Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ ვერ ხერხდება პატიმართა სიკვდილიანობის შემცირება


იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, 2007 წლის განმავლობაში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მსჯავრდებულთა და პატიმართა სამკურნალო დაწესებულებებში ასი პატიმარი გარდაიცვალა.

პატიმართა სიკვდილიანობას გვერდი ვერ აუარა ვერც სახალხო დამცველმა, რომლის უკანასკნელ ანგარიშში მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში არსებულ მანკიერებათა მხილებას. ირკვევა, რომ შექმნილი ვითარების გაუმჯობესება ვერ მოხერხდა პატიმართა სავალდებულო სამედიცინო დაზღვევით, რომელიც 2007 წლის ნოემბრიდან სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. რატომ იხოცებიან პატიმრები საქართველოში?

იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, პატიმართა და მსჯავრდებულთა რაოდენობა 2002 წლიდან 2008 წლის იანვრამდე 8 ათასიდან 18 ათასამდე გაიზარდა. შესაბამისად, 40-დან 100-მდე გაიზარდა წლის განმავლობაში გარდაცვლილ პატიმართა რიცხვიც. სახალხო დამცველი სოზარ სუბარი ამბობს, რომ ადამიანები, რომლებიც, ჩადენილი დანაშაულის მიხედვით, სიკვდილის განაჩენს არ იმსახურებენ, უხარისხო სამედიცინო მომსახურების გამო, ფაქტობრივად, სიკვდილით ისჯებიან.

[სოზარ სუბარის ხმა] „შედიან ჯანმრთელი ახალგაზრდა ბიჭები და კვდებიან იმის გამო, რომ მათ არ მკურნალობენ, ვერ მკურნალობენ, იმიტომ რომ არავის ადარდებს მათი სოცოცხლე და ჯანმრთელობა. ეს ყველაფერი პირდაპირ იკითხება ავადმყოფობის ისტორიებში.“(სტილი დაცულია)

ავადმყოფობის ისტორიები კი, მართლაც, მძიმე წასაკითხია, თუმცა, როგორც ნანა კაკაბაძე ამბობს, წარმომადგენელი ორგანიზაციისა „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის“, პატიმართა მდგომარეობას სამედიცინო მომსახურების დაბალი დონის გარდა, მათდამი ადმინისტრაციის თანამშრომელთა დამოკიდებულებაც ამძიმებს:

[ნანა კაკაბაძის ხმა] „მითითება აქვთ, რომ რაც შეიძლება არაადამიანური იყოს დამოკიდებულება ადმინისტრაციისა პატიმრების მიმართ, რაც კიდევ უფრო გაუსაძლისს ხდის პატიმართა მდგომარეობას. აღსანიშნავია სიკვდილიანობის ძალიან მაღალი მაჩვენებელი. თავად ამბობენ, რომ საშუალოდ სამ დღეში ერთი ადამიანი იღუპება. თუმცა არსებობს ინფორმაცია, რომ სიკვდილიანობა გაცილებით უფრო მაღალია.“

მაგრამ სასჯელაღსრულების დეპარტამენტში, რომლის მონაცემებითაც, მიმდინარე წლის იანვარში მხოლოდ სამი პატიმარი გარდაიცვალა, ამ ბრალდებას უარყოფენ. იუსტიციის მინისტრი ნიკა გვარამია ამბობს, რომ, ჯანმრთელობის სავალდებულო დაზღვევისა და ახალი საპატიმროების აშენების შედეგად, პატიმრების მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა:

[ნიკა გვარამიას ხმა] „ახალი საპყრობილე აშენდა გლდანში, იქვე აშენდა ახალი საავადმყოფოც, მაგრამ, სამწუხაროდ, ის არ არის ტექნიკურად აღჭურვილი და მას სჭირდება 2 მლნ ლარი. ციხის რესპუბლიკური საავადმყოფო კი არ არის მაღალი დონის და არ შეესაბამება მაღალ მოთხოვნებს.“ (სტილი დაცულია)

სულ, ჯამში, ნიკა გვარამიას თქმით, ინფრასტრუქტურის პრობლემების გადასაჭრელად ორი წელი და 150 მილიონი ლარია საჭირო. სწორედ ეს თანხაა აუცილებელი იმისათვის, რომ ქართველმა პატიმრებმა სტანდარტით დადგენილ პირობებში მოიხადონ სასჯელი. სტანდარტი კი, როგორც ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარის მოადგილე ლალი ჩხეტია განმარტავს, ასეთია:

[ლალი ჩხეტიას ხმა] „ასეთ სტანდარტად დადგენილია 2,5-3,0 კვადრატული მეტრი, შესაბამისად, არასრულწლოვანების, ქალებისა და მამაკაცებისთვის, თუმცა რეალურად მე-5 საპყრობილეში ნახევარი კვადრატული მეტრიც კი არ არის თოთოეულ პატიმარზე.“(სტილი დაცულია)

თუმცა ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ელენე თევდორაძე ამბობს, რომ ვერც ახალი საპატიმროები და ვერც სამედიცინო დაზღვევა ჯეროვან ასახვას ვერ პოვებს პატიმართა სიკვდილიანობის დინამიკაზე, თუ, მისივე თქმით, პატიმრებისადმი დამოკიდებულება არ შეიცვალა:

[ელენე თევდორაძის ხმა] „ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოც დასანგრევია, რადგანაც იქ არ არის ისეთი პირობები, რომ ავადმყოფებს ქმედითი დახმარება გაუწიონ. პატიმრებს აქვთ სამედიცინო დაზღვევა, მაგრამ არ ხდება მათი დროული გადაყვანა შესაბამისი პროფილის საავადმყოფოებში.“

ელენე თევდორაძის თქმით, 2008 წლის ბიუჯეტიდან ფინანსდება როგორც პატიმართა სამედიცინო დაზღვევა, ასევე შენახვის თითქმის გაორმაგებული ხარჯი. თითო პატიმრის საკვებით უზრუნველყოფაზე სახელმწიფო ყოველთვიურად 80 ლარს ხარჯავს.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG