Accessibility links

logo-print

რა შედეგებით დასრულდა საქართველოს მთავრობის სიღარიბის დაძლევის 50 დღიანი პროგრამა


კვირის დასაწყისში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გამოაცხადა, რომ მთავრობის 50-დღიანი პროგრამა დასრულდა.

ამ პროგრამის ფარგლებში საქართველოს მთავრობას ის ნაბიჯები უნდა გადაედგა, რომლებიც ბიძგს მისცემდა ქვეყანაში სიღარიბის დაძლევის პროცესს. ამ პროგრამის ფარგლებში დაიწყო იაფი კრედიტების გაცემა სოფლის მეურნეობისა და ადგილობრივი წარმოების განვითარების ხელშესაწყობად. რა შედეგებით დასრულდა საქართველოს მთავრობის 50 დღიანი პროგრამა?

დაახლოებით 5 თვეა, რაც საქართველოს მთავრობამ სიღარიბის დაძლევის 50 დღიანი პროგრამა გამოაცხადა, მაგრამ მისი ათვლა, როგორც მიხეილ სააკაშვილის სიტყვებიდან ჩანს, მისი პრეზიდენტობის მეორე ვადიდან დაიწყო.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”მაშინ ჩვენ განსაკუთრებულად მნიშვნელოვნად გამოვყავით პენსიების მატება, რათა დავამარცხოთ სიღარიბე ჩვენს უფროს თაობაში, ახალი სამუშაო ადგილების ხელშეწყობა, იაფი დაკრედიტება და ქართული სოფლის დახმარება, სოფლისა, რომელიც ჩვენი ქვეყნის გული და სულია. ასე რომ, გასულ კვირაში ეს 50 დღე ამოიწურა.”(სტილი დაცულია)

ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ”ინტერპლასტის” საწარმოში სტუმრობისას გააკეთა. ეს საწარმო 50 დღიანი პროგრამის ფარგლებში იაფი კრედიტით დაფინანსდა და წარმოების გაფართოებაც შეძლო.

მიხეილ სააკაშვილმა ამ საწარმოში სტუმრობისას 50 დღიანი პროგრამის სხვა შედეგებზეც ისაუბრა - მათ შორის, პენსიების 70 ლარამდე გაზრდის შესახებ. ამ მოცულობის პენსიებს უკვე 15 აპრილიდან მიიღებს 800 ათასზე მეტი პენსიონერი. პენსიების ზრდის საწინააღმდეგო არაფერი აქვს მთავრობის 50 დღიანი პროგრამის მთავარ ოპონენტს ლადო პაპავას:

[ლადო პაპავას ხმა] ”რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს პენსიების ზრდა ხდება პაკეტში, რომელშიც მთავრობას აქვს სხვა პოპულისტური ხარჯები და ამიტომ ამ პენსიიდან მიღებული 1 ლარის მსყიდველობითი უნარი იქნება უფრო დაბალი, ვიდრე იმ 1 ლარისა, შემცირებული პენსიის დროს რომ იღებდნენ პენსიონრები.”(სტილი დაცულია)

ლადო პაპავა 50 დღიანი პროგრამის იმ ნაბიჯებზე საუბრობს, რომლებიც ინფლაციას განაპირობებს. მაგალითად კი დიზელის საწვავის დარიგებას თუ დასაქმების პროგრამას ასახელებს. მთავრობა კი აცხადებს, რომ ინფლაციის შესამცირებლად 50 დღიანი პროგრამის ფარგლებში მოხერხდა მიღება ფინანსური ხასიათის კანონებისა, რომლებიც ეროვნული ბანკის რეფორმირებასაც ითვალისწინებს.

დაიწყო იაფი კრედიტების პროგრამა და სოფლის მეურნეობის განვითარებისა თუ ადგილობრივი წარმოების სხვა კომპანიებისათვის ხელშეწყობა, ტექნიკითა თუ სხვა საშუალებებით დახმარება. ამან კი ახალი სამუშაო ადგილების წარმოქმნის პერსპექტივა შექმნა. თუმცა ეკონომიკის ექსპერტი ნიკო მჭედლიშვილი მიიჩნევს, რომ ამით მთავრობამ მხოლოდ პირველი ნაბიჯები გადადგა სიღარიბის დასაძლევად:

[ნიკო მჭედლიშვილის ხმა] ”მე მჯერა, რომ ჩვენს მთავრობას და ნებისმიერ მთავრობასაც უნდა, რომ ის სოციალური დაძაბულობა, რომელიც არსებობს, არ იყოს, მაგრამ 50 დღეში წარმოუდგენელია... უბრალოდ, ეს პატარა ნაბიჯია - რამდენიმე საწარმო გაიხსნა და რამდენიმე ათასი ადამიანი დასაქმდა. არის მხოლოდ პატარა ნაბიჯი.”(სტილი დაცულია)

50 დღეში რომ სიღარიბეს ვერ დაამარცხებდნენ, ამას მიხეილ სააკაშვილიც აღიარებს:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”რა თქმა უნდა, ილუზია არ გვქონდა და სიღარიბე 50 დღეში არ დაგვიმარცხებია და ჯერ მცირედი გზაც არ გაგვივლია, რაც უნდა გავიაროთ ამ დიდ მიზნამდე, მაგრამ ამ დღეებში მთავრობამ ძალიან მონდომებით და ნაყოფიერად იმუშავა პირველი ნაბიჯების გადასადგმელად.”(სტილი დაცულია)

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ის მომდევნო 50 დღის შემდეგ კიდევ ერთხელ ამცნობს საზოგადოებას, თუ რა გაკეთდა სიღარიბის დასამარცხებლად.
XS
SM
MD
LG