Accessibility links

logo-print

რა არის “მეპი”?


“მეპ”-ის ისტორია 1999 წელს იწყება. ნატომ გაწევრიანების სამოქმედო გეგმა შეიმუშავა საიმისოდ,

რომ ნატოში გაწევრიანების მსურველი ქვეყნებისთვის ხელი შეეწყო ნატოს სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, შესაძლო გაწევრიანებისთვის მოსამზადებლად. ამ გზით, იმავე წელს ნატოში მიიღეს ჩეხეთი, უნგრეთი და პოლონეთი. იმავე 1999 წელს “მეპი” მიიღო 9 ქვეყანამ: ალბანეთმა, ბულგარეთმა, ესტონეთმა, ლატვიამ, ლიტვამ, მაკედონიამ, რუმინეთმა, სლოვაკეთმა და სლოვენიამ. მათგან ორის, ალბანეთის და მაკედონიის გარდა, ყველა გაწევრიანდა ალიანსში - 2004 წელს.

ნატოს ვებსაიტზე როგორც ვკითხულობთ, “მეპი” არის “რჩევის, დახმარებისა და პრაქტიკული მხარდაჭერის პროგრამა” იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც ნატოში გაწევრიანება სურთ. მაგრამ რას ნიშნავს “მეპი” მისი მონაწილე ქვეყნებისთვის? ამ საკითხს, “მეპში” საქართველოს გაწევრიანების სურვილზე საუბრისას, ბევრჯერ შევხებივართ, მაგრამ ახლა უფრო ზოგადად.

“მეპ”-ის განმარტებას იძლევა ალესტერ კამერონი, ლონდონში დაფუძნებული, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხთა სამეფო ინსტიტუტის ერთ-ერთი, ევროპის უსაფრთხოების პროგრამის დირექტორი. [კამერონის ხმა] “მეპი არის წყება კრიტერიუმებისა, რომლებიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს, რათა აჩვენოს პროგრესი, მიღწეული სამხედრო რეფორმების პროცესში, ისევე როგორც ზოგადი დემოკრატიული და პოლიტიკური განვითარების პროცესში. ზოგადად რომ ითქვას, სამხედრო სფეროში განხორციელებული რეფორმები (სამხედრო სფეროს - ნატოს წევრი ქვეყნების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად) შემდეგ სარგებელს მოუტანს ქვეყნის უფრო ფართო, სოციალურ და პოლიტიკურ გარემოს”.

სამხედრო სფეროში “მეპ”-ის მონაწილეებს ევალებათ - ნატოს სტანდარტების დაკმაყოფილების გარდა - შეიარაღებული ძალების დემოკრატიული კონტროლის უზრუნველყოფა. მეპის მონაწილეებს მოეთხოვებათ ასევე ნებისმიერი ეთნიკური ან ტერიტორიული უთანხმოების მოგვარება მშვიდობიანი გზით, მოეთხოვებათ ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პატივისცემა, სოციალურ სამართლიანობასა და ეკონომიკურ თავისუფლებაზე ზრუნვა. “მეპ”-ის წევრებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მათი კანონმდებლობა არ უქმნიდეს რაიმე სახის დაბრკოლებას ნატოსთან თანამშრომლობას.

[ჰანტერის ხმა] “გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიზანია ქვეყნებს მიაღებინოს ისეთი ზომები, რომელთაც არსებითი მნიშვნელობა აქვს, თუ ამ ქვეყნებს სურთ ეფექტიანად იმოქმედონ ალიანსში. ეს ნიშნავს - ხელი შეუწყონ უსაფრთხოებას, არა მარტო ისარგებლონ უსაფრთხოებით. ეს ეხება არა მარტო იმას, რასაც აკეთებენ საკუთარ საშინაო პოლიტიკასა და ეკონომიკაში, არამედ იმის ჩვენებასაც, რომ მათმა სამხედრო სფერომ გაიარა რეფორმები, რომლებიც მათ პოტენციურად სარგებლის მომტან მოკავშირეებად აქცევს”.

ამ განმარტებას იძლევა ნატოში შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი რობერტ ჰანტერი, რომელიც ამჟამად ხელმძღვანელობს ნატოს საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია “ატლანტიკური ხელშეკრულების ასოციაციას”. გასათვალისწინებელია ისიც, რომ “მეპი” ყოველი ქვეყნისთვის ცალკე მზადდება, მასზეა მორგებული, შესაბამისად ინდივიდუალური პროფილი და მოცულობა აქვს.

“მეპ”-ის ამჟამინდელი სამი წევრიდან ორი - ალბანეთი და მაკედონია - თითქმის 10 წელია მოელიან შემდეგ ნაბიჯს, ნატოში გაწევრიანებას. “მეპ”-ის მესამე წევრმა, ხორვატიამ, “მეპი” 2002 წელს მიიღო. მას, ისევე როგორც ალბანეთს, სავარაუდოდ, ახლა ბუქარესტში მიიწვევენ ნატოში უკვე გასაწევრიანებლად. რაც შეეხება მაკედონიას - როგორც ადრეც გვითქვამს, მისი სახელწოდების გარშემო საბერძნეთთან უთანხმოების გამო, ეს ქვეყანა შესაძლოა კვლავაც “მეპ”-ის ამარა დარჩეს.

ამასობაში, ყოფილი იუგოსლავიის კიდევ ორმა წევრმა გამოთქვა “მეპ”-ის მიღების სურვილი: ბოსნია-ჰერცეგოვინამ და ჩერნოგორიამ. თუმცა, არ არის მოსალოდნელი, მათ ეს სურვილი ახლა, ბუქარესტში აუსრულდეთ - განსხვავებით უკრაინისა და საქართველოსაგან, რომლებისთვისაც “მეპ”-ის მიცემის საკითხი, როგორც ჩანს, სამიტზევე, ასე ვთქვათ, ბოლო მომენტში გადაწყდება.

როგორც ექსპერტი ალსეტერ კამერონი აღნიშნავს, ნატოს წევრობის საკითხზე გადაწყვეტილებებს დიდწილად განაპირობებს პოლიტიკური მოსაზრებები. [კამერონის ხმა] “მნიშვნელოვანია ორივე ასპექტი: ერთი მხრივ ნატოს წევრი ქვეყნების ინტერესი, მიიღონ გარკვეული ქვეყნები სარგებლის გამო, რომლის მოტანაც მათ შეუძლიათ და მეორე მხრივ გაწევრიანების მსურველი ქვეყნის უნარი, თავი გაართვას მისთვის დავალებული კრიტერიუმების შესრულებას. ისეთ ალიანსში, როგორიც ნატოა, თავმოყრილია 26 ქვეყანა, რომელთაგან თითოეულს თავისი პრიორიტეტეტი აქვს. ზოგმა ქვეყანამ გამოხატა ინტერესი, მაგალითად, საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების მიმართ, მაშინ როცა სხვა ქვეყნები თავს იკავებენ. და ამას ისევ პოლიტიკური მიზეზი აქვს”.

დაბოლოს, საქართველომ რომ მიიღოს კიდეც “მეპი”, გასათვალისწინებელია: ეს არ არის ნატოში გაწევრიანების გარანტია, მაგრამ ფაქტობრივად, ნატოსაკენ მიმავალ ლიანდაგებზე მყარად დადგომას ნიშნავს. აქამდე, “მეპ”-ის მონაწილე ყველა ქვეყანა ან უკვე გაწევრიანდა ალიანსში, ან კიდევ მალე გახდება მისი წევრი.
XS
SM
MD
LG