Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა


დღევანდელი ქართული პრესა ნატოს სამიტზე გუშინ მიღებული გადაწყვეტილების გაანალიზებას ცდილობს.

სათაურები ასეთია: ” ’ინტენსიური ჩართულობა’ MAP-ის სანაცვლოდ”, ”ნატომ კარი დეკემბრამდე მიგვიხურა”, ”ბუშმა პირობა ვერ შეგვისრულა”, ”პუტინის რეაქციამ არ დააყოვნა. MAP-ზე უარს კრემლის მიერ სეპარატისტების წახალისება მოჰყვა”.

”რეზონანსი”: ”მართალია, საქართველოს პრეზიდენტმა თავი მოიტყუა ან მოსახლეობის მოტყუება სცადა, რომ ის, რაც მოგვცეს, MAP-ზე ბევრად უკეთესია, მაგრამ მიზნად ისევ MAP-ის მიღება რჩება. ყოველ შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლებას არ განუცხადებია, რომ MAP-ი აღარ გვინდა. თავის მხრივ კი, სხეფერის განცხადებაში სწორედ ის არის ნათქვამი, რომ საქართველომ და უკრაინამ შესაძლოა მაპი სწორედ შემოდგომაზე მიიღონ. თავის მხრივ, ეს განცხადება ძალზე ზოგადია და ეჭვის საბაბს იძლევა, რომ შესაძლოა შემოდგომისთვის კიდევ რაიმე პრობლემები შეიქმნას.”

”ახალი თაობა”: ”რუსეთმა ამ მიმართულებით მართლა ბევრი იმუშავა ევროპულ ქვეყნებთან. ამის შედეგი კი გუშინ ნატოს სამიტზე ნათლად გამოჩნდა. თუმცა ამ კრახის მარტო რუსეთისთვის გადაბრალება არ ღირს, რადგანაც ამაში წვლილი ჩვენს ხელისუფლებასაც მიუძღვის. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, 7 ნოემბერი ევროპას არ დავიწყნია. საუბარია შარშანდელ შვიდ ნოემბერზე. იმ დღეს მთელმა მსოფლიომ პირდაპირი ეთერის საშუალებით ნახა, როგორ უსწორდებოდა დემოკრატი ხელისუფლება მშვიდობიან მოსახლეობას. ცრემლსადენი კვამლის ბურუსში გახვეული რუსთაველის გამზირის ნახვა საშინელება იყო. ხელისუფლება კი ამტკიცებდა, ისეთი გაზი გავუშვით, ევროპულ სტანდარტებს რომ აკმაყოფილებსო. ეტყობა, ასევე ევროპული სტანდარტები ითვალისწინებდა მიტინგის დარბევის შემდეგ აღლუმის ჩატარებას. ეს აღლუმი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ჩაატარეს.”

”24 საათი” წერს, რომ ”მას შემდეგ, რაც ალიანსის გადაწყვეტილების შესახებ გახდა ცნობილი, მოსკოვმა მოულოდნელი ნაბიჯი გადადგა - რუსეთის პრეზიდენტმა სოხუმსა და ცხინვალს წერილობით მხარდაჭერა აღუთქვა”. გაზეთი მკითხველს სამიტის გუშინდელ გადაწყვეტილებაზე ექსპერტთა მოსაზრებებსაც სთავაზობს. კახა გოგოლაშვილი: ”ძირითადი ფაქტორი, რისთვისაც დაიბლოკა საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების საკითხი, რუსეთი გახლდათ. არა მგონია, რუსეთმა ასეთი აყალმაყალის ატეხა პერმანენტულად შეძლოს. ერთადერთი, არსებობს გარკვეული შიში, რომ ეს გადავადება რუსეთს საშუალებას მისცემს, საქართველოს მიმართ გარკვეული სანქციები გაატაროს და ვითარება დაძაბოს.” დავით დარჩიაშვილი: ”თუ საქართველოში ემოციებს არ ავყვებით და რეფორმებს გავაგრძელებთ, ეს საკითხი რამდენიმე თვეში უნდა გადაწყდეს. ამ ეტაპზე შეფერხება, ძირითადად, რუსეთის აქტიურობითა და ზოგიერთი ევროპული სახელმწიფოს მიერ რუსეთისთვის ანგარიშის გაწევის ფაქტორით არის გამოწვეული.” არჩილ გეგეშიძე ფიქრობს, რომ ამ ეტაპზე MAP-ის მიუღებლობა ტრაგედია არ არის და არც განაწყენების და გაბუტვის დროა: ”პირველ რიგში, რეფორმები იმ მიმართულებით უნდა დავხვეწოთ, სადაც ყველაზე მეტი ხარვეზია. უპირველეს ყოვლისა, საუბარია სასამართლო რეფორმაზე, რომელიც უკვე ყბადაღებულ თემად იქცა. დასავლეთში, ნატოში, ჯერ კიდევ არ მიიჩნევენ, რომ საქართველომ, ამ მხრივ, საშინაო დავალება შეასრულა. ამაზე კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანია საპარლამენტო არჩევნების უზადოდ ჩატარება”, - ამბობს არჩილ გეგეშიძე, რომლის კომენტარსაც ”24 საათი” ბეჭდავს.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG