Accessibility links

logo-print

ქართული პრესა


ქართული გაზეთების პირველი გვერდების მთავარი თემა დღესაც ბუქარესტის სამიტი და გასული ერთი დღის

განმავლობაში იქ განვითარებული მოვლენებია. თუმცა, ექსპერტული დასკვნების ნაცვლად, გაზეთები ძირითადად ბუქარესტში 2 აპრილს, ეგრეთ წოდებულ გადამწყვეტ დღეს, მომხდარის აღწერით არიან დაკავებულნი. ამის პარალელურად, პრესის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა მოსკოვი და იქ ნატოს გაფართოების პერსპექტივასთან დაკავშირებით გაკეთებული არაადეკვატური განცხადებები. ამგვარ შეფასებას აძლევს სწორედ რუსი პოლიტიკოსების საჯარო კომენტარებსა თუ მოხსენებებს გაზეთი „24 საათი“. გაზეთის თანახმად, რუსული მედიის დასკვნით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის საკითხი თბილისზე მუქარის იარაღად გამოიყენოს.

რაც შეეხება სხვა თემებს, გაზეთი მკითხველს აცნობს ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის განცხადებას: „ ჩვენ კატეგორიულად უარს ვამბობთ ვაღიაროთ ჯოზეფ ქეისა და მისი დამქაშების უფლებამოსილება. ჩვენ არ გვჯერა, რომ ისინი მოქმედებენ ბადრის ნების შესაბამისად. მიუხედავად ჩვენი მრავალჯერადი მოთხოვნისა, ოჯახს აქამდე არ წარედგინა მათი უფლებამოსილების დამადასტურებელი არც ერთი წერილობითი დოკუმენტი. ჩვენ გვინდა ყველა კონფლიქტი და დავა კანონიერი გზით გადაიჭრას.”

„ რაზე ეთათბირებოდა ნინო ბურჯანაძე ბადრი პატარკაციშვილს“ - ამ სათაურით გაზეთი ”რეზონანსი” გთავაზობთ ინტერვიუს შალვა ხაჭაპურიძესთან,ინტერპოლის მიერ ძებნილი ვალერი გელბახიანის ადვოკატთან. ადვოკატის თქმით, ტელეკომპანია „იმედის“ ერთ–ერთი მეპატრონის, გოგი ჯაოშვილის, სახლიდან სპეციალურმა ოპერატიულმა დეპარტამენტმა ამოიღო ვიდეოკასეტა, რომელზეც ჩაწერილია ვალერი გელბახიანის, ნინო ბურჯანაძის, ბადრი ბიწაძისა და ბადრი პატარკაციშვილის შეხვედრა. შალვა ხაჭაპურიძე ამბობს, რომ ჩანაწერში საუბარი მიხეილ სააკაშვილის ნინო ბურჯანაძით შეცვლაზეა. „რეზონანსის“ თანახმად, ვალერი გელბახიანი უახლოეს მომავალში ამ და სხვა ჩანაწერების გამოქვეყნებას აპირებს.

გაზეთ „ახალი თაობის“ ინფორმაციით კი, 21 მაისის საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობა მაჟორიტარული წესით 60-მდე დეპუტატის გაყვანას ვარაუდობს. უმრავლესობის ამ განწყობას არ იზიარებს ოპოზიცია, რომლისთვისაც, ”ახალი თაობის” შეფასებით, თითოეული მაჟორიტარის სავარძელი ისევე ძვირფასია, როგორც უმრავლესობისთვის. ”ახალი თაობა” მსჯელობს ასევე ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიაზე და გამოთქვამს ვარაუდს, რომ მმართველი პარტიის სიაში ამჟამინდელი ლიდერებიდან ბევრი ვერ მოხვდება: „ ამბობენ, რომ სიაში აღარ იქნებიან მაია ნადირაძე და გიგა ბოკერია. ერთ–ერთი ვერსიით, გიგა ბოკერია აღმასრულებელ ხელისუფლებაში წავა და, სავარაუდოდ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გახდება.“

გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ აქვეყნებს ინტერვიუს კოსოვოს პრემიერ–მინისტრის ქართველ მრჩეველთან, ლონდა ესაძესთან. არსებობს თუ არა თუნდაც მცირე საფუძველი იმისთვის, რომ კოსოვოსა და აფხაზეთს შორის პარალელი გაივლოს? ამ შეკითხვაზე ლონდა ესაძე პასუხობს: „ კოსოვოს დამოუკიდებლობა 9 წლის მანძილზე ნაბიჯ–ნაბიჯ მიიღწეოდა. კერძოდ, ევრომ 1999 წლიდან გერმანული მარკა ჩაანაცვლა, დაფრინავდნენ საერთაშორისო ავიაკომპანიები, კოსოვოში, ფაქტობრივად, ყველა წამყვანი ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობები ფუნქციონირებდა, რომლებსაც საკონტაქტო ოფისები ერქვათ, როგორც ეს, მაგალითად, გერმანიის შემთხვევაში იყო. საკონტაქტო ოფისი უფლებამოსილი იყო ვიზაც კი გაეცა. კოსოვოს აღიარებიდან რამდენიმე საათში ოფისი საელჩოდ და საკონსულოდ გადაკეთდა. ახლა ყველაფერი ასე სწრაფად რომ ვითარდება, ეს ერთ დღეში არ მომხდარა, ამას საფუძველი 2000–2001 წლებიდან ჩაეყარა და არა მგონია, თუნდაც ამ კუთხით, აფხაზეთში რაიმე ანალოგის ძებნა შეიძლებოდეს”, - უთხრა გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკას“ კოსოვოს პრემიერ–მინისტრის მრჩეველმა ლონდა ესაძემ.
XS
SM
MD
LG