარატისტული რეგიონის სახით, ხელში აქვს განსაკუთრებით ძლიერი ბერკეტი.

ესეც რომ არ იყოს, დღევანდელი რუსეთი განსხვავდება ნატოს გაფართოების წინა ეტაპების პერიოდის რუსეთისაგან: [ლუკიანოვის ხმა] “საერთოდ, შედარება საკმაოდ ძნელია, რადგან რუსეთი 99 წელს, მერე - რუსეთი 2004-ში, როცა ნატოს გაფართოების მორიგი ტალღა იყო და რუსეთი 2008 წელს ცოტა განსხვავებული ქვეყნებია. ახლა რუსეთი სხვანაირადაც იქცევა, სხვა პოტენციალიც აქვს და, რაც მთავარია, ზოგადი ვითარება მსოფლიოში, რბილად რომ ითქვას, არც თუ ხელსაყრელია: და ეს არა რუსეთის პოლიტიკის გამო”.

ლუკიანოვის ამ შეფასების კონტექსტში უნდა ითქვას ის, რაც ბოლო დღეებში ბევრჯერ ითქვა: რომ დასავლეთის ზოგი ქვეყანა, უწინარეს ყოვლისა გერმანია და საფრანგეთი, ჩანს, მართლაც დიდ ანგარიშს უწევენ რუსეთის პოზიციას, ცდილობენ არ გააღიზიანონ ქვეყანა, რომელთანაც - უწინარეს ყოვლისა ენერგეტიკის სფეროში - საერთო ინტერესები აქვთ.

ესტონელი ექსპერტი ანდრეს კასეკამპიც მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ყველა აცნობიერებს რუსეთის გაძლიერების ფაქტს, თუმცა კაზეკამპის შეფასებით, მოსკოვი ბევრს ვერაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ხელი შეუშალოს ნატოში სუვერენული სახელმწიფოების გაწევრიანებას.

[კასეკამპის ხმა] “დიდად არ უნდა გვადარდებს ის, რომ რუსეთში თითქოს რაღაც ძალიან დრამატული, ან მკვეთრი ნაბიჯის გადადგმას აპირებდნენ. რადგან რუსეთის ელიტის უდიდეს ნაწილს საბანკო ანგარიშები აქვს დასავლეთში და ძალიანაც მოსწონს ფუფუნებაში ცხოვრება, რომლის საშუალებასაც ნავთობისა და გაზის რეზერვები აძლევს. ამიტომ არა მგონია, რუსეთი მართლაც დაინტერესებული იყოს ცივი ომით - მიუხედავად იმისა, რომ საჯარო განცხადებები ასეთ შთაბეჭდილებას ქმნის”.
XS
SM
MD
LG